ის შოუმენია, წარმატებული შოუმენი. წარმატებული იმიტომაა, რომ დიდ ფულს შოულობს. არც მალავს, რომ ხელოვნებისგან ისევე შორსაა, როგორც შორენა ბეგაშვილი. ამბობს, შორენა თავის სექსუალურობით შოულობს ფულს, მე კი – ჩემი იუმორითო. არც შორენას სწყინს და თავს უკანტურებს. „მე არ ვარ წარსულით ცხოვრების მომხრე. ვთვლი, რომ არც წინაპრების მაგალითებით ცხოვრება შეიძლება. ეს ადამიანის განვითარებას უშლის ხელს“, - ამბობს ის და ნათელი ხდება, რატომ აღარ ჰქვია მას დემეტრე და როგორ იქცა თავდადებული ქართველი მეფის სახელი ოთახის ფინიას თიკუნად - დუტა.
თუმცა წარსულის აუცილებლობას ხვდება, მაგრამ ეს წარსული ისტორიული არ უნდა იყოს, რომ მის „განვითარებას არ შეუშალოს ხელი“. პირადი წარსული კი მდიდარი აქვს და კიდევ უფრო ამდიდრებს: „მსახიობისთვის მთავარი სიმდიდრე წარსული, გამოცდილება, ბიოგრაფიაა. მსახიობს ერთი კი არა, რამდენიმე ბიოგრაფია უნდა ჰქონდეს. მე თავის დროზე რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი – დურგალიც ვიყავი, მტვირთავიც და ქუჩის მუსიკოსიც. აბსოლუტურად ყველაფერი ვცადე. ერთადერთი, რაც ვერ მოვახერხე, ჯარში წასვლა იყო. ამის გამოსწორებასაც ვცდილობ. ზამთარში თეატრის მუშაობა რომ შეჩერდება, მთელი დასით ჯარში რეზერვისტად წავალ. ამით მინდა, ჩემს თეატრში გუნდური პრინციპით მუშაობა უფრო გავამყარო. ვიცი, რომ ამასაც გავქაჩავ და საკუთარ თავზე ჯარისკაცურ ცხოვრებასაც გამოვცდი. მახსოვს, როცა სკოლაში სამხედრო გაკვეთილები გვქონდა, ძალიან კარგად ვისროდი. ყოველთვის მინდოდა, დესანტი გამოვსულიყავი“.
ვერ ხვდება, რომ მისგან დესანტი უკვე გამოვიდა. ახლაც კარგად ისვრის. „თეატრში გუნდური პრინციპით მუშაობა“ იმით გაამყარა, რომ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის (მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დუტას ვაჟას ბარელიეფი შენობიდან ჩამოხსნილი) თეატრის მსახიობი, ავთო გულიაშვილი კოლეგების თვალწინ მოინადირა. დაპირისპირება თელავის თეატრის მმართველად დუტას დანიშვნისთანავე დაიწყო. თეატრის თანამშრომლები დუტა სხირტლაძეს ნეპოტიზმში, მოვალეობის შეუსრულებლობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ. მსახიობები ამბობენ, რომ დუტა უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა მათთან შეხვედრისას. დუტა პასუხობს, რომ მხოლოდ ორჯერ თქვა სიტყვა „დედაარღნიანი“:
„მე ამ სიტყვას პირდაპირ ეთერშიც გავიმეორებ. თუ ვინმეს აინტერესებს, განვუმარტავ ამ სიტყვის მნიშვნელობას, ესაა „არღანი რომ უჭირავს დედას“. ამას ნიშნავს ეს. იყო წამოძახილები შეხვედრის დროს. ჩემმა ტექნიკურმა დირექტორმა უცენზურო სიტყვები მართლაც გამოიყენა, მაგრამ ამაზე თვალი დავხუჭე. არც იმას ვმალავ, რომ ბატონ გოგი ჩაკვეტაძესთან მქონდა შეხლა-შემოხლა, მაგრამ უწმაწური სიტყვებით არ მიმიმართავს. მე, როგორც მმართველს, მაქვს უფლება, მას ხელფასი დავუკავო სამუშაოს არშესრულებისთვის. მაგაზე მეკამათებოდა, რომ რა უფლება გაქვს, ხელფასი დამიკავოო. მე ავუხსენი, რომ ხელფასის დაკავება ნიშნავს იმას, რომ გსჯი-თქო. ამაზე გაცხარდა ისიც“, - ამბობს სხირტლაძე.
კახეთში რომ გინება გაუკვირდებათ, ის, ალბათ, შორს უნდა სცილდებოდეს „დედაარღნიანის“ დეფინიციას, თუმცა ნუ დავწვრილმანდებით. რა დროს გინებაა, როცა თელავის თეატრის დასთან ამ შეხვედრისას ადამიანი გარდაიცვალა! ამ ფაქტს არც თავად დუტა უარყოფს:
„შეხვედრაზე ის კათეტერით მოვიდა. თავისი სიტყვა თქვა და დაჯდა იქვე. მასთან არანაირი საუბარი არ მქონია. მოულოდნელად ცუდად გახდა და ჩემს ხელში გარდაიცვალა. მე პაატას ამის შემდეგ დავურეკე და ველაპარაკე“, - აცხადებს დუტა სხირტლაძე. გარდაცვლილი ავთანდილ გულიაშვილი მსახიობ პაატა გულიაშვილის მამა იყო.
დუტა მხოლოდ შოუმენობით როდი ემსახურება ამ ხელისუფლებას. ისიც, მათსავით, მოურიდებლად ეუბნება კოლეგებს: „მე აქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არ მჭირდებაო“! ისიც, როგორც ნაცისტებთან „მსუბუქად“ მოთანამშრომლე „მეფისტო“, ნელ-ნელა დაემსგავსა მათ, მათი მეთოდებით შეიარაღდა და მეგობარსა და კოლეგას – პაატა გულიაშვილს მამის სიკვდილში საჩუქარი უფეშქაშა: დაჰპირდა, რომ დასის შეკრებაზე გულგახეთქილი მამის სახელს თოჯინების თეატრს მიანიჭებდა:
„მე საქმით გავცემ პასუხს... ძალიან ცუდია, რომ იმ ადამიანებთან მაქვს კონფლიქტი, რომელთა ხელშიც გავიზარდე. მე მაინც ამაყი ვარ იმით, რომ მოვახერხე, რათა ის მექანიზმი ამეწყო, რაც ადრე არ მუშაობდა. თელავში თაობა ვერ გაიზარდა კულტურულად, არადა, თეატრს აქვს ამის პასუხისმგებლობა. მომავალ თაობას უნდა შესთავაზო საბავშვო თეატრები... ავთო გულიაშვილი ხელზე დაიხვიეს. მე და ავთო გულიაშვილის შვილმა - პაატა გულიაშვილმა, გადავწყვიტეთ, მე შევთავაზე, რომ თელავის თოჯინების თეატრი გახდეს ავთო გულიაშვილის სახელობის“, - განაცხადა დუტამ.
თავის დროზე ერთობ საეჭვო ვითარებაში მოკლული ლევან სამხარაულის სახელი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიენიჭა. ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ეს ერთადერთი „უცნაური დამთხვევა“ როდი იყო: კახელებს ის ამბავიც კარგად ახსოვთ, როცა ბავშვობის წყენის გამო საკუთარმა თანაკლასელმა ჯერ სამხარაული მოკლა, შემდეგ კი ერთდროულად ორი სხვადასხვა იარაღით მოიკლა თავი! იქნებ ამან ათქმევინა დუტას, რომ „თელავში თაობა ვერ გაიზარდა კულტურულად“? მაშ, თავად დუტა რაღამ გაზარდა?
„მე პრობლემებით სავსე ბავშვობა მქონდა, თუმცა იმ წლებში ბევრი რაღაცით ვიყავი დაინტერესებული. ბავშვობაშიც კი ყველა მიმართულების, პროფესიის ინტერესი მკლავდა. სულ რაღაცას ვჩალიჩობდი, ხან ვხატავდი, ხან მუსიკას ვუკრავდი, ვმღეროდი, მაშინ ძველბიჭობაც მოდაში იყო და მეც ვძველბიჭობდი. ხან მშვილდ-ისრით დავრბოდი, ხან აკრობატი ვიყავი, კალათბურთითაც ვიყავი გატაცებული, რაგბითაც... მათემატიკა და ფიზიკა ყველაზე მეტად მიზიდავდა. „მაზიანი“ სანაძლეოებიც კარგად მახსოვს. ლექსებს, მოთხრობებს ვწერდით“.
დუტას ბედმა გაუღიმა, რომ იმ წლებში „ძველბიჭობისა“ და „მაზავშიკობის“ გამო არ იჭერდნენ. იმაშიც გაუმართლა, რომ სამტრედიის სპეცსკოლაში არავინ გაუშვა. თუმცა ახლა იგი დარწმუნებულია, რომ „საკუთარი თავი თვითონ შექმნ“» და რომ „მსახიობს საკუთარ ხელფასზე ცხოვრება შეუძლია“. მართალია, იგი მსახიობზე მეტად ბიზნესმენია, მაგრამ არ იმჩნევს და კვლავაც მსახიობობაზე დებს თავს. ყველამ იცის, რომ დუტა „ჯეოსელის“, „ჯეოსტარისა“ და ლატარიის კაცია, მას კი კვლავაც მსახიობი ჰგონია თავი, უფრო სწორად, თეატრის მმართველი და შეთავსებით – მსახიობი.
თელავის თეატრის ერთმა ხანდაზმულმა მსახიობმა გულდაწყვეტით მითხრა: „შვილო, მაგას რომ ბებიამისი და პაპამისი ხედავდნენ, მეორედ მოკვდებოდნენო“! იქნებ სწორედ ამიტომ გამწარდა ასე დასი, რომ თელავში თინა ბურბუთაშვილი და დოდიკა სხირტლაძე დღესაც ლეგენდები არიან. დუტასაც ახსოვს ისინი და მათი ხსოვნისთვის სპექტაკლის მიძღვნას აპირებს. კაბინეტშიც კი ეკიდა მათი სურათები, მაგრამ ჩამოხსნა. „შარი მომდეს, – ბებია-პაპის სურათები დაკიდაო. სამი თვე ეკიდა და ჩამოვხსენი, მაგრამ მაინც დავკიდებ, ოღონდ ისეთ ფოტოებს, როგორებიც ჩემს მახსოვრობაში დარჩნენ“.
ბებია და პაპა მახსოვრობაში ფოტოდ კი არა, ზნეობრივ მუხრუჭად რომ უნდა ჰქონდეს, ეს დუტამ არ იცის, თორემ ისე არ მოექცეოდა ადამიანებს, როგორც მოექცა. „ნაციონალური“ მეთოდებით შეიარაღებულმა ფინანსური ლაგამი ამოსდო მსახიობებს და ტექპერსონალს. ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ მათ სიმართლე გაახმაურეს.
„9 თვეა, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და 9 თეთრის საქმე არ გაუკეთებია. ყოველ თვე 700 ლარს იღებს, რაში - არ ვიცით. თეატრის მართვა საერთოდ არ იცის, თავის საქმეში ნიჭიერია, მაგრამ ამ საქმის უცოდინარია. საერთოდაც, უნიათო, უპასუხისმგებლო და არასერიოზული პიროვნებაა. ყველაფერი თავის ნებაზე მოაწყო, მცირე დარბაზი დაშალა, თეატრის ფოიეში ბარი გახსნა,“ – აცხადებდნენ თელავის თეატრის თანამშრომლები.
ისინი დუტას თელავის თეატრის ოჯახურ ბიზნესად გადაქცევაშიც სდებდნენ ბრალს. რამდენიმე წლის წინ, მისი დეიდა ლილი ბურბუთაშვილი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც რეჟისორის ცენზიც კი არ აქვს. მოგვიანებით კი მისი ბიძა (დეიდის ქმარი), ოთარ ბაღათურია მიიყვანა თეატრში, რომელიც პროფესიით მსახიობია, თუმცა ამჟამად რეჟისორის ამპლუაშია. მსახიობები აცხადებენ რომ ბაღათურიას დადგმული სპექტაკლისთვის გამოყოფილი თანხები მთლიანად რეჟისორმა აიღო. თეატრის მსახიობებს კი რამდენიმე თვის სახელფასო დავალიანება ჰქონდათ ასაღები.
დუტა გაგულისდა და ბრალდებებს ისე უპასუხა, რომ ისიც გაამჟღავნა, რაც დასის წევრებს არ უთქვამთ: „ბებიაჩემი თინა გოგოტაშვილი თელავის თეატრის სახალხო არტისტი იყო. ის პირველი ქალი მსახიობი იყო თეატრში, მამაჩემიც ამავე თეატრის მსახიობი იყო. ოთარ ბაღათურია არის ბიძაჩემი, რომელიც რეჟისორია. რა ვქნა ახლა, მთელი ჩემი სანათესაო წრე მსახიობი ან რეჟისორია და არავის დავუძახო? ჭოლა რომ ჩამეყვანა, იტყოდნენ, პედაგოგი ჩამოიყვანაო“.
ბებიის თემა უნებლიეთ მიხეილ სააკაშვილის თემას აცოცხლებს, არაბ შეიხებთან სტუმრად რომ ჩაიყვანა მადლიერმა შვილიშვილმა. დუტას შემთხვევაში ამგვარი ანალოგიები სრულიად გასაგებია. მან ხომ პრეზიდენტის ინაუგურაციების დამდგმელ ავთო ვარსიმაშვილის სამარცხვინო ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება“ სწორედ პრეზიდენტის როლი შეასრულა. შეასრულა და ისე შეისისხლხორცა, რომ სახიდან ამ ნიღბის ადღლეზა აღარაფრით გამოსდის.
დუტაც, მიშასავით, არავის უნდა, მაგრამ თეატრიდან ვერა და ვერ მოიშორეს. ამ კონფლიქტის დროს კახეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით 43,7% მიიჩნევდა, რომ დუტა სხირტლაძემ თელავის თეატრის მმართველის თანამდებობა უნდა დატოვოს, 20,1%-ს მიაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს და მხოლოდ გამოკითხულთა 22,9% ფიქრობდა, რომ დუტა სხირტლაძეს თელავის თეატრის მმართველად მუშაობა უნდა გაეგრძელებინა.
დუტაც, მიშასავით, თვითნებურად წყვეტს, უნდა იყოს თუ არა თელავის თეატრის შენობაზე ვაჟა-ფშაველას ბარელიეფი. ერთ მშვენიერ დღეს ადგა და ჩამოხსნა, ლოგოდანაც მოაშორა, მიზეზი კი ასე ახსნა: „ვაჟა-ფშაველა თვითონ არის უკვე პორტრეტი და იმის იქით ვერსად წახვალ და თელავის თეატრი ცნობადი რომ გამხდარიყო... ვაჟა-ფშაველას პორტრეტი რომ დაინახო აფიშაზე, არასოდეს არ გაგახსენდება თელავის თეატრი, ვაჟა გაგახსენდება, რადგან ვაჟა თვითონ უკვე ვაჟაა... თელავში არის ჭადარი, ჭადრის თემიდან გამომდინარე წავედით ხმელ წიფელზე და რაღაცნაირად ძირძველი ხეა და ავიღეთ ლურჯი ფერი, ანუ თელავის თეატრის ლოგოზე, ვაჟას პორტრეტის მაგივრად, არის ლურჯი ჭადარი, რომელიც მოგვაგონებს წიფელს, თორემ თელავის თეატრს ისევ ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი ჰქვია. ძალიან კარგი ხეა ლოგოზე, ხე კიდევ იმიტომ, რომ ვაჟას უყვარდა ბუნება“.
თელავში არის ჭადარი, ჭადრიდან გადავდივართ ხმელ წიფელზე, მერე კი ლურჯ ფერზე და საერთოდ, ვაჟას უყვარდა ბუნება, დუტას კი - სააკაშვილი! აქ ლოგიკას ნუ ეძებთ, ეს ოდენ ემოციებია, თანაც - არარაციონალური. დაახლოებით ისეთივე, როგორიც დუტას მიერ განსახიერებულ სტალინში (ფილმი „სტალინის ცოლი“), რომელიც სექსუალურ მანიაკად და მოძალადედ არის გამოყვანილი. ფორმულა მარტივია: მიშა კარგია, სტალინი - ცუდი! ისეთივე მარტივი, როგორც ლურჯი ხმელი წიფელი. ისეთივე, როგორც „დუტა პროდაქშნ“ - მისივე სახელობის სტუდია. ისეთივე, როგორც დუტას კაფე „თან წაიღე“ ან როგორც მისი მეუღლის „შპოონ კაფე“. ისეთივე, როგორც თელავის თეატრის მსახიობების რთველში გადაღება და 1000 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა:
„მალე თელავის თეატრის ღვინოს ჩამოვასხამთ – რქაწითელს და საფერავს, სულ წელიწადში - 1000 ბოთლს. წელს პირველი რთველი გვექნება და ჩვენს მსახიობებს გადავიღებ რთველში. კახური წესით, ჩვენი ხელით დავწურავთ, ქვევრში ჩავასხამთ და მაისში გავხსნით. ბოთლზე ეტიკეტს მივაკრავთ, რომელსაც ხელით დავნომრავთ. ღვინო თეატრის ფოიეში გაიყიდება. ღვინო ხომ კულტურაა, შესაბამისად, კულტურულ დაწესებულებაში უნდა გაიყიდოს. აი, ასე“.
ბიზნესმენია, აბა, რა არის?! ოღონდ მარცხენა ყურში საყურე აქვს, ნამდვილი ბიზნესმენებისგან განსხვავებით. მანქანაც ისეთი ჰყავს, როგორიც თვითონ არის: „რითი მგავს? სწრაფია და ყველაფერს ასწრებს. თელავში 35 წუთში ჩავდივარ. რომ დამირეკავ, სად ხარო, გეტყვი, 40 წუთში შეგხვდები-მეთქი და თელავიდან ჩამოვალ“. 2007 წელს ასეთი სწრაფი ვერ იყო. როცა მის საყვარელ ხელისუფლებას შეცვლის საფრთხე დაემუქრა, მანაც დაკარგა ხალისი. კოლეგებისა და საზოგადოების დიდი ნაწილი ბარიკადების ერთ მხარეს აღმოჩნდნენ, თვითონ კი - მეორე მხარეს. არც ბედის ნებიერობა ემეტებოდა და არც რისკის გაწევა სურდა. თუმცა მიშამ გაუმართლა და მას შემდეგ დუტაც მოფერიანდა. ახლა ზუსტად იცის, რომ ნებისმიერ ოპოზიციონერს „გაგვაუბედუროს, - უნდა!“, ამიტომ ყველა ღონეს ხმარობს, რომ სამი ხელფასი (თელავის თეატრში, „რუსთავი 2“-სა და „ჯეოსელში“) არ დაკარგოს და ბიზნესიც შეინარჩუნოს.
მომღერალმა და „ჯეოსტარის“ ერთ-ერთმა ყოფილმა წამყვანმა ანანო მჟავიამ კი ნამუსი არ შეუნახა და ყველას გააგებინა, რომ „ჯეოსტარიდან“ პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოაძევეს, ამ საქმეში კი სწორედ დუტამ ივაჟკაცა.
2011 წლის დასაწყისში მან თავის კოლეგა დუტა სხირტლაძეს გაანდო პოლიტიკური შეხედულებები, რის მერეც მას ნელ-ნელა შეუტიეს და ტელესივრციდან საერთოდ გააქრეს.
ანანო მჟავია: „2011 წელს საახალწლო ბანკეტზე ნასვამ მდგომარეობაში ვსაუბრობდით რამდენიმე ადამიანი პოლიტიკაზე. მათ შორის იყო დუტა სხირტლაძეც. მას შემდეგ, რაც დუტამ შეიტყო ჩემი პოლიტიკური შეხედულება, მითხრა, რომ ჯობდა, დავფიქრებულიყავი მომავალზე და უტაქტოდ მომმართა. წყნარი ლაპარაკი გადავიდა დაძაბულ ვითარებაში, რადგან ორივე შეზარხოშებულები ვიყავით, ვერ მოვზომეთ სიტყვები და გავლანძღეთ ერთმანეთი. ამ შემთხვევის შემდეგ დუტამ მითხრა, რომ გაგანადგურებო და, თავისი აზრით, აასრულა ნათქვამი. 2011 წლის თებერვლის შემდეგ მბლოკავენ ყველა გადაცემაში თუ სერიალში. პირად საუბრებში ყველა მეუბნება, რომ დიდ პატივს მცემს, მაგრამ... არავის არ უნდა დუტასთან დაჯახება. ყველა ერიდება მასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რადგან დუტა ცნობილია შოუბიზნესში, როგორც სახელისუფლო „ჩამშვები“. არ ვიცი, უნდა მეთქვა თუ არა ეს ყველაფერი. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. დროა, ყველამ იცოდეს სიმართლე, რათა აუხდეთ ქართული ოცნება. ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი“, - განაცხადა ანანო მჟავიამ.
ანანოს ჰგონია, რომ ეს ახალი ამბავი და აღმოჩენაა, სინამდვილეში კი ყველამ კარგად იცის, რომ დუტა სხირტლაძე ისევე შორს არის კაცობისგან, როგორც დემეტრე თავდადებული - ღალატისგან.