მიკ ფლინი „მანჩესტერ სიტის“ უღალატო ქომაგია. იგი გუნდს პრაქტიკულად ყველა საგარეო შეხვედრაზე მიჰყვება ხოლმე. წლეულს, 9 ნოემბერს, ფლინი 500 ინგლისელ გულშემატკივართან ერთად საქართველოს ეწვია. იმ დღეს მისი და მისი კერპის, გიო ქინქლაძის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით, შინ დაბრუნებულმა გულშემატკივარმა „მანჩესტერ სიტის“ ჟურნალში გამოაქვეყნა თბილისში გატარებული დღის მოგონებები. „სარბიელის“ მკითხველებს დღეს სწორედ მიკ ფლინის 9 ნოემბრისეულ ჩანაწერებს ვთავაზობთ.
1996 წლის 8 ნოემბერი იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ „გიო ქინქლაძის ფან-კლუბის“ ათი მანჩესტერელი წევრი საქართველო-ინგლისის მატჩზე დასასწრებად თბილისს გავემგზავრეთ. გიორგის სამშობლოში სამოგზაუროდ თითოეულმა დღიური წილი - 300 გირვანქა გავიღეთ. ჩვენი თავგადასავალი დილით, თერთმეტის ნახევარზე, პიკადილის სადგურიდან დაიწყო. თორმეტი საათის შემდეგ „გეტეიკიდან“ თბილისისკენ აიღო თვითმფრინავმა გეზი. ცხადია, გულშემატკივართა უმეტესობა ინგლისის ნაკრების გამარჯვების სანახავად მოდიოდა, ჩვენ, „სიტის“ ფანებს კი პატარა ქართველი გენიოსის ჯადოქრობის ხილვაც არანაკლებ გვაინტერესებდა.
თბილისში იქაური დროით დილის რვის ნახევარზე ჩავფრინდით და პირველი, რაც ვიხილეთ, ასორმოცდაათამდე ქართველი პოლიციელის მზერა იყო. ისინი პირქუში სახეებით და კალაშნიკოვებით იდგნენ. მიწაზე რომ ფეხი დავდგით, ალყა შემოგვარტყეს, გეგონება პატიმართა ნაკადი ჩამოუვიდათო. ნებისმიერს, ვინც აქეთ ან იქით ნაბიჯის გადადგმას თუ ფოტოს გადაღებას დააპირებდა, ზურგში მუჯლუგუნს ჰკრავდნენ. ეს ჩვენთვის ერთობ უსიამოვნო სიურპრიზი გახლდათ. ვფიქრობ, ამდენი ქომაგის სტუმრობას მიუჩვეველნი, ნაღდი საბრძოლო ოპერაციისთვის იყვნენ განწყობილნი.
როდესაც ვიზები და პასპორტები შეგვიმოწმეს, შენობიდან ყინვაში გაგვისტუმრეს. იქ ავტობუსების ცდა მოგვიხდა. შემდგომ, აეროპორტიდან ერთ-ერთ მოედნამდე მიგვიყვანეს, სადაც ჩამოგვსხეს კიდეც.
პირველი, რაც მე და მეგობრებმა მოვინდომეთ, ბარში შესვლა იყო. ჩვენს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. ქუჩის გადაღმა პატარა, კოხტა ბარი შევნიშნეთ. დახლთან ბიჭი იდგა, რომელსაც ლუდი რომ ვთხოვეთ დიახ, დიახო, გვიპასუხა ინგლისურად. მან ჩეხური ლუდი მოგვიტანა, თუმცა ერთი რამ გვეუცნაურა - ორი ერთნაირი ბოთლი ვერ ვნახეთ. აეროპორტის თავგადასავლის შემდეგ აშკარად გონს მოსვლა გვჭირდებოდა, ამიტომაც სულ ცოტა ხანში კვლავ დახლს მივადექით. ბიჭი აშკარად შეწუხებული ჩანდა. მივხვდით, ლუდი აღარ ჰქონდა. ალბათ ის ბოთლები, პირველსავე ჯერზე რომ გამოვცალეთ, საჩვენებლად ჰქონდა გამოწყობილი. სხვა რა გზა გვქონდა, შამპანურზე გადავედით. ფასის კვალობაზე (1,60 გირვანქა) არა უშავდა.
სუფთა ჰაერზე რომ გამოვედით, ორი კეთილი პოლიციელი გადაგვეყარა. ასე თუ ისე ინგლისურს ამტვრევდნენ. ქინქლაძის შესახებ ყველაფერი გამოგვკითხეს. გიო საქართველოში აშკარად ეროვნული გმირია და ამიტომაც იყო, პოლიციელი ლამის ყოველი სიტყვის შემდეგ ხელს რომ მართმევდა, მით უფრო მას მერე, რაც ქინქლაძის ფოტოიანი საფოსტო ღია ბარათი ვაჩუქე. რამდენიმე ცალი სახლიდან გამომყოლია. რა ვიცოდი, ასეთი ძვირფასი საჩუქარი თუ იქნებოდა.
უნებურად ავარიის მიზეზი გავხდი. ტანზე მგზავრობისთვის მოსახერხებელი ყვითელი ქურთუკი მეცვა. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ქართველებს ასეთი რამ არასდროს ენახათ. ერთმა მძღოლმა ჩემს დასათვალიერებლად სვლა შეანელა და ჩემსკენ, ანუ ვიღაც უცნაური ინგლისელისკენ ცქერაში წინა მანქანას დაეჯახა. ეს სერიოზული ავარია არ იყო, მაგრამ რაღაც სხვა სამყაროდან მოსულად მაგრძნობინა თავი.
შეთანხმებისამებრ მე და ჩემმა მეგობარმა გედმა ქართველ ნაცნობებს ნატალის და ნინას დავურეკეთ. ესენი ქინქლაძის მეგობრები არიან, გასულ წელს ინგლისში იყვნენ, რათა გიორგისთვის იქ მოწყობასა და ინგლისურის გაგებაში შეეწყოთ ხელი. ძალიან კარგი გოგოები არიან. მანჩესტერში ფრიად დავმეგობრდით. ნატალი და ნინა თბილისში წლის დასაწყისში დაბრუნდნენ. რომ დავურეკეთ და ვუთხარით - თბილისში ვართ, ფეხბურთზე დასასწრებად ჩამოვედითო, ძალიან გაუხარდათ. მე და გედი მათ რესპუბლიკის მოედანზე შევხვდით. მათ ნატალისთან წაგვიყვანეს, სადაც მისი ოჯახი გავიცანით. ნინამ ლუდი მოგვიტანა (კარგად გვიცნობს) და მცირე საჭმლითაც გაგვიმასპინძლდნენ. მათი ხილვა მართლაც სასიამოვნო იყო. ბოლო თვეების ამბებზე ვისაუბრეთ.
დაახლოებით ერთ საათში სხვა ბიჭებიც შეგვხვდნენ და ახლა უფრო მეტის საჭმელად და დასალევად ნინას ვესტუმრეთ. ქართველები აშკარად ძლიერ სტუმართმოყვარენი არიან. ჩვენ საუცხოოდ ვგრძნობდით თავს. შემდეგ, ნატალიმ და ნინამ თბილისი დაგვათვალიერებინეს. ფაქტია, თბილისს ვერც მსოფლიოს ულამაზეს ქალაქს უწოდებ და ვერც ყველაზე თანამედროვეს, მაგრამ ამაყია და ისტორიით მდიდარი. კომუნისტური წყობის შემდეგ ის ნელ-ნელა ითვისებს დასავლური ცხოვრების წესს. შესაძლოა იქ სიღატაკეა (ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ), მაგრამ ძირითადად დიდსულოვანი ადამიანები ცხოვრობენ. ძირითადადო, იმიტომ ვამბობ, რომ მატჩის შემდეგ ზოგიერთმა უსიამოვნება მოგვაყენა, თუმცა ამაზე მოგვიანებით...
ჩვენ ქართული ეკლესიაც გვაჩვენეს. ქართველები მეტად რელიგიური ხალხია, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და რწმენას მეტად სერიოზულად ეკიდებიან. ვფიქრობ, ისინი ზნეობით გამოირჩევიან. ბევრი ყოფილი საბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, არ ლოთობენ (არყითაც კი) და სოციალისტური ბლოკის სხვა სახელმწიფოებივით მეძავებით არ გავსებულან. ისე არ გამიგოთ, თითქოს ქალის შოვნა მეცადოს, მაგრამ ერთი-ორ ნაკომუნისტარ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს, როგორ დგანან კახპები უკლებლივ ყველგან.
თამაშის დრო ახლოვდებოდა. ჩვენ სტადიონზე უნდა წავსულიყავით, გიოს ყოფილი გუნდის, თბილისის „დინამოს“ სტადიონზე. გზაზე ერთ ბიჭს მოვკარი თვალი. გედს ვუთხარი, ნახე, მიხეილ ყაველაშვილს ჰგავს-მეთქი. ინგლისში ცნობილი ფეხბურთელი ქუჩაში მშვიდად ვერ დადგება, ხალხი უმალ შემოეხვევა და ავტოგრაფებს გამოართმევს. მეგონა შევცდი (თბილისში უამრავი ყაველაშვილისნაირი ბიჭია), მაგრამ ნატალიმ რომ დაიყვირა, მიშა, მიშაო, მივხვდი, რომ მართალი ვყოფილვარ. ნაცვლად იმისა, რომ მშობლიურ ქალაქში „სიტის“ ქომაგების ნახვით შეწუხებულიყო, მიშა ნასიამოვნები ჩანდა და ჩვენთან ფოტოც გადაიღო.
სტადიონზე შესვლა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოდგა. უამრავი ხალხი და პოლიციელი ირეოდა. ჩვენი ტრიბუნა პირდაპირ იყო, მაგრამ იქ მისასვლელად კოშმარული რიგი იდგა. ვიდექით და არ ვიცოდით, რა გვექნა. უეცრად ნაცნობი სახეები დავინახე. „შეხედეთ, ნიკ ბარმბი, რობი ფაულერი და დევიდ ჯეიმსიც აქ არიან“ - ვუთხარი ბიჭებს. მორიდებული კაცი არ ვარ, მათთან ჯიქურ მივედი და ჩვენს შორის დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა.
მე: - მიცანი, ჯეიმს? (ბოლო სეზონის ბოლო მატჩში „მეინ როუდზე“ ვნახე)
დევიდ ჯეიმსი: - „მან სიტი“, არა?
მე: - ჰო. თქვენ ჩვენ ლიგიდან გაგვაგდეთ, თქვე ნაბიჭვრებო.
ჯეიმსი: - მე კი არა, ამან (ფაულერზე მიმითითა).
რობი ფაულერი: - მე რა შუაში ვარ, იმ დღეს ოთხი თუ ხუთი გოლი ვერ გავიტანე.
მე: - ჯიგარი ხარ, რობი.
ნიკ ბარმბი: - რა ხდება თქვენს გუნდში, კოპელი მიდის?
მე: - მგონი ეგრეა (კინაღამ ჩავიფსი, მართალი არ იყოს-მეთქი).
კოპელის გადადგომის ამბავი უკანა გზაზე, უკვე ინგლისში, მატარებელში გავიგე. მობაილით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგმა ძმაკაცმა დამირეკა. არ დავუჯერე და „სიტის“ სუვენირების მაღაზიაში დავრეკე, უნიჭო ხუმრობა ხომ არ იყო-მეთქი. მითხრეს, მართალიაო. ხომ გესმით, თბილისში მოგზაურობა რა მოვლენის გამოტოვებად დამიჯდა?!
ისევ სტადიონის შესასვლელს დავუბრუნდეთ. აღმოჩნდა, რომ ინგლისის ნაკრების ეს მოთამაშეები სტადიონზე ვერ შედიოდნენ, რადგან ქართველ წესრიგის მცველებს არ სჯეროდათ, რომ ისინი ფეხბურთელები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ ინგლისის გუნდი უკვე შესული იყო და ფაულერი, ჯეიმსი და ბარმბი უბილეთო ხულიგნები ეგონათ. ნატალის წყალობით, 25-წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ ბიჭები სტადიონზე შეუშვეს.
ახლა თამაშის შესახებ. ტრიბუნის კენწეროში მოვკალათდით. საუკეთესო ადგილი სულაც არ იყო, მაგრამ ასე, უმჯობესის ძებნაში დროს აღარ დავკარგავდით. სტადიონი მართლაც შთამბეჭდავია. ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვეა, მაგრამ ატმოსფერო ნამდვილად სასიამოვნოა. მატჩი რომ დაიწყო, მივხვდი, რას ნიშნავს გიო ქინქლაძე ქართველებისთვის. როგორც კი ბურთს იღებდა, იწყებოდა ხმაური, კივილი, სტვენა. გიორგი მათთვის უძვირფასესია. ჩვენთან საუბარში ბევრმა თქვა, ნაკრებში თამაშის ღირსი ერთადერთი ის არისო.
ფეხბურთი ქართველებისთვის საგანგებო თემაა, ისინი ნამდვილი ფანატიკოსები არიან. თამაშის განმავლობაში ზოგ რამეზე ისტერიულად რეაგირებდნენ. როგორც კი ინგლისელი მოთამაშე წესს დაარღვევდა ან ვინმეს შეეჯახებოდა, ჰაერს კივილი და ღრიალი კვეთდა. მაშინაც კი, დევიდ სიმენი ბურთის მოსაგერიებლად მეკარის ბაქნიდან რომ გამოვარდებოდა (ეს წესის დარღვევა არ არის), ისინი მსაჯის ჯვარცმას ითხოვდნენ - ეგონათ, წესი ირღვეოდა. შერინგემმა გოლი რომ გაიტანა, ცოტათი მაშინ დაწყნარდნენ. დრო რომ გადიოდა, მათი სასოწარკვეთა იზრდებოდა, რწმუნდებოდნენ, რომ ასეთი პრესტიჟული და დიდი მატჩის მოსაგებად მათი გუნდი არ ვარგოდა.
თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე ქართველებმა სტვენა მორთეს. მოედანზე პლასტიკატის ბოთლების წვიმა დაიწყო. ბევრი მათგანი ინგლისელი ფანებისთვის იყო განკუთვნილი. საფინალო სასტვენისთანავე იქაურთა უკმაყოფილება აშკარა გახდა. მათ უნდოდათ ინგლისელი ბიჭებისთვის ჭკუა ესწავლებინათ, მაგრამ ეს შეუძლებელი გამოდგა. 90 წუთის განმავლობაში თამაშს ინგლისის ნაკრები აკონტროლებდა, მათ კი თითზე ჩამოსათვლელი გაბრწყინება თუ ჰქონდათ, უმეტესად ჩვენი გიორგი ქინქლაძის შექმნილი.
ინგლისელი გულშემატკივრები, მატჩის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათი ველოდით სტადიონიდან წასასვლელად მოხერხებულ მომენტს. ბოლოსდაბოლოს კი გავაღწიეთ, მაგრამ სიტუაცია მაინც ფრიად სახიფათო იყო. ზოგი ქართველი ჩხუბის მიზეზს ეძებდა. ჩვენ ბევრს ვყვიროდით და მუჯლუგუნებით გზას ვიკვლევდით, მაგრამ პასუხის გაცემა რომ მოგვესურვებინა, ალბათ, ცუდი ამბავი დატრიალდებოდა. ისე კი, ქართველები დიდად მოჩხუბრები არ არიან და ამიტომ უფრო მათმა ყეფამ შეგვაწუხა, ვიდრე კბენა შეგვაწუხებდა. ინციდენტები მალე ჩაცხრა, ირგვლივ კი ტელეკამერები იყვნენ ჩასაფრებული, ისინი ჩხუბს ელოდნენ. გაირკვა, რომ ეს ქართველების კამერები იყო და არა ინგლისელების. ამჯერად სახიფათო სიტუაცია თავიდან ავიცილეთ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ასე არ დამთავრდეს.
როგორც ადრე გითხარით, ქართველები უპირატესად ძლიერ სასიამოვნო ხალხია. ისინი, ვინც მცირე უსიამოვნება მოგვაყენა, უმცირესობა იყვნენ. იქ ყველაფერი თეთრად და შავადაა დაყოფილი. ამის კარგი მაგალითი აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. სტადიონიდან გამოსულებს დაახლოებით 200 ქართველი გვიქნევდა ხელს, მეგობრულად გვემშვიდობებოდნენ. გავიდა რამდენიმე წუთი და ავტობუსის ფანჯარაში აგური შემოვარდა. ასეა, უმრავლესობას მეგობრობა სურდა, ორიოდ იდიოტი კი მართლაც გამონაკლისს შეადგენდა.
აეროპორტში დაბრუნებულებს, ცხადია კიდევ ერთხელ შეგვხვდნენ შეიარაღებული პოლიციელები. საათნახევარი ველოდეთ თვითმფრინავის აფრენას. როგორც ჩანს, იქაურმა ხელმძღვანელებმა იცოდნენ, ინგლისმა რომ მოიგო და სანამ ზედმეტი დოლარები არ გადავუხადეთ, არ გაგვიშვეს.