9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო. პირველი შედეგებიც დეკემბერში იყო. როგორც გახსოვთ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გამომდინარეობდა ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობილი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმიდან, მივიღეთ გასულ წელს დეკემბერში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა ეთანხმებოდა ამ ინიციატივას. საჯაროდ და სხდომათა დარბაზში მხარი არ დაუჭირეს. 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მუშაობა და შედეგები უკვე დაიწყო დეკემბრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ მივყვებით იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც დამტკიცდა ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. ზუსტად იმ გრაფიკით ვმოქმედებთ და იმ ნაბიჯებით, რომელიც მასშია გაწერილი. სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიასთანაც იყო კონსულტაცია და ასე იქნა დამტკიცებული. დღეს ჩვენ შეხვედრა გვექნება სწორედ იმ სამუშაო ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ როგორც ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული ამ განხილვაში. ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფოკუსირდებით იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია, ვინაიდან იცით, რომ ცხრა ნაბიჯიდან, განსხვავებით 12 რეკომენდაციისგან, მხოლოდ ნაწილი არის ისეთი საკითხები, რომლებიც პარლანეტის კომპეტენციაა კანონშემოქმედებით ნაწილში, ხოლო დიდი ნაწილი პრაქტიკასთან არის დაკავშირებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა გვექნება, ისევე როგორც 12 ნაბიჯთან დაკავშირებით, დღესაც ეს არის ისეთი ფორმატი, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი იდეები, მოსაზრებები, პოზიციები დააფიქსიროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.