III ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონი სამშობლოში დაბრუნდა. დღეს გვიან ღამით ბატალიონის ბოლო ნაკადი 157 სამხედრო მოსამსახურის შემადგენლობით საქართველოში ჩამოვიდა.
ქართველი სამხედროები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ISAF-ის მისიაში წარმატებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს. 33-ე ბატალიონმა თავის სამოქმედო რაიონში ჩატარებული სამხედრო ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად შეზღუდა ამბოხებულთა მოქმედებები, რამაც რაიონში სტაბილურად უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. სამხედრო მისია ბატალიონმა უდანაკარგოდ შეასრულა და სრული შემადგენლობით დაბრუნდა საქართველოში.
აეროპორტში ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი და გაერთიანებული შტაბის სხვა უფროსი ოფიცრები დახვდნენ.
ამ ეტაპზე როტაციის პროცესი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასრულებულია. 33-ე ბატალიონი ავღანეთში 31-ე ბატალიონმა სრულად ჩაანაცვლა.