რა გავლენა აქვს ყოველდღიურ ხანგრძლივ მგზავრობას მენტალურ ჯანმრთელობაზე — კვლევა

რა გავლენა აქვს ყოველდღიურ ხანგრძლივ მგზავრობას მენტალურ ჯანმრთელობაზე — კვლევა

ახალმა მასშტაბურმა კვლევამ ყოველდღიურად ხანგრძლივ მგზავრობასა და ცუდ მენტალურ ჯანმრთელობას შორის კავშირი გამოავლინა. ამან შესაძლოა, ნაკლები ფიზიკური აქტიურობა, ზედმეტი წონა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და არასრულფასოვანი ძილი გამოიწვიოს.

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, როგორი უარყოფითი გავლენა აქვს საცობებს ადამიანებზე. მაგალითად, ამ დროს სისხლის წნევაც კი იმატებს, რადგან გზების მიმდებარედ არსებულ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ. ქვეყნებს შორის ყოველდღიური მგზავრობის მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთ კორეაა, სადაც დეპრესიის მაღალი მაჩვენებლებიც ფიქსირდება. მეცნიერებმა სწორედ იქ მცხოვრები პოპულაცია შეისწავლეს.

მათ 23 415 ინდივიდის მონაცემები გააანალიზეს. შედეგად დადგინდა, რომ სამხრეთკორეელებში, რომლებიც ყოველდღიურად 1 საათზე მეტხანს მგზავრობენ, დეპრესიის სიმპტომების ჩამოყალიბების 16%-ით მეტი რისკია, ვიდრე მათში, ვინც გზაში 30 წუთზე ნაკლებ დროს ატარებს. ყოველდღიური მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა 47 წუთი აღმოჩნდა, რაც 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაახლოებით 4 საათის ეკვივალენტურია.

კვლევის მონაწილეთა 1/4-მა გამოკითხვაში დააფიქსირა, რომ დეპრესიის სიმპტომები ჰქონდა. უცნობი მიზეზის გამო, ცუდ მენტალურ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ მგზავრობას შორის ყველაზე ძლიერი კავშირი მარტოხელა, უშვილო კაცებში გამოვლინდა, რომლებიც კვირაში 52 საათს მუშაობდნენ. ქალებში ეს ასოციაცია მცირე შემოსავლის მქონე, ცვლებში მომუშავე და შვილიან ინდივიდებში აღინიშნა.

"თავისუფალი დროის სიმცირის გამო შესაძლოა, ადამიანები სტრესისგან გათავისუფლებასა და ფიზიკურ დაღლილობასთან ბრძოლას ძილის, ჰობით დაკავების ან სხვა აქტივობების საშუალებით ვერ ახერხებდნენ", — აცხადებენ ავტორები.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია ის ინდივიდუალური რისკფაქტორებიც, რომლებიც ყოველდღიური მგზავრობისგან დამოუკიდებელია. მაგალითად, ოჯახის სამედიცინო ისტორია, რომელიც კვლევაში არ გაუთვალისწინებიათ. ასევე, გაურკვეველია, კონკრეტულად რა სახის ტრანსპორტს უკავშირდება ასეთი შედეგები, მაგრამ ვიცით, რომ ველოსიპედით ან ფეხით გადაადგილება მენტალურ ჯანმრთელობაზე პირიქით, უკეთესად მოქმედებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი მგზავრი გზაში ყოფნას მოდუნებასა და სამსახურისგან დასვენებასაც უკავშირებს. ეს კვლევა პანდემიამდე მოპოვებულ მონაცემებს ეფუძნება, ამიტომ სამუშაო პროცესის ცვლილებაც გასათვალისწინებელია.