გინესის რეკორდების წიგნმა ბობის, რომელიც პორტუგალიაში ცხოვრობდა, მსოფლიოს უხუცესი ძაღლის ტიტული ჩამოართვა და ძაღლის ასაკს ამოწმებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბობი პორტუგალიური მასტიფია. ამ ჯიშის ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-14 წელია, თუმცა ძაღლის პატრონები აცხადებენ, რომ ბობი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოკვდა, 31 წლისა და 165 დღის იყო.
ჟურნალმა Wired გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ პორტუგალიის შინაური ცხოველების მონაცემთა ბაზაში ბობი ჩაწერილია როგორც 1992 დაბადებული ძაღლი. ამასთან, სააგენტოში ჟურნალისტებს განუმარტეს, რომ პატრონებმა ძაღლი 2022 წლის ივლისში დაარეგისტრირეს და მისი დაბადების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარუდგენიათ.
ვეტერინარებს ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ ბობიმ მართლაც 31 წელი იცოცხლა. ადამიანის ასაკზე გადათვლით ეს 217 წელია. ამასთან, როგორც წესი, დიდხანს პატარა ზომის ძაღლი ცხოვრობენ, რომლებსაც ზედმეტი წონა არ აწუხებთ, როგორც ეს ბობის შემთხვევაში იყო. კიდევ ერთი საეჭვო გარემოება ბობის 1999 წლით დათარიღებული ფოტოა, რომელზეც ბობის თათები ახალ ფოტოებთან შედარებით სხვა ფერისაა.
გინესის რეკორდების წიგნში განმარტავენ, რომ თუ ბობის ასაკი დადასტურდა, მას ტიტულს დაუბრუნებენ.
პორტუგალიელი ლეონელ კოსტა, რომელთანაც ბობი ცხოვრობდა აცხადებს, რომ „ვეტერინარული სამყაროს ელიტა ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ ბობის ისტორია არარეალურია“. მისი თქმით, მისი იმიტომ არ სჯერათ, რომ ის ძაღლს ადამიანის საჭმელს აძლევდა და არა სპეციალიზებულ საკვებს.
„ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, რომ მეთქვა რომ 30 წელი ძაღლს შინაური ცხოველების საკვებს ვაძლევდი“, - დარწმუნებულია კაცი.
ბობიმდე სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი ძაღლებს შორის 29 წლის ბლუის ეკუთვნოდა, რომელიც 1939 წელს დააძინეს.