ევროპის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა Mars Express მარსის ეკვატორის მიმდებარედ, ზედაპირის ქვეშ, დიდძალ ყინულს მიაგნო, რომელიც თხევად მდგომარეობაში 1.5-1.7 მეტრი სიღრმის ოკეანის წარმოსაქმნელად საკმარისია. მართალია, ამ რეგიონში ყინული აქამდეც გამოუვლენიათ, თუმცა ასეთი რაოდენობის — არა.
ზონდმა წითელი პლანეტის ორბიტიდან სწორედ ყინულის შესაბამისი კვალი დააფიქსირა, ისეთი, როგორიც მარსის პოლარულ ყინულოვან საფარებს ახასიათებს. ეკვატორზე ამ გრუნტქვეშა მასის სისქე დაახლოებით 3.7 კილომეტრია. ის გამყარებული მტვრისა და ფერფლის ქერქითაა დაფარული, რომელიც ათასობით მეტრზე ვრცელდება. უნდა ითქვას, რომ თავად ყინულიც მტვრითაა "დაბინძურებული" და ასეთი სიღრმის გამო მისი მოპოვება ძნელი იქნება.
15 წლის წინ Mars Express-მა Medusae Fossae Formation-ის სახელით ცნობილი გეოლოგიური ფორმაციის მიმდებარედ უცნობი შემადგენლობის დანალექი დააფიქსირა. ეს ტერიტორია ბოლო 3 მილიარდ წელში ლავისაგან უნდა გაჩენილიყო და ვულკანურ მტვერს დაეფარა. დღეს მის თავზე მტვრის რამდენიმეკილომეტრიანი გროვებია, მაგრამ მხოლოდ ეს მატერია ავსებდა ამ ღრმა ხეობას, რომელიც მარსის ჩრდილოეთ მთიანეთისა და სამხრეთ დაბლობის შუაშია განლაგებული?
ზონდის ხელსაწყოს MARSIS მონაცემებით, ამ არეალში არსებული დანალექი ნაკლებად მკვრივია, ასევე გამჭვირვალეა, რაც სწორედ ყინულზე მიანიშნებს. თანაც, იქ რომ მხოლოდ მტვერი იყოს, საკუთარი მძიმე წონის გავლენით "დაიპრესებოდა" და ძალიან დიდ სიმკვრივეს მიაღწევდა. საინტერესო ისაა, როგორ აღმოჩნდა ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ეკვატორის სიღრმეში ამ რაოდენობის ყინული.
მარსის ეკვატორსა და მის მიმდებარე განედებზე სხვადასხვა მისიის ფარგლებში ყინულს არაერთხელ მიაგნეს. ეს მიუთითებს, რომ იქ ძველად აბსოლუტურად სხვანაირი კლიმატი იყო. შესაძლოა, ყინულის დალექვას პლანეტის ღერძის ცვალებადობასთან ჰქონდეს კავშირი. ახლა მისი დახრილობა 25 გრადუსია, მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი 10-დან 60 გრადუსამდე მერყეობდა. შედეგად, პოლუსები მზისკენ იყო მიბრუნებული, რაც ეკვატორის ზედაპირზე დიდი რაოდენობით ყინულის გაჩენას შეუწყობდა ხელს. ამ მარაგს მოგვიანებით მტვერი და ფერფლი დაფარავდა.