12 ივნისი - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღე - ისტორიული მნიშვნელობის სახალხო ზეიმის დღეა.
პოლიტიკურად და მორალურად განუყოფელი, ერთი ნებითა და აზრით შეკავშირებული მიდის ქართველი ხალხი საარჩევნო ყუთთან, რათა აირჩიოს უმაღლესი ორგანო და სახელმწიფოს მმართველობის საჭე ჩააბაროს თავის საუკეთესო შვილებს, ლენინ-სტალინის პარტიის საქმისათვის ბოლომდე ერთგულ მებრძოლებს.
ის დიდი ენთუზიაზმი და საყოველთაო აღფრთოვანება, რომლითაც მიმდინარეობდა საარჩევნო სამზადისი, სრულ საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ კომუნისტებისა და უპარტიოების სტალინური ბლოკი საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ისეთსავე ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებს, როგორც წილად ხვდა მას სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს.
მუშებმა, კოლმეურნეებმა, საბჭოთა ინტელიგენციამ, ერთხელ კიდევ მოახდინეს რა დიდი სოციალისტური სამშობლოსათვის თავიანთი თავდადების, ლენინ-სტალინის პარტიისადმი თავიანთი განუსაზღვრელი სიყვარულის უდიდესი დემონსტრაცია, თავიანთ პირველ კანდიდატად დაასახელეს ხალხთა დიდი ბელადი, ამხანაგი სტალინი, რომელმაც შეგვიქმნა ბედნიერი, სასიხარულო და საამური ცხოვრება.
ქართველმა ხალხმა თავის რჩეულ კანდიდატად წამოაყენა დიდი სტალინის თანამებრძოლი, საბჭოთა მთავრობის მეთაური, ამხანაგი მოლოტოვი, გამოამჟღავნა რა ამით ქართველი ხალხის შეურყეველი მთლიანობა და განუყოფელობა დიდ რუს ხალხთან, საბჭოთა კავშირის ყველა ხალხთან.
ქართველი ხალხის ხსოვნაში მუდამ დაუვიწყარი იქნება დღე დიდი აღფრთოვანებისა, როცა ამხანაგმა სტალინმა და ამხანაგმა მოლოტოვმა განაცხადეს თანხმობა კენჭი იყარონ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისათვის.
ამ ორ დიდ სახელთან ერთად მთელმა ქართველმა ხალხმა თავის რჩეულ კანდიდატად წამოაყენა ჩვენი რესპუბლიკის სახელოვანი წინამძღოლი, სოციალიზმის გამარჯვებათა ორგანიზატორი საქართველოში, გამობრძმედილი სტალინელი ამხანაგი ლავრენტი ბერია.
საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულნი არიან ლენინ-სტალინის პარტიის საქმისათვის თავდადებული ადამიანები, სოციალისტური სამშობლოს საუკეთესო პატრიოტები, ჩვენი ქვეყნის მოწინავე შვილები. ეს კანდიდატები წამოყენებული არიან არა მათი წარმოშობის ან ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმის მიხედვით, თუ როგორია მათი შრომითი დამსახურება და საზოგადოებრივი ღვაწლი სოციალიზმის წინაშე.
კანდიდატთა შორის პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელებთან ერთად ჩვენ ვხედავთ ფაბრიკა-ქარხნებისა და საკოლმეურნეო ყანების სტახანოველებს, მეცნიერებისა და ხელოვნების გამოჩენილ მუშაკებს, სახელოვანი წითელი არმიის მეთაურებს და რიგითს მებრძოლებს, სოციალისტური სამშობლოს მამაც გუშაგებს და ფხიზელ შინსახკომელებს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საქართველო მოწინავე ინდუსტრიის და სოციალისტური მიწათმოქმედების ქვეყნად გადააქციეს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დიდი სამრეწველო კერებით, ციტრუსების ბაღებით, ჩაის პლანტაციებით დაამშვენეს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო წერა-კითხვის მთლიანი მცოდნეობის რესპუბლიკად გახადეს, რომლებმაც ქართველი ხალხის ხელოვნება და მეცნიერება მოწინავეთა რიგებში დააყენეს, რომლებმაც გამოიჩინეს რა სტალინური სიმტკიცე ბრძოლაში, მიწის პირისაგან აღგავეს ხალხის მოსისხლე და დაუძინებელი მტრები - ტროცკისტულ-ბუხარინული ფაშისტური გარეწრები.
ასეთია საქართველოს მოწინავე შვილთა ამაგი და ღვაწლი მშრომელი მასების და სოციალიზმის წინაშე.
საარჩევნო კრებები, რომლებზედაც მიმდინარეობდა კანდიდატთა დასახელება, გადაიქცა მუშათა კლასის, კოლმეურნე გლეხების და მშრომელი ინტელიგენციის კავშირის სიმტკიცისა და უძლეველობის საყოველთაო, სახალხო დემონსტრაციად. ამ კრებებმა ერთხელ კიდევ ცხადჰყვეს, თუ რამდენად მტკიცედ და ურყევად არის დაკავშირებული კომუნისტური პარტია მასებთან, თუ რამდენად უსაზღვროა მშრომელთა თავდადება საბჭოთა ხელისუფლებისათვის, ლენინ-სტალინის პარტიისათვის, ბოლშევიკური აგიტაციის მგზნებარე სიტყვები აცნობდა ამომრჩეველ მასებს კომუნისტთა და უპარტიოთა მიერ წამოყენებულ კანდიდატების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მათი უბრალო და მკაფიო ბიოგრაფიები, მათი ცხოვრების, შრომისა და ღვაწლის უბრალო, მაგრამ წარმტაცი ამბავი მოუთხრობს ჩვენი ქვეყნის ყველა მშრომელს, თუ რა შესანიშნავი ადამიანები აღზარდა ოქტომბრის რევოლუციამ, დიადმა ბოლშევიკურმა პარტიამ. ამ სახალხო გმირთა თავგადასავალში გამოხატულება ჰპოვა სოციალიზმისთვის ბრძოლის ამაღელვებელმა ისტორიამ.
საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთა ბიოგრაფიებში, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სტახანოველთა, მეცნიერთა და მწერალთა, ინჟენერთა და ტექნიკოსთა, პარტიულ და სამეურნეო მუშაკთა, მეთაურთა და წითელარმიელთა ბიოგრაფიებში, მმართველი ხალხის ამ სახელოვან შვილთა ბიოგრაფიებში ასახულია სოციალიზმის მშენებლობის ეტაპები, ჩვენს ქვეყანაში მომხდარი კოლოსალური ცვლილებები, ახალი სოციალისტური კულტურის უდიდესი წარმატებანი.
ყველა ერთსულოვნად მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და ხმა მივცეთ სტალინური ბლოკის კანდიდატებს - ქართველი ხალხის რჩეულ შვილებს.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას