გერმანიაში ქართველი ემიგრანტის გურამ თავართქილაძის „მოღვაწეობა“ ციხით დამთავრდა - მას თაღლითობისთვის 4 წელი მიუსაჯეს. ახლახან გამოვიდა საპყრობილედან და გერმანიის მეზობელ ქვეყანაში გადაინაცვლა, სადაც, როგორც თავად ამბობს, თაღლითობის ახლებური მეთოდებით განაგრძობს ფულის შოვნას. ვიდრე გერმანიაში წავიდოდა, საქართველოშიც სწორედ თაღლითობისთვის გაასამართლეს, მაგრამ პირობითი მიუსაჯეს. ამიტომაც თავისი ნასამართლობა რომ დაემალა, ყალბი საბუთებით ჩავიდა ჰამბურგში და იქ ახალი მაქინაციებით ბლომად ფული უშოვია.
გურამ, რატომ აირჩიე მაინც და მაინც ჰამბურგი?
- გერმანიაში კი არა, მთელ ევროპაში ჰამბურგი ცნობილია, როგორც მილიონერებით დასახლებული ქალაქი. ამიტომაც, თუ ფულის შოვნა გინდა, მდიდრებს უნდა „დააწერო“, თორემ გაღატაკებული ხალხის მეტი საქართველოში რა იყო? ისე, ჩემი ამბები რომ მოვყვე, საქართველოს პროკურატურა არ დაინტერესდება ჩემით?
რატომ უნდა დაინტერესდეს, დანაშაული გერმანიაში ჩაიდინე და სასჯელიც ხომ მოიხადე იქ?
- კი, ეგრე იყო, მაგრამ მაინც საქართველოს უკავშირდება ჩემი მაიმუნობები... ნუ, ჯანდაბას, მოვყვები რაც იყო, ახლა მაინც სხვა პასპორტი მაქვს და ისეთ დაკარგულ ქალაქში ვცხოვრობ, მეც მიჭირს ზოგჯერ მისი მიგნება. 2 წელი უსაქმოდ ვიყიალე გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში და ბოლოს ესპანეთშიც კი ვიყავი. ისე მოხდა, მაინც გერმანიაში დავბრუნდი და ჰამბურგის პორტში დავიწყე მტვირთავად მუშაობა. ბევრს არაფერს მიხდიდნენ, მაგრამ თავი გამქონდა. იქ ერთი ქართველი გოგო გავიცანი, გერმანულ ოჯახში ბავშვს უვლიდა, ანგელოზივით გოგო იყო, ლამაზი, მაღალი, შავგვრემანი. გიჟდებოდნენ იმ გოგოზე გერმანელებიც და უცხოელებიც. ერთი იდეა მომივიდა და როცა ვუთხარი, ეგრევე დამთანხმდა.
რა იდეა იყო ეგეთი?
- საქველმოქმედო ფონდი შევქმენით, რომელიც დახმარებას უწევდა საქართველოში სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ვიცი, ბინძური საქმით ვიშოვნე ფული, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მაინც თაღლითი მქვია. გერმანიაში დროებითი ცხოვრების უფლება მქონდა და არც საქველმოქმედო ფონდის დაარსებისას მქონია პრობლემები. ოფიციალურად რეგისტრაცია გავიარე, ოროთახიანი ბინა ვიქირავე და ოფისი დავარქვი. ეს გოგო წამოვიყვანე და დავიწყეთ მუშაობა. საქართველოდან ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი მიგზავნიდა გაჭირვებული, ინვალიდი, მათხოვარი ბავშვების ფოტოებს. ზოგს თვითონ იღებდა, ზოგს კერძო ფოტოგრაფისგან ყიდულობდა. ისეთი ფოტოები იყო, მეც გული მიკვდებოდა. ამ გოგოს რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ვუყიდე, ცხადია, ისეთი, ძალიან სექსუალურად რომ გამოიყურებოდა. ეკა ერქვა ამ გოგოს. კომპიუტერზე, ჩვენი ფონდის ბლანკიან ქაღალდზე ამოვბეჭდავდით კონკრეტული მილიონერისთვის თხოვნას თუ მიმართვას, რომ ჩვენი ფონდი აგროვებდა თანხებს ქართველი ობოლი ბავშვებისთვის და დახმარებას ვთხოვდით. ოღონდ მარტო მამაკაცებს ვარჩევდით.
რატომ, გერმანელი ქალები ძუნწები იყვნენ?
- არა, მთელი ამ თამაშის შედეგი, ეკას სილამაზესა და სექსუალურობაზე მქონდა გათვლილი. ყველა მდიდარ ადამიანს, დღეში ათობით საქველმოქმედო ფონდი და ათასი გაჭირვებული აწუხებს, ეს კარგად ვიცოდი. ამიტომ, სატყუარა იყო საჭირო, ეკა ასეთი სატყუარა იყო. მთავარია, შეეღწია ამ მილიონერების ოფისში ან სახლში. სახლში მარტოხელა მამაკაცებს აკითხავდა მხოლოდ, ოფისში - სულ ერთი იყო. მივიდოდა ეს ანგელოზივით გოგო, გაეცნობოდა, მოუყვებოდა ფონდის საქმიანობას და თან იმ საცოდავებს ბავშვების ფოტოებს უჩვენებდა. 500-1000 მარკაზე არავინ ლაპარაკობდა, ეკა ფონდის საბანკო რეკვიზიტებს უტოვებდა და მოდიოდა ფული.
მაინც, რა ძალა ჰქონდა ამ ეკას, რომ ასე იოლად ითანხმებდა კაცებს ფულის გადარიცხვაზე?
- რა არის იცი? ორ ფაქტორზე მქონდა ყველაფერი გათვლილი. შენ რომ იყო მილიონერი, მოვიდეს ლამაზი გოგონა, რომელიც გეუბნება, რომ გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარე, ორი ვახშმის ფული მოიკელი, რა, მაგის დედა ვატირე და 5 ბავშვს მთელი თვე ეყოფაო, არ მისცემ იმ ფულს? შეგრცხვება უბრალოდ და მისცემ, ან სიკეთის კეთების სურვილი მოეძალება, იფიქრებ, ეს ანგელოზივით გოგო არ გავაწბილო, ასეთი კეთილი საქმისთვის მოუკიდებია ხელი და ერთი ხელის მოსმით, მისი დახმარებაც გამომივა და ბავშვებისაცო.
მეორე მომენტი ისაა რომ ყველა მეორე მამაკაცი მაინც მსუნაგია. ეკა თვალებს რომ დაუჟუჟუნებდა, მოკლე კაბაში ფეხს ფეხზე გადაიდებდა და რაღაც 1000 მარკაზე დაუწყებდა ლაპარაკს, ეგრევე წერდნენ საბანკო ჩეკებს. მერე ეკას რესტორანში ეპატიჟებოდნენ, ზოგი იახტაზე ეპატიჟებოდა და ზოგი კრუიზში. ეკა ყველასთან აბამდა მსუბუქ ფლირტს და მუდამ მის ძებნაში ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, ჩემთვის ეღალატოს და ღამე არ მოსულიყოს შინ. იცოდა, რომ საქმის ღალატი არ შეიძლებოდა.
თანხის გამოტანაზე ბანკიდან და მის მოხმარებაზე პრობლემები არა გქონიათ?
- არანაირი პრობლემა არ გვქონდა. ზოგი ანგარიშზე გვირიცხავდა თანხას, ზოგი თავის საბანკო ჩეკს გვაძლევდა, ეკას გამოჰქონდა ფული და ჩემთან მოჰქონდა. მერე იმ ფულის მოზრდილ ნაწილს ვერ დაგიკონკრეტებთ და ერთ ქვეყანაში ვრიცხავდი ბანკში, იმდენი კი გვრჩებოდა, მე და ეკას არაფერი მოგვეკლო და „გვეგულავა“ ჩვენს გემოზე. იქ მარტო 500 და 1000 მარკაზე არ იყო ლაპარაკი, 10 000 და 20 000 მარკაც გადმოურიცხავთ. ერთმა ბანკირმა გადმორიცხა ორჯერ 20-20 ათასი, ეკას მაგარი „პაკლონიკი“ იყო და იმდენი ფული ჰქონდა, სად წაეღო, არ იცოდა. ფულის გარდა ჰუმანიტარულ დახმარებებსაც გვიწევდნენ - ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საჭმელს ყიდულობდნენ, ტრაილერებით მაქვს გამოგზავნილი და გაყიდული თბილისში ეს ყველაფერი. ამითაც კარგი ფული შემომდიოდა და თბილისში ხალხსაც ვახეირებდი. საკმაოდ ბევრი რაღაც, სხვადასხვა უპატრონო ბავშვთა სახლებშიც მიუტანიათ, ოღონდ არა ჩემი სახელით, იმ კონკრეტული გერმანელების სახელით, რომლებიც ამ ყველაფერს გვჩუქნიდნენ. ასე რომ, რაღაც სიკეთე მართლა გვაქვს გაკეთებული საქართველოში. მე და ეკას რომ არ „გვეჩალიჩა“, იმ გერმანელებს სულ ფეხებზე არ ეკიდათ ქართველი ბავშვები?
თუ ასე სუფთად მუშაობდით, რატომ დაგიჭირეს?
- მარტო მე დამიჭირეს, ეკას ხელი ვერ ახლეს. ისევ ქართველმა „ჩაგვიშვა“ პოლიციაში. ვახლობლობდით ერთ ოჯახთან და რაც მე იმ ტიპის შვილებისთვის სიკეთე მიქნია, ღმერთმა ყველას მისცეს. იმ არაკაცმა კი, ზაქრო ერქვა, „ჩაგვიშვა“ და ამით გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი მიიღო. ახლაც არ ვიცი, რა იყნოსა და როდის. ისე, კი იცოდა, რომ საქველმოქმედო ფონდი გვქონდა, მაგრამ მეგონა, რომ დარწმუნებული მყავდა, რომ მართლა ქველმოქმედებას ვეწეოდით.
მე 4 წელი მომისაჯეს და ბოლომდე მოვიხადე. 158 მომჩივანი მყავდა, მაგრამ ეს ყველა არ იყო, ბევრმა უარი თქვა ჩემს საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, საკუთარ ან კომპანიის იმიჯს გაუფრთხილდნენ, ზოგმა ეკას ხათრით შეიკავა თავი.
ეკა არ დაიჭირეს?
- თავიდან ისიც დაიჭირეს, მაგრამ ყველაფერი გათვლილი გვქონდა. ეკა იძახდა, მე არაფერი ვიცი, ფონდის საქმიანობისა, მე აგენტი ვიყავი, თუ ჩეკს მომცემდნენ, ვანაღდებდი და გურამთან მიმქონდა თანხა, გადმორიცხული თანხაც მასთან მიმქონდა და მთელ თანხებს გურამი განკარგავდა. მე მეგონა, მართლა საქველმოქმედო ფონდი იყოო. თან დაფიქსირებული იყო, რომ ეკა ხელფასს იღებდა ფონდში.
დაზარალებულები არ ითხოვდნენ თავიანთი თანხის დაბრუნებას?
- ითხოვდნენ, მაგრამ საიდან უნდა დამებრუნებინა? რომ არ დავუბრუნე, 4 წელიც იმიტომ ვხეხე, თუმცა მქონდა ფული, მაგრამ ციხეში ჯდომა ვარჩიე. სამაგიეროდ, ახლა იმ დაგროვილი ფულით კარგად ვცხოვრობ, ევროპის ერთ პატარა ქალაქში ბიზნესიც მაქვს და მალე დაოჯახებასაც ვაპირებ.
ეკა რას საქმიანობს?
- ყველამ დაიჯერა, რომ ეკა მსხვერპლი იყო. ყველას ძალიან შეეცოდა და თავისი გაცურებული ხალხი სამსახურს და დახმარებას სთავაზობდა. სასამართლოზე ის ოჯახიც გამოექომაგა, სადაც ბავშვს უვლიდა, კარგი დახასიათება მისცეს. ყველაფერი მე ავიღე საკუთარ თავზე. ეკას ერთმა ჩვენმა მსხვერპლმა დააწყებინა თავის ტურისტულ ფირმაში მუშაობა, ძალიან კარგად არის, ხელფასიც მაღალი აქვს და ახლა მოქალაქეობასაც მიიღებს. როგორც ვიცი, იმ ტურისტული ფირმის პრეზიდენტზე გათხოვებასაც აპირებს, ის კაცი შტოიგერია გვარად და უგონოდაა შეყვარებული ეკაზე. მოკლედ, ჩვენი შარიანი თავგადასავალი მაინც ჰეფი-ენდით დასრულდა.