24-25 აპრილს, თბილისში, ცეკავშირის შენობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა საქართველოს სახალხო ფრონტის III ყრილობა.
ყრილობაზე დამსწრე ჟურნალისტებს არ გაკვირვებიათ განსაკუთრებული სიმკაცრე, რომელსაც შენობის შესასვლელში თბილისის პოლიციის სამმართველოს მუშაკები იჩენდნენ, რადგან ეს ბუნებრივად მოგვეჩვენა სახალხო ფრონტისა და ზოგიერთი სხვა ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების შემდეგ.
ყრილობა გახსნა სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ, ნოდარ ნათაძემ, რომელმაც, უპირველეს ყოვლისა, სთხოვა დელეგატებს, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ყველა იმ მამულიშვილისათვის „ვინც ბოლო დროს სამშობლოსთვის დაიღუპა, ან ეგონა რომ სამშობლოსათვის კვდებოდა და შეგნებულად გაწირა თავი“.
ამ სიტყვებმა ძალიან ბევრი რამ დაიტია, მათ შორის არა მარტო აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა მიმართ ბატონი ნოდარის დამოკიდებულება, არამედ მისი დამოკიდებულება 1991-1992 წლებში, ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში, „ბარიკადის ორივე მხარეს“ დაღუპულთა მიმართ.
ყრილობამ სულ რამდენიმე წუთში აირჩია სამუშაო ორგანოები: სამდივნო, ხმის დამთვლელი კომისია, სარედაქციო კომისია, მოისმინა სამანდატო კომისიის ცნობა და შეუდგა მუშაობას.
პირველი სიტყვა პოლიტიკური მოხსენებისათვის სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ნადირაშვილმა სახალხო ფრონტის თავმჯდომარეს მისცა.
ნოდარ ნათაძემ თეზისურად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებანი ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკურ ვითარებაზე: „უპირველესი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელია, მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა. საქართველოში არსებული სოციალური ინსტიტუტები თავისი არსით ჯერ კიდევ ძველ, დრომოჭმულ წყობასთან არიან დაკავშირებულნი, გვყავს გარეშე მტერი, რომლის წინააღმდეგაც ფაქტობრივად არ ვიბრძვით, ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით 50-%-თაც კი არ ვმუშაობთ. საქართველო მიისწრაფვის დემოკრატიისაკენ, რომელსაც, ორი ძირითადი პარამეტრი გააჩნია: 1) მოქალაქის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან; 2) მოქალაქის მონაწილეობა სახელმწიფოს საქმეებში, მაგრამ უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფოში ბატონობდეს კანონი შევძლებთ თუ არა ამის განხორციელებას? - უნდა შევძლოთ!“
ნოდარ ნათაძემ მკაცრად გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღსანიშნავია მისი განცხადება: „ჩვენზე რომ იყოს ეს დამოკიდებული, ჩვენ ამ სამინისტროს სათავეში დავაყენებდით სულ სხვა პიროვნებას, რადგან არ შეიძლება მართლწესრიგიხ უზრუნველყოფის საქმეს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ არ შეიძლება მომიტინგეებს ძაღლები მიუსიო“.
ამავე დროს, გამომსვლელმა ქებით მოიხსენია ქვეყნის გენერალური პროკურორი, თედო ნინიძე, როგორც „სავსებით მისაღები პიროვნება“.
რაც შეეხება ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში შექმნილ ვითარებას, ამ პრობლემათა სასიკეთოდ გადაწყვეტისათვის აუცილებელია, „ეროვნული არმიის ბრძოლისუნარიანობა აყვანილ იქნეს იმ კონდიციამდე, რასაც ამოცანის სირთულე მოითხოვს“.
სახალხო ფრონტის თავმჯდომარე არ შემოფარგლულა მხოლოდ სიტუაციის სირთულის კონსტატაციით. მისი აზრით, აფხაზეთში საჭიროა კომპეტენციათა მკაცრი გამიჯვნა ცენტრალურ და ავტონომიურ ძალაუფლებათა შორის.
აღსანიშნავია ბატონი ნოდარის მოსაზრება, რომლის თანახმად აფხაზეთში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებით ჩვენ შევძლებთ თავიდან ავირიდოთ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფალთა დიქტატი ქართული მოსახლეობის მიმართ.
„არანაკლებ რთულია ვითარებაა შიდა ქართლში. არის ინფორმაცია, რომლის თანახმად გარკვეულ სეპარატისტულ ძალებს სურთ საქართველოს ამ რეგიონში ჩამოასახლონ ე.წ. „ჩრდილოეთ ოსეთის“ მკვიდრი ოსური მოსახლეობა და ამით ხელოვნურად შეცვალონ დემოგრაფიული სიტუაცია. ეს ყოვლად დაუშვებელია და საჭიროა მკაცრი, ადმინისტრაციული ზომების მიღება“.
ყველა ამ პრობლემათა გადაწყვეტის აუცილებელი პირობაა ერთიანი, მძლავრი ეროვნული არმიის ჩამოყალიბება. არმიისა, რომელიც აგებული იქნება ერთმართველობის პრინციპზე და ბრძანებათა ერთიან სისტემაზე. გამორიცხული უნდა იყოს ე.წ. „გვერდიდან ბრძანებები“.
ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ რუსები, რომელთაც რეგულარული არმიის გაცილებით უფრო დიდი ტრადიციები აქვთ, ვიდრე ჩვენ, იყენებენ ტერმინს:“არმიის აშენება“.
ჩემი აზრით, ეს ტერმინი გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი და ზუსტია, ვიდრე არმიის „შექმნა“ ან არმიის „ჩამოყალიბება“.
დიახ, არმიას აშენებენ! აშენებენ უდიდესი რუდუნებით, რწმენითა და სიყვარულით. აშენებენ წლებისა და ათწლეულების განმავლობაში. ნებისმიერი სახელმწიფოს უდიდესი სიმდიდრე, მისი უმტკიცესი გულანია ოფიცერი. შემთხვევით არ იყო, რომ სტალინმა კატინის ტყეში 25 000 პოლონელი ოფიცერი დახვრიტა, - ამ ბოროტმა გენიამ იცოდა, რომ პოლონელთა უმნიშვნელოვანეს გენოფონდს, პოლონური სახელმწიფოებრიობის დედაბოძს სპობდა, - წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთისა (და აქედან გამომდინარე მთელი აღმოსავლეთ ევროპის) ბედი შეიძლებოდა სულ სხვაგვარად წარმართულიყო.
ქართული ეროვნული სახელმწიფოს ასაშენებლად, უპირველეს ყოვლისა, არმია უნდა ავაშენოთ! ეროვნული არმიის აშენება კი მხოლოდ ჭეშმარიტად (სულითა და ხორცით) ქართველ ოფიცერს ძალუძს.
პოლიტიკური მოხსენების ბოლოს ნოდარ ნათაძემ საკმაოდ მკვახედ მოიხსენია „სხვა პოლიტიკური პარტიები თუ პოლიტიკური დაჯგუფებები, რომელთაც ბრმად არ უნდა ვენდოთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი აზრი, ჩვენი მოსაზრება ყველა ნაბიჯზე და უნდა ავირჩიოთ სწორი გზა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მრავალი ასეთი ნაბიჯი იდგმება კიდეც ხელისუფლების მიერ. ამიტომ დღეს ქვეყანაში ნებისმიერი საბაბით დესტაბილიზაცია არის დაუშვებელი, თუმცა ქართველი ხალხი იტოვებს უფლებას, თავისი პოზიცია გამოხატოს არაოფიციალური გზითაც, თუ მის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე დაემუქრება“.
თანამომხსენებლის, ნოდარ გრიგალაშვილის გამოსვლაში იგრძნობოდა გულწრფელი მწუხარება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის გაუფასურებისა და დისკრედიტაციის გამო: „ნუთუ ყველა განხორციელებული ნატვრა ასეთი მწარეა? განა ჩვენ ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით? - ჩვენ გვსურდა ძლიერი, მდიდარი და ბედნიერი ქვეყანა. რეალურად კი გვაქვს სუსტი, ღარიბი და უბედური. ამის უმთავრესი მიზეზია პოლიტიკურ დაჯგუფებათა ბრძოლა ძალაუფლებისათვის. განსაკუთრებით დიდი ზიანი ჩვენს სამშობლოს მიაყენა „მრგვალი მაგიდის“ ორი ფრთის ბრძოლამ ძალაუფლებისათვის, რაც დეკემბერ-იანვრის ტრაგიკული სისხლისღვრის მიზეზი გახდა. ამრიგად ეს არ იყო არც „დემოკრატიული რევოლუცია“ და არც „სამხედრო გადატრიალება“, ეს იყო ძალაუფლებისათვის ბრძოლა, რომლისთვისაც „მრგვალი მაგიდის“ ორივე ფრთა პასუხისმგებელია ერისა და ისტორიის წინაშე. ასეთ ომში არ არსებობს გამარჯვებული - დავმარცხდით ყველა; დამარცხდა საქართველო!“.
ნოდარ გრიგალაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ისინი, ვინც ახალ „სახელმწიფო გადმოტრიალებაზე“ ფიქრობს, რადგან ეს იქნება შურისძიება საკუთარ სამშობლოზე, საკუთარი - ქვენა ვნებების დაკმაყოფილება ახალი, კიდევ უფრო საშინელი სისხლისღვრის გზით.
მეორე თანამომხსენებელი ყრილობაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი გახლდათ. რომან გოცირიძის გამოსვლას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, მაგრამ ბატონმა რომანმა, მისთვის ჩვეული ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებით, ისეთი საშინელი სურათი დახატა, რომ ალბათ ყველა იქ მყოფს (მათ შორის ამ სტრიქონების ავტორსაც) უნებლიედ სიცოცხლის უაზრობის გრძნობა დაეუფლა. თუმცა, დაე მკითხველმა თავად განსაჯოს:
„უახლოეს დღეებში საქართველოში იწურება მარცვლეულის უკანასკნელი მარაგი. ამერიკული ხორბლის მორიგი პარტია ფოთის ნავსადგურში შემოვა მხოლოდ 6 მაისს. მაგრამ მანამ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენი მოსახლეობა შეიძლება უპუროდ დარჩეს, ამჟამად საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იმყოფება მოსკოვში და ეხვეწება რუსეთის მთავრობას, მისცეს საქართველოს (თუნდაც უკანასკნელად) რუსეთში რამდენიმე მილიარდი მანეთის გადარიცხვის უფლება. პრემიერ მინისტრმა ჩერნომირდინმა მოიღო მოწყალება და გასცა შესაბამისი განკარგულება, მაგრამ ცენტრალური ბანკის მმართველი გერაშჩენკო, რომელიც უშუალოდ მას არ ემორჩილება. უარს აცხადებს ამ განკარგულების აღსრულებაზე. ასე რომ სიტუაცია კატასტროფულია. ასეთ მძიმე ვითარებაში არასდროს არ ვყოფილვართ ნახევარ წელიწადში კიდევ უარეს დღეში ვიქნებით, სსრკ დაიშალა და მოისპო ერთიანი ფინანსური სისტემა. ამჟამად რუსეთში ვერც ერთ მანეთს ვერ გადარიცხავ ისევე, როგორც ვერ გადარიცხავ ამერიკაში. დღემდე საქართველოს ყველა საჭირო საქონელი შემოჰქონდა გადარიცხვების მეშვეობით. ამიერიდან კი ამ გზით ვეღარაფერს შემოვიტანთ. საზღვრები ჩაიკეტა. მივიღეთ ტელეგრამა, რომელშიც ჩვენგან მოითხოვენ რუსეთსა და ყაზახეთზე გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდას. ჩვენ კი არა თუ ტრანზიტის, თვით გაზის საფასურის გადახდაც არ შეგვიძლია. ერთადერთი გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ თურქმენეთს შევეხვეწოთ გაზის საფასური ვალში ჩაგვითვალოს. ევროგაერთიანების კრედიტი ამოიწურა. ამოიწურა ყველა სხვა შესაძლებლობაც. ყოველწლიურად საქართველოს სჭირდება 500 მილიონი დოლარი ყველაზე აუცილებელი პროდუქტების შემოსატანად. ეს ჩვენთვის ფანტასტიკური ციფრია! პრივატიზაცია არ მიმდინარეობს, რადგან ყველა სფეროში და ყველა დარგში მოქმედებენ ნახევრად მაფიოზური ძალები, რომელთაც ლობისტური დაჯგუფებები ჰყავთ პარლამენტში და არაფრის დიდებით არ სურთ ქონების ხელიდან გაშვება. პრივატიზაცია რომც მოვახერხოთ, მაინც არაფერი გამოვა. რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ელმავალმშენებელი ქარხანა კერძო იქნება თუ სახელმწიფო. თუკი მაკომპლექტებელ დეტალებს ვერ მიიღებს და პროდუქციას მაინც ვერ გამოუშვებს?“.
ერთი სიტყვით, სურათი იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ სურვილი გვქონდა, ბატონი რომანისათვის გვეკითხა: „თურქმენებმა რომ ბახტრიონის აჯანყება გაგვახსენონ და გაზის საფასურის დაუყოვნებლივ გადახდა მოგვთხოვონ, მაშინ რა ვქნათ? რა წყალში ჩავცვივდეთ?“
ჩვენ ვერა და, ზოგიერთმა დელეგატმა კი გაბედა კითხვის დასმა: „რატომ ამბობდით 1989 წელს, რომ საქართველოს შეეძლო დამოუკიდებლად ეარსება?“. ამ კითხვაზე რომან გოცირიძემ ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ გამოვდიოდით 1989 წელს არსებული ეკონომიკური დონიდან. ის დონე კი სავსებით საკმარისი იყო დამოუკიდებლად არსებობისათვის“.
რომან გოცირიძესთან ეკონომიკურ საკითხებზე პაექრობისათვის არც ცოდნა გაგვაჩნდა, არც გამოცდილება, მაგრამ ელემენტარული ლოგიკის უნარით ჩვენც დაგვაჯილდოვა უფალმა, ამიტომ გავბედავ და საქართველოს ვიცე-პრემიერს კითხვას შევუბრუნებ: კი მაგრამ, ბატონო რომან, თუ კი თქვენ 1989 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე იყავით, განა თქვენთვის იმთავითვე ნათელი არ უნდა ყოფილიყო, რომ დამოუკიდებლობის შემთხვევაში (რაც არსებული ეკონომიკური კავშირების უეჭველად გადაწყვეტას გულისხმობდა) საქართველო ვერასგზით ვერ შეინარჩუნებდა 1989 წლის ეკონომიკურ დონეს?
თუმცა, ალბათ, უმჯობესია მივყვეთ ჩვენს თხრობას. ორდღიანი მუშაობის მნიშვნელოვანი შედეგი იყო 5 რეზოლუცია, რომელთა არსი მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
1) საჭიროა საქართველოს რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება, მისი მიღების დაჩქარება და ამ ახალი რედაქციის მიღებისთანავე ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მასში ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობით.
2) საქართველოს სახალხო ფრონტი მოითხოვს: საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ნაწილების გაყვანას ტექნიკურად შესაძლებელ უმოკლეს ვადაში.
3) სსფ თვლის რომ საქართველოს რესპუბლიკამ საგარეო პოლიტიკაში ორიენტაცია უნდა აიღოს დასავლეთზე, როგორც ეკონომიკურად მძლავრ, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებაზე. მისი აზრით საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი უნდა იყოს კავკასიური ერთობის პოლიტიკა, დამყარებული კავკასიის ერების ერთობლივი ინტერესების პრინციპზე.
4) საჭიროა ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა და ამ მიზნით (მათ შორის) ცხინვალის რეგიონში საქართველოს პარლამენტის წევრის მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარება.
5) მთავრობამ უზრუნველყოს უმოკლეს ვადაში მიწების მოსახლეობაზე მაქსიმალურად განაწილება და კერძო მეურნეობებისთვის ფინანსური ხელშეწყობა მათი მინიმალურად დაბეგვრისა და ხელსაყრელი კრედიტების სახით.
ყრილობამ საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ნოდარ ნათაძე. არჩეულია სახალხო ფრონტის დარბაზი, რომელშიც 20 არჩევითი წევრის გარდა, შევიდნენ რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ამით ყრილობამ მუშაობა დაამთავრა.