დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. მჯერა, რომ როგორც ევროპას შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს საქართველო, ისე საქართველოს შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს ევროპა. ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში - ეს არის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.
„გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. დღეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქში, თბილისში ვზეიმობთ უდიდეს გამარჯვებას, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. ამ ქალაქში ჩვენი საერთო სამშობლოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ისტორიულად ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ და იბრძოდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები. თავისუფლება, კეთილდღეობა, თანასწორობა და ტოლერანტობა არის ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპა გამოხატავს და რომლებიც ოდითგანვე თბილისური და ქართული კულტურის განუყოფელი შტრიხები იყო. მჯერა, რომ როგორც ევროპას შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს საქართველო, ისე საქართველოს შეუძლია გაამდიდროს და გააძლიეროს ევროპა. ტრადიციებით ევროპაში, ღირსებით ევროპაში - ეს არის სულისკვეთება, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა განვაგრძოთ სვლა საერთო ევროპული ოჯახისკენ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, რომელიც ჩვენი დღევანდელი გამარჯვების მთავარი შემოქმედია. ეს გამარჯვება მოიტანა ქართული საზოგადოების ყველა თაობამ. კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი სარგებელი უნდა მიიღონ. საქართველოს დღევანდელი გამარჯვება ხელოვნურ საზღვარს მიღმა მცხოვრები აფხაზებისა და ოსების კუთვნილებაცაა. მჯერა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ვიზეიმებთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან, ძლიერ და ეკონომიკურად განვითარებულ საქართველოში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს მოიტანა დემოკრატიული გარდატეხა, რომლის გარეშეც ეს წარმატება ვერ შედგებოდა. მადლობა პრემიერ-მინისტრს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მომსახურეებს, რომლებიც მაქსიმუმს აკეთებდნე, რომ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი მიეღო. მადლობა ევროკავშირის ლიდერებს, ევროკავშირის ელჩს, ევროპელ დიპლომატებს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ, რომ მალე გვეზეიმოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. კიდევ ერთხელ ვულოცავ კანდიდატის სტატუსს სრულიად საქართველოს“, - აღნიშნა კალაძემ.