ცნობილ მსახიობ ვინ დიზელს მისი ყოფილი ასისტენტი სექსუალური ძალადობისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნისთვის უჩივის. დიზელის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსახიობი ბრალდებას უარყოფს.
მოსარჩელე ასტა იონასონი ამტკიცებს, რომ 2010 წელს სასტუმროს ნომერში ვინ დიზელი მის თვალწინ მასტურბირებდა. იონასონის თქმით, დიზელმა მისი უარი არაფრად ჩააგდო და როცა ასისტენტმა იკივლა და აბაზანისკენ გაქცევა სცადა, მსახიობმა ის კედელთან მიიმწყვდია.
იონასონი მსახიობის გარდა, მის კომპანიას, One Race Productions და მის დასაც უჩივის. ის მათ დაუდევრობასა და სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებაშიც სდებს ბრალს.
მოსარჩელე ამბობს, რომ მსახიობის დამ, რომელიც დიზელის კომპანიის პრეზიდენტია, ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვა. იონასონი ზიანის ასანაზღაურებლად თითოეული ბრალდებისთვის $10,000-ს ითხოვს.
"არავინაა იმდენად გავლენიანი ან ცნობილი, რომ სამართალს გაექცეს. იმედი გვაქვს, რომ ასტას გაბედული გადაწყვეტილება, ეჩივლა, ცვლილებების დასაწყისი იქნება და მომავალში სხვა მსხვერპლებს ძალას მისცემს", — აღნიშნავს იონასონის ადვოკატი.