ლეგენდარული მუსიკოსი, ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი ოზი ოსბორნი ორ გამოსამშვიდობებელ შოუს გამართავს. ამის შესახებ People-ი მუსიკოსის ცოლსა და მენეჯერზე, შერონზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონცერტები ოსბორნის მშობლიურ ბირმინგემში გაიმართება.
„ტურში წასვლა მას აღარ შეუძლია. მაგრამ ორი შოუს ჩატარებას ვგეგმავთ, რადგან ოზის სურს ფანებს დაემშვიდობოს. კონცერტები მის მშობლიურ ქალაქში, ბირმინგემში გაიმართება. ოზის კვლავ არაჩვეულებრივი ხმა აქვს. ის სიმღერის გაკვეთილებს იღებდა, ვარჯიშობდა და მშვენიერ ფორმაშია. კვლავ მშვენივრად ხუმრობს, ასე რომ მისი მუსიკა რომც არ მოგწონდეთ, შეუძლებელია ოზი არ გიყვარდეთ. ეს ადამიანი მაგნიტივით გიზიდავთ“, - განაცხადა შერონმა.
თავად 75 წლის ოზის კონცერტებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
2023 წლის მარტში გრემის მფლობელმა ოსბორნმა თავისი ევროპული ტურნე გააუქმა. ამის მიზეზი ხერხემლის პრობლემები გახდა, რომელიც მუსიკოსს 2019 წლიდან, დაცემის შედეგად წარმოექმნა.