შალვა პაპუაშვილი: მადლობა ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოს დახმარების ხელი გამოუწოდა, ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა, გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა

შალვა პაპუაშვილი: მადლობა ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოს დახმარების ხელი გამოუწოდა, ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა, გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა

მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა. ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალო გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა, ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც მისივე ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.

„მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ, ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ ქართველები, როგორც ქრისტეს კვართის მცველები, რუსთაველის და ილიას მშობელი ერის, აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში. მადლობა ყველას, ვინც იღვაწა და თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ საერთო სიხარულში. მადლობა ჩვენს დიდ წინაპრებს, რომელთა შორის ერთ-ერთმა უდიდესმა, ჯერ კიდევ ქართული ქრისტიანობის გარიჟრაჟზე ანდერძად დაგვიტოვა: „ნუ დაუტევებთ გზათა ბერძენსათა“ და მერე ეს სიტყვები ხელიდან ხელში, ბრძოლიდან ბრძოლაში, ჯამიდან ჯამში გადადიოდა საბოლოო გამარჯვების იმედით. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს სამშობლოს დახმარების ხელი გამოუწოდა, ჩვენი შრომა და თავდადება დააფასა, გვენდო და მხარი დაგვიჭირა, ვინც ერთგულება დაგვიდასტურა. მადლობა თქვენ, ბრძენ და მშრომელ ქართველ ხალხს, ვინც კარგად იცით გამარჯვების ფასი. სწორედ თქვენთვის და თქვენი სახელით მუხლჩაუხრელად და ამაყად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სანუკვარი მომავლის, ერთიანი, ძლიერი და გამარჯვებული საქართველოს შენებას. დიდება საქართველოს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.