გუშინ საქართველოში ვიზიტი დაასრულა ლეგენდარულმა ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდა ჯეიმს ბეიკერის კვალდაკვალ – მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის უზრუნველსაყოფად.
მასთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე სტროუგ ტელბოტი. მათი პროგრამები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. როგორც ჩანს, ამერიკის ისტებლიშმენტმა გადაწყვიტა, სწორედ საქართველო აქციოს პოსტსაბჭოურ სივრცეში არჩევნების დემოკრატიულობის ნიმუშად და „ლაბორატორიად“. ეს, ერთი მხრივ, თითქოს, საამაყოა, მაგრამ სინამდვილეში სავალალო უფროა, ვინაიდან, თუ ამერიკას იმედი ვერ გავუმართლეთ, ერთადერთი ზესახელმწიფოს რისხვა მთელი ძალით დაგვატყდება თავს.
ჩვენ რაღაცნაირად ვერ შევამჩნიეთ, რომ ბეიკერ-მაკკეინთა ვოიაჟების შედეგად, საქართველოში არჩევნების დემოკრატიულობა ამერიკის ღირსების საქმე გახდა და ვაი ჩვენი ბრალი, თუ ღირსება შევულახეთ - ამერიკა თავის ღირსებას თვალისჩინივით უფრთხილდება და ამას საკაცობრიო პროგრესის ინტერესებსაც უკავშირებს - პლანეტის ლიდერის ავტორიტეტი შეულახავი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორღა გაფრინდება ადამიანი მარსზე. მაშასადამე, ქართველებმა იმდენი ვქენით, რომ მოვახერხეთ: უკანასკნელი ასი წლის განმალვობაში უკვე მესამედ ვეწირებით საკაცობრიო ინტერესებს. ეს ნახევარხუმრობით. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ არც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ამერიკელი სენატორებისა და ექსპოლიტიკოსების გარშემო წინასაარჩევნოდ ოპოზიცია – ხელისუფლება ასე „ცუციკებივით“ არ დახტის-კუნტრუშებს.
ბოლოს და ბოლოს, მართლა ქვეყანა ვართ თუ „პაპუა ახალი გვინეა“, სადაც ბანანია საბრუნავი საშუალება?
ასეთი საინსპექციო ვიზიტებით თუნდაც უძლიერესი ქვეყნის დელეგაციები უზბეკეთსა და თურქმენეთში ვერ ჩავლენ.
მიზეზი გასაგებია: იქიდან, უბრალოდ, კინწისკვრით გააგდებენ ადგილობრივი რეჟიმები. მაგრამ, არც ბალტიის რესპუბლიკებსა თუ მოლდოვაში დაუშვებენ თავისი ქვეყნის ასეთ თავლაფის დასხმას, რომ „მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრივი კულტურის“ პრეტენზიის მქონე ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიულობის უზრუნველსაყოფად უცხოელები ისევე ირჯებოდნენ, როგორც საბრალო ავსტრალიელ აბორიგენთა რეზერვაციებში.
ნებისმიერი ევროპელისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას, სადაც საზოგადოებას თავად არ ძალუძს დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა განსაკუთრებული პრეტენზია არც რამეზე უნდა ჰქონდეს.
აზერბაიჯანიც კი ბევრად ღირსეულად მოიქცა, ვიდრე ჩვენი „პოლიტოკრატია“: ამერიკელთა შესაბამისი მოთხოვნების საპასუხოდ, მატერიალური დახმარება მოითხოვეს და მიიღეს კიდეც 2 მილიონი დოლარი - თქვენს ჭკუის სწავლებას რეალური დახმარება გვირჩევნია საარჩევნო კომისიების აღსაჭურვადო. მიუხედავად ამისა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს სასაყვედუროდ სიტყვაც არ დასცდენია - ასეთია დემოკრატიის ერთ-ერთი პარადოქსი: რაც უფრო მეტის პრეტენზია გაქვს, მით უფრო გახრჩობენ და გქოლავენ. თორემ თურქმენბაშისთან ან იმავე ილხამასთან ვის რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს? – ცხოვრობენ თავიანთ საფაშოებში მშვიდად და არც ვინმე უშლით ნერვებს.
სენატორმა მაკკეინმა კი აშკარად მოისურვა, საქართველოს მაგალითზე ასწავლოს დემოკრატია ყველა რესპუბლიკას და სხვის დასაშინებლად (სადაც არ უშვებენ) ჩვენ გვიმზადებს თავპირის მტვრევას.
რეალურად ის, რაც გუშინ მოხდა, მთელი ქვეყნისათვის თავლაფ დასასხმელი იყო: სენატორმა მაკკეინმა ყველა პარტიას მოუსმინა და უეჭველად ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, რომ ეს არის ქურდბაცაცების, თაღლითების, გაიძვერების ქვეყანა, სადაც ყველა პარტიას აქვს უტყუარი საბუთი მოწინააღმდეგეთა მიერ არჩევნების გაყალბებისა. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო კომპრომატების გროვით გამოთაყვანებული ამერიკელები ერთობ შეფიქრიანებულნი დაბრუნდებიან ამერიკაში და მთავარი დასკვნა, რომელსაც იქ ჩაიტანენ, სულაც არ იქნება მხოლოდ ხელისუფლებისათვის არასახარბიელო. ისინი უეჭველად იტყვიან, რომ ამ ველურ და არასტაბილურ ქვეყანასთან ამერიკას მეტი სიფრთხილე მართებს, ვინაიდან იგი პერმანენტული სამოქალაქო ომის პირობებში თუ ზღვარზე ცხოვრობს.
რაც შეეხება ყბადაღებულ არჩევნებს, უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია, დასავლეთმა თავისი პოზიცია არჩევნებამდე დააფიქსიროს და ამით ზეგავლენა მოახდინოს კენჭისყრის შედეგზე. ყველა შეფასება და სანქცია გამოითქმება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების შემდეგ.
ეს ნათლად დაადასტურეს იმ განცხადებებმა, რაც ამერიკელებმა გააკეთეს გუშინ, ყველა შეხვედრის შემდეგ. მაკკეინმა მხოლოდ ის თქვა, რომ შვიდივე მხარეს მოუსმინა და ეს ინფორმაცია პრეზიდენტს მიაწოდა. ერთადერთი შენიშვნა იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ და ისიც დაზუსტების ფორმით: ამხელა ისტორიის ქვეყანამ ამომრჩეველთა დათვლა როგორ ვერ უნდა მოახერხოთო.
ერთი სიტყვით, მომავალი არჩევნები როგორც არ უნდა ჩატარდეს, მან უკვე მიაყენა უდიდესი ზიანი საქართველოს, რადგან ჩვენი სახელოვანი პოლიტიკური ელიტის (არა მხოლოდ ხელისუფლების) ძალისხმევით, დაადასტურა დასავლეთში საქართველოს იმიჯი, როგორც „ბანანის რესპუბლიკისა“.