მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციებს

მამუკა მდინარაძე: კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციებს

კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე და არ წამოეგო პროვოკაციებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

„მთავარი არხი“ მეკითხება ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსის მიღება. თქვენი, პირადად თქვენი დამსახურებაა. თქვენ ხართ ქართველი ხალხის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომელ ტელევიზიაში მუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელევიზია „ნაცმოძრაობისაა“, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელევიზია ბევრს იტყუება, ამის მიუხედავადაც კი, ეს თითოეული ადამიანის დამსახურებაა. რეალურად, ეს რა თქმა უნდა ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი სიბრძნე, არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ამ მიკროფონის თუ სხვა მიკროფონის მხრიდან მოდიოდა. არ წამოეგო იმ ცუდ რაღაცებს, რაზეც დღეს არ მინდა დეტალურად ვილაპარაკო. ამ სიბრძნის უკან იდგა ყველა გადაწყვეტილება, ნაბიჯი, რომელიც საქართველომ, ქართველმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ გაიარა. გავიარეთ ამაყად, ღირსებით და მივაღწიეთ შედეგს, რომელიც ბევრს ამ ქვეყანაში ვერ წარმოედგინა, ზოგს არ უნდოდა. ამისდა მიუხედავად უმრავლესობას ეს კიდეც წარმოედგინა, კიდეც იდგა ამ გადაწყვეტილების შემოქმედად, ამ გადაწყვეტილების უკან სიამაყითა და ღირსებით. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ შარშანდლისგან განსხვავებით მათ ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და მის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძოლა ამ გადაწყვეტილებისთვის“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.