ჩვენი სახელისუფლებო გუნდი, „ქართული ოცნება“ არის ამ შემადგენლობით სრულ მზადყოფნაში, რომ განაგრძოს ქვეყნის განვითარება, უზრუნველყოს მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის ამოცანები, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და ირაკლი ღარიბაშვილს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ისევე, როგორც მთელი გუნდი გამოხატავს ამას, მეც მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის. მან 3 წლის განმავლობაში წარმატებით შეძლო რთული და მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება. ეს იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ეს იყო ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ეს იყო რეგიონებში გატარებული რეფორმები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განახლება. ამასთან ერთად, ბევრი ისეთი საქმე გაკეთდა, რაც ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ახსოვთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და საქმიანობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე განაგრძობს. მმართველი პარტია პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს.