ჩვენ, სენაკის მაზრაში, 1901 წელში დაბადებულ ახალგაზრდებმა, საქართველოს წითელ ლაშქარში ახლად გაწვეულებმა და დროებითი განთავისუფლებულებმა, მოვისმინეთ რა მოხსენება ამხ. ჩაკვეტაძის და ვ. თავართქილაძესი, გამოვიტანეთ შემდეგი რეზოლუცია:
1. დღეს, როდესაც დასავლეთ ევროპის კაპიტალი აწარმოებს შეტევას საერთაშორისო მუშათა კლასის წინააღმდეგ და ლამობს მუშურ-გლეხური ხელისუფლების განადგურებას, - ჩვენ ახალგაზრდები, მომავალი წითელარმიელები, სრულიად შეგნებით მივდივართ წითელ არმიაში მუშურ-გლეხური ხელისუფლების დასაცავად. მუშურ-გლეხურ საბჭოთა ხელისუფლება გვაბარებს ჩვენ თავის თავს დასაცავად გარეშე იმპერიალიზმისაგან და ჩვენ, გლეხების შვილები უსიტყვოდ მივდივართ ჩვენი ისტორიული მოვალეობის შესასრულებლად.
2. ჩვენ გაგებული გვაქვს, თუ როგორ სტანჯავდა და უბნევდა გონებას ახალგაზრდობას ნიკოლოზის მეფური მთავრობა: მეფური მთავრობისთვის ყაზარმა წარმოადგენდა გონების გამოსათაყვანებელ და დამჩლუნგებელ ადგილს, სადაც ხშირად ჰქონდა ადგილი აუწერელ ფიზიკურ დასჯას და არაადამიანურ მოპყრობას. მეფური მთავრობა ეყრდნობოდა ჯარისკაცთა შეუგნებლობაზე და სარგებლობდა რა ამ შეუგნებლობით, იყენებდა მათ, როგორც უსულო მანქანას თავისი ინტერესების განსახორციელებლად. მუდამ ტერიტორიის დასაპყრობად და მუშათა ინტერესების ჩასახრჩობად.
3. წინააღმდეგ ნიკოლოზის ყაზარმისა, წითელი ყაზარმა წარმოადგენს სკოლას, სადაც ახალგაზრდობა იწვრთნება შეგნებულად, ვითარდება პოლიტიკურად და ხდება სრულიად შეგნებული დამცველი მუშურ-გლეხური ხელისუფლების. სწავლა-განათლება, შეგნება, - აი რაზე ეყრდნობა საბჭოთა მთავრობა.
4. ჩვენ მივდივართ ჩვენი მოვალეობის შეგნებით მუშურ-გლეხური ხელისუფლების მიერ დაკისრებულ მოვალეობის შესასრულებლად.
გაუმარჯოს საქართველოს წითელ ლაშქარს, რომელიც არის პატარა რაზმი საერთაშორისო წითელ არმიის!
გაუმარჯოს ჩვენ ძმას რუსეთის წითელ არმიას!
გაუმარჯოს წითელ არმიის ბელადებს, მტერთა თავზარდამცემ ამხ. ტროცკის და ამხ. კამენევს!
გაუმარჯოს მესამე კომინტერნს!
გაუმარჯოს დიდ ინტერნაციონალურ წითელ ლაშქარს!
აგეთივე შინაარსის რეზოლუცია იყო ყველგან გამოტანილი, თვით, როგორც ახალ გაწვეულების, აგრეთვე მშრომელ გლეხების მიერ ოზურგეთისა და ზუგდიდის მაზრებში.
ცეკას და პოლიტგანყოფილების რწმუნებული: კ. გვალია
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას