საქართველომ აირჩია მესამე პრეზიდენტი, რომლის ვინაობა უკვე ცნობილია. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი იქნება პირველი ნაბიჯები, რასაც ახალი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი და, მთლიანად ახალგაზრდა ხელისუფლება გადადგამს.
ზოგიერთი ცნობით, რასაც, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ადასტურებენ, პირველივე სენსაცია გახდება განცხადება სახელმწიფო კანცელარიად ცნობილი შენობის (ადრე „ცენტრალური კომიტეტი“) სხვა უწყებებისათვის გადაცემის შესახებ.
ამ ცნობათა შესაბამისად, არც პრეზიდენტი და არც სახელმწიფო მინისტრი, თავ-თავისი ადმინისტრაციების ამ შენობაში განლაგებას არ აპირებენ. შესაძლოა, იგი გადაეცეს კერძო სტრუქტურებსაც კი, რომლებიც კანცელარიას შენობებს აუშენებენ ან თავიანთ ნაგებობებს გადასცემენ. ან (მეორე ვარიანტია), ყოფილი სახელმწიფო კანცელარიის შენობა გადაეცემა ერთდროულად რამდენიმე სამინისტროს. საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მხოლოდ მცირე ხნით შევა ამ შენობაში და დაიკავებს პრეზიდენტის კაბინეტს. შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენცია სხვა შენობაში განთავსდება.
ყოფილი სახელმწიფო კანცელარიის „განსახელმწიფოებრივება“ ერთობ სიმბოლური მოვლენა იქნება, ისევე, როგორც მესრის მორღვევა ამ შენობის გარშემო. თვით ეს შენობაც, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ცენტრალური კომიტეტისათვის აშენდა, სამუშაოდ საკმაოდ მოუხერხებელია და უმძიმეს ატმოსფეროს ქმნის.
როგორც პრეზიდენტის რეზიდენცია კი, იგი უბრალოდ სამარცხვინოა. ედუარდ შევარდნაძეს სთავაზობდნენ ახალი რეზიდენციის აშენებას, მაგრამ საამისო თანხა ვერ გამოინახა.
ალბათ ახალ შენობას, არც მიხეილ სააკაშვილი ააგებს, რადგან ეს ძალიან ძვირი დაჯდება. მაგრამ არ არის გამორიცხული, საამისოდ შეირჩეს სხვა რომელიმე შენობა.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“ თავიდანვე გამორიცხეს, რადგან სააკაშვილი არავის აალაპარაკებს, რომ მან „ბავშვებს წაართვა შენობა“, იმავე მოტივით უარი თქვა ამ მართლაც შესანიშნავ შენობაზე ედუარდ შევარდნაძემაც.
კომპეტენტური წყაროები აზუსტებენ, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა, ყოფილი იუსტიციის სამინისტროც კი აირჩიოს სამუშაოდ, რომლის ინტერიერი საკმაოდ მოხერხებულია. მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის აპარატის მნიშვნელოვნად შემცირებას აპირებს.
„დილის გაზეთს“კონფიდენციალური ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან. ვვარაუდობთ, რომ სააკაშვილმა ადეიშვილი კანცელარიის შენობაში გადაბარგებაზე დაიყაბულა.
ასახელებენ აგრეთვე, სხვა შენობებსაც. ალბათ, რაღაც ცვლილებები აქ ნამდვილად იქნება, თუნდაც ეს ინფორმაციები გადაჭარბებული იყოს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური სტილიდან გამომდინარე წარმოუდგენელია, მათ ამ მხრივ ყველაფერი უცვლელად დატოვონ და მეათე-მეთერთმეტე სართულზე განლაგდნენ მუდმივად.
მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერ მინისტრის ინსტიტუციური სახეცვლილებას.
მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ამ შენობის აურა ათწლეულების განმავლობაში სერიოზულად შეირყვნა, მის ნგრევას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს, რადგან იგი არ არის ბასტილია, სადაც ტუსაღები იმყოფებოდნენ და თორმეტსართულიანი კაპიტალური შენობა (ათბალიან მიწისძვრაზე გათვლილი) კიდევ გამოადგება ქვეყანას. თუნდაც საოფისედ - კერძო სტრუქტურებისათვის.
შეიძლება გაჩნდეს აზრი, რომ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფოებრიობის სიმბოლო-შენობა, როგორიცაა საპრეზიდენტო რეზიდენციები განვითარებული დემოკრატიების ქვეყნებში, მაგრამ ნაგებობის მასშტაბს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მომავალში მან შეიძლება მოიპოვოს ასეთი ქარიზმა (სახელმწიფო კანცელარიას ქარიზმის ნასახიც აღარ გააჩნია და სწორედ ამიტომ აღარ ღირს იქ გაჩერება არც პრეზიდენტისათვის, არც სახელმწიფო მინისტრისათვის), ხოლო მანამდე, იგივე ფუნქცია შეიძლება შეასრულოს პარლამენტის შენობამ, რომელიც ყველა თვალსაზრისით საუკეთესო, კლასიკური სტილის ნაგებობაა საქართველოში.
ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობის ისტორია კი დამთავრდა ძველ ეპოქასთან ერთად.