კოლუმბიელი ნარკობიზნესის დედოფლის, გრიზელდა ბლანკოს ოჯახი სოფია ვერგარას უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
ბლანკოს ოჯახს Netflix-ის სერიალის, „გრიზელდას“ პრემიერის შეჩერება სურს, რის გამოც „სტრიმინგ“ კომპანიასაც უჩივის.
გრიზელდას შვილი მაიკლი ამტკიცებს, რომ სერიალში გამოყენებულია მისი ინტერვიუები, რომელიც მან სრულიად სხვა პროექტისთვის მისცა.
სერიალის პრემიერა 25 იანვარს იგეგმება. მაიკლის თქმით, ინტერვიუები 2009-2022 წლების პერიოდში სხვადასხვა პროექტისთვის აქვს მიცემული, რომელიც დოკუმენტური ფილმის, სერიალის ან წიგნისთვის უნდა გამოყენებულიყო. თუმცა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პროდიუსერებმა, ვისთანაც ის წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, ამ ინტერვიუებით ვაჭრობა დაიწყეს და მასალის შეძენით Netflix-იც დაინტერესდა. თუმცა, შეთანხმების მიხედვით, Netflix-ს ინტერვიუების მასალა სერიალში არ უნდა გამოეყენებინა. მაიკლისა და მისი დედმამიშვილების ინფორმაციით კი, სერიალში „გრიზელდა“ მათი სახელი და ცხოვრების ეტაპები გამოყენებულია. მაიკლისა და მისი დედმამიშვილების მოთხოვნაა, რომ სერიალში მათი სახელები და მსგავსება გამოყენებული არ იყოს.
სერიალში სოფია ვერგარა მთავარ როლში გრიზელდას თამაშობს. გარდა ამისა, იგი სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერია, რის გამოც საჩივარი მის სახელსაც მოიცავს. თუ სერიალის პრემიერა არ დაიბლოკება, მისი ჩვენება 25 იანვარს Netflix-ზე შედგება.