ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მინისტრობის კონკრეტულ კანდიდატურებზე, ვინაიდან ეს არის უკვე იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც პარლამენტს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარედგინება. ამდენად, ამაზე წინასწარ საუბარი დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია, გარკვეული მინისტრების მიერ პოსტის დატოვების შესახებ. მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი კობახიძის შესახებაც ისაუბრა.
„ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, მაგრამ ამაზე წინსწრებით საუბარი შესაძლოა, უპასუხისმგებლობა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ სანამ მას ყველა პროცედურის დაცვით არ დაერქმევა კანდიდატი, მანამდე ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ.
დღეებია დარჩენილი ყრილობამდე და პოლიტსაბჭოს შემდეგ სხდომამდე, როდესაც საპატიო თავმჯდომარემ, წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს კონკრეტული კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ, როდესაც სამთავრობო პროგრამით წარდგება პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მან თავისი გუნდი უნდა წარმოადგინოს. დღეიდან უკვე ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს. შესაბამისად, წინასწარ ჩვენ წინასწარ კანდიდატზე საბოლოოდ და გადაჭრით არ ვსაუბრობთ, ამ ფორმალური თუ რეალური საკითხებიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, ვინაიდან ეს არის უკვე იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც პარლამენტს როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარედგინება. ამდენად, ამაზე წინასწარ საუბარი დიდი უპასუხისმგებლობა იქნება“, - აღნიშნა მდინარაძემ.