აშშ-ში 6 წლის ბიჭი, რომელიც მარტო მოგზაურობდა, არასწორ რეისზე აღმოჩნდა და სხვა ქალაქში გაფრინდა

აშშ-ში 6 წლის ბიჭი, რომელიც მარტო მოგზაურობდა, არასწორ რეისზე აღმოჩნდა და სხვა ქალაქში გაფრინდა

აშშ-ში, ავიაკომპანიამ Spirit Airlines 6 წლის კასპერი შემთხვევით არასწორ რეისზე დასვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბიჭი ფილადელფიიდან მარტო მოგზაურობდა. ის ფორტ მაიერსში მიფრინავდა, სადაც ბებია უნდა დახვედროდა. ბიჭმა რეგისტრაცია გაიარა, თუმცა რატომღაც აღმოჩნდა თვითმფრინავში, რომელიც ორლანდოში გაფრინდა.

როდესაც მარია რამოსმა შვილიშვილი აეროპორტში ვერ იპოვა, მას ორლანდოსკენ 320 კილომეტრის გავლა მოუწია. ავიაკომპანია ოჯახს ზარალის ანაზღაურებას სთავაზობს, თუმცა ოჯახი მათგან განმარტებებს ითხოვს.

„მინდა დამირეკონ და ამიხსნან, როგორ აღმოჩნდა ჩემი შვილიშვილი ორლანდოში? ეს როგორ მოხდა? თვითმფრინავიდან გამოიყვანეს? ნუთუ ბორტგამცილებელმა უფლება მისცა ბიჭს დაეტოვებინა თვითმფრინავი, მას შემდეგ რაც ის იქ დედამ დასვა? თვითონ აღმოჩნდა არასწორ თვითმფრინავში?“ - კითხულობს რამოსი.

Spirit Airlines-ში შეცდომას აღიარებენ და მიზეზად აეროპორტებში სადღესასწაულოდ გაზრდილ დატვირთვას ასახელებენ. ავიაკომპანიის წესდებით, 5-14 წლის ბავშვებს უფლება აქვთ იმოგზაურონ ქვეყნის შიგნით.