აშშ-ს საელჩოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც "რეზონანსს" საელჩოს პრესსამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ განუცხადა, მათ სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და ამ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ამერიკიდან "მაღალი რანგის სტუმრის" ვიზიტის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისი ვიზიტი იგეგმება საქართველოში. მოგვიანებით კი პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჰილარი კლინტონის ვიზიტი "არ გამორიცხა".
ამის შესახებ მან ორშაბათს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მანჯგალაძის ინფორმაციით, ჰილარი კლინტონი კავკასიურ ტურნეს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც არ არის გამორიცხული მისი საქართველოში ვიზიტი.
თუმცა, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა მანაჯგალაძემ ასეთი კომენტარი "რეზონანსთან" საუბრისას, ამას ვერ აკონკრეტებს. ამბობს, რომ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა ჰილარი კლინტონის ვიზიტის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა მან ეს კომენტარი.
"გამორიცხული მართლაც არაფერია, მათ შორის არც ჰილარი კლინტონის ვიზიტი, ზოგადად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. რაც შეეხება დაზუსტებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ და შესაბამისად მეტ კომენტარსაც ამ თემაზე ვერ გავაკეთებ. თუ გვექნება რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, აუცილებლად შეგატყობინებთ," - განუცხადა "რეზონანსს" მანჯგალძემ.
აღნიშნულ საკითხზე მანჯგალაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზეც ისაუბრა: "საქართველო და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ჩვენ შორის მაღალ დონეზე ვიზიტები ხშირად ხორციელდება. საქართველოში არაერთხელ ყოფილან ამერიკელი მაღალი რანგის სტუმრები და ამ ფორმით ვიზიტი არ არის გამორიცხული; თუმცა, როცა ზუსტი დეტალები გახდება ცნობილი, ამის შესახებ განცხადებას საჯაროდ გავაკეთებთ“.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ამერიკიდან "მაღალი რანგის სტუმრის" ვიზიტის შესახებ, თუ ვის გულისხმობდა პრეზიდენტი მაღალი რანგის სტუმარში, მანჯგალაძე ვერც ამას აკონკრეტებს და ვერც იმას, თუ რა პერიოდში იგეგმება ჰილარი კლინტონის კავკასიური ტურნე.
აშშ-ს სახმდივნის საქართველოში ვიზიტს არც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე არ გამორიცხავს. მისი თქმითაც, ვიზიტი შესაძლოა, კლინტონის კავკასიური ტურნეს ფარგლებში შედგეს.
თუმცა, როდის იწყებს ჰილარი კლინტონი ამ ტურნეს და შედის თუ არა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, სადაც ის აპირებს ჩასვლას, ამის შესახებ არც საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ზუსტი ინფორმაცია და არც ინტერნეტში მოიპოვება ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია.
როგორც ნინო კალანდაძემ ორშაბათს გამართულ ბრივფინგზე განაცხადა, დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, თუმცა ჯერ განსაზღვრული არ არის, ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას.
"ამერიკის შეეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში რიგი ვიზიტები ხორციელდება, მაგრამ ამ კონკრეტულ ვითარებაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი, თუმცა, თუ ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას, ჯერ უცნობია. ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა საკითხები დადგება დღის წესრიგში", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.