ამ სულელური აქცენტის გამო როლების არჩევანი შეზღუდული მაქვს — სოფია ვერგარა

ამ სულელური აქცენტის გამო როლების არჩევანი შეზღუდული მაქვს — სოფია ვერგარა

კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი, სოფია ვერგარა, მაყურებელმა კომედიურ ფილმებსა და სერიალებში შესრულებული როლებით გაიცნო. მისი მონაწილეობით შექმნილი ყველაზე პოპულარული პროექტი ტელეარხ ABC-ის სიტკომი თანამედროვე ოჯახია, რომელშიც ვერგარამ გლორია პრიჩეტი განასახიერა. თუმცა, ცოტა ხნის წინ მას საკუთარი სამსახიობო ნიჭის სხვა მხრივ გამოვლენის საშუალებაც მიეცა — ნეტფლიქსის ახალ სერიალში Griselda.

სერიალში, რომელიც ნამდვილი ნარკომოვაჭრის, "შავ ქვრივად" და "კოკაინის ნათლიად" წოდებული გრისელდა ბლანკოს ცხოვრებაზე გვიყვება, ვერგარა მთავარ როლს ასრულებს. მსახიობის თქმით, მსგავსი შესაძლებლობა იშვიათად ეძლევა და ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, კოლუმბიური აქცენტია.

"შესასრულებლად საინტერესო პერსონაჟების ძიებაში ვარ სულ, რადგან ამ სულელური აქცენტით მაინცდამაინც ბევრ როლს ვერ ვითამაშებ", — ეუბნება ვერგარა გამოცემა LA Times-ს, — "ვერ ვითამაშებ, მაგალითად, მეცნიერს ან როლს ფილმში შინდლერის სია. როლების არჩევანი, ასე თუ ისე, შეზღუდული მაქვს".

ამ შეზღუდვის გამო, მსახიობი შეეცადა, ნეტფლიქსის სერიალში მონაწილეობის შანსი გამოეყენებინა და თავისი ნიჭი მაქსიმალურად გამოევლინა. თუმცა, რადგან ნარკობარონესას როლი დიდად განსხვავდებოდა მის მიერ აქამდე განსახიერებული პერსონაჟებისგან, გადაწყვიტა, პროექტისთვის მოსამზადებლად სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელიც აეყვანა.

"რთული იყო, რადგან მსახიობობა არ მისწავლია", — აღნიშნავს სოფია, — "მე ჯოზე [ამერიკელი მსახიობი ჯო მანგანიელო] ვიყავი დაქორწინებული, რომელსაც კლასიკური სამსახიობო სკოლა აქვს გავლილი. მას ბევრ რამეს ვეკითხებოდი ხოლმე და მოსამზადებელ პროცესსაც ვაკვირდებოდი. სულ იმას ვფიქრობდი, ნამდვილი მსახიობები რას და როგორ აკეთებენ-მეთქი".

მასწავლებელთან გავლილი გაკვეთილების მიუხედავად, ვერგარა მაინც ღელავდა, როგორ გაართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას.

"გადაღებების დაწყების წინა ღამით მისაღებ ოთახში ვიჯექი ჩემთვის და ვფიქრობდი, რა ჯანდაბამ მაფიქრებინა, რომ ამის გაკეთება შემიძლია-მეთქი", — ჰყვება მსახიობი, — "ცხვირის პროთეზს რომ დავიმაგრებ, აღარ იფიქრებენ, რომ გლორია პრიჩეტი ლაპარაკობს-მეთქი? იტყოდნენ, თავი ვინ ჰგონიაო".

თუმცა, როგორც ჩანს, სოფია სულ ტყუილად დარდობდა — 25 იანვარს ნეტფლიქსზე გრისელდას პრემიერა შედგა და მაყურებლების აღფრთოვანებულმა გამოხმაურებამაც არ დაახანა. ვერგარა რთული როლის გათავისებისთვის შეაქეს, რაც მსახიობის წარმომავლობის დამსახურებაც ყოფილა.

"ბევრი რამ უკავშირდება ჩემს ბავშვობას და წარმომავლობას", — ამატებს მსახიობი, — "ამ ხალხს ვიცნობდი, ჩემი ძმაც მაგ საქმეში იყო. ეს განცდები ჩემთვის უცხო არ ყოფილა. ისიც მესმის, რომ ბლანკო საშინელ საქმეებს სჩადიოდა, მაგრამ სულ ასეთი არ ყოფილა. მათ ჰგონიათ, რომ ხალხისთვის კარგს აკეთებენ. ვიცი, სისულელედ ჟღერს, მაგრამ ეს მენტალიტეტი ჩემთვის ნაცნობია".