წინა დღით ადრე დაიწყო ფოთმა მზადება და წითელი ყვავილებით მიეგება პირველ მაისს.
მშვენიერი დილაა.
ქალაქს მზე სხივებით აელვარებს და სიყვარულით ეალერსება.
ქუჩები თანდათან ხმაურდებიან. წითელი დროშებით დილის 10 საათზე ყველა მხრიდან მოდიან პროფესიონალური კავშირის წევრები, მოსამსახურეები, მოწაფეები, ჯარი და თავს იყრიან გურიის ქუჩაზე პროფბიუროს წინ. პატარა ბავშვები მორთული ყვავილებით და წითელი ლენტებით დაჰქრიან ქუჩებზე ავტომობილით. ზღვა ხალხის პროცესია მიიმართება პარტკომისაკენ, პარტკომიდან მწყობრად მიეშურებიან ლიალინის ქუჩით პარკში, სადაც დანიშნულია მიტინგი.
პირველ მაისის საზეიმო პარკში ტრიბუნა მორთულია ცოცხალი ყვავილებით, დროშებით და სურათებით. ტრიბუნის გარშემო თავს იყრიან ყველა დარგის წარმომადგენლები.
სრულ 12 საათზე პარტკომის მდივანი, ამხანაგი პროკოფი მეგრელიშვილი ხსნის მიტინგს და მოკლე და შინაარსიანი სიტყვით აშუქებს პირველ მაისის დღესასწაულს. შემდეგ გამოდიან ტრიბუნაზე: ახალგაზრდა კომ. პარტ. კავშ. სახელით ამხ. მიშა კავჟარაძე, წითელ არმიელების ამხ. ფილო, პროფბიუროს ს. კოკოსაძე, ქალთა ორგანიზაციის ეფროსინე ჯაბურია, აღმშენებელთა კავშირის და „ტრიბუნის“ რედაქციის სახელით გამოდის ამხ. ემელიანე ნოდია, რომელიც მეტად ლამაზ სიტყვებით აღნიშნავს 1 მაისის დღესასწაულს. აღმასკომის სახელით გამოდის ამხ. ბესარიონ გოგია, რომელიც ხანგრძლივ ესაუბრება და ფართედ უხსნის ხალხს 1 მაისის მნიშვნელობას საერთაშორისო მშრომელ მასისადმი. შემდეგ გამოდის ნავთსადგურის გადამტვირთველ მუშათა კავშირის სახელით ამხ. გრ. ძნელაძე, ყოველი სიტყვის დამთავრების შემდეგ ხორო ასრულებს ინტერნაციონალს და უკრავს ორკესტრი.
მიტინგი სრულ 2 ს. და 20 წ. დასრულდა. ხალხი ნელ-ნელა იშლება. საღამოს 5 ს. ქალაქის ბაღში იმართება შევარდენის ვარჯიშობა. უფასო წარმოდგენები გაიმართა თეატრი „კომეტა“-ში, რკინის გზის კლუბში, მეზღვაურთა კლუბში გაიხსნა გარნიზონის კლუბი, სახელდობრ „ახალგაზრდა წითელი არმიელი“, სადაც „ჩემო“-მ მიიღო შეფობა.
საღამოს ქალაქის ბაღი განათებული იყო ცეცხლით და რაკეტებით. ხალხი დადის და ზეიმით ატარებდა ამ დღეს.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას