ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩამოთვალა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ დროა მოხდეს განახლება და ახალი შემადგენლობით მთავრობამ უზრუნველყოს ახალი რეალობის მართვა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩამოთვალა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები. ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია, პერიოდულად პარტიაში არის ცვლილებები და ეს ნორმალურია, ეს ხდება კონსულტაციების გზით და ყველა რესურსის მაქსიმალური გათვალისწინებით. მან ასევე ისაუბრა როტაციის პრინციპზე და ძალიან ღირსეული არგუმენტი დაასახელა, როდესაც თქვა, რომ გუნდში არის არაერთი გამორჩეული ლიდერი და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ. დამატებით ვიტყოდი, რომ 3 წლის განმავლობაში იყო ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი და თან უკვე მეორედ - თუნდაც ევროპული სტატისტიკით ეს არის საკმაოდ კარგი პერიოდი. ნებისმიერი პრემიერისთვის. მან ასევე თქვა, რომ თვლის, რომ შეასრულა პრიორიტეტული ამოცანები. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ დროა მოხდეს განახლება და ახალი შემადგენლობით მთავრობამ უზრუნველყოს ახალი რეალობის მართვა. ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელით მუშაობს, გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, პარლამენტის როლი ქვეყნის მართვაში არის გაზრდილი და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ახალი პრემიერი, უკვე საპარლამენტო გამოცდილებით, გადადის სამუშაოდ მინისტრთა კაბინეტში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.