დავით კეზერაშვილის ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციები

დავით კეზერაშვილის ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციები

დავით კეზერაშვილმა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაცია 2005 წლის 8 აპრილს შეავსო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსი თბილისში, ი. ნიკოლაძის ნომერ შვიდში ცხოვრობს მეუღლესა და ვაჟთან ერთად. მათ შესახებ დეკლარაციაში ვკითხულობთ:

დავით კეზერაშვილი დაიბადა 1978 წლის 22 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. მეუღლე - სოფიო ჩიქოვანი დაიბადა 1978 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. ვაჟი - ალექსანდრე კეზერაშვილი დაიბადა 2003 წლის 17 იანვარს ქალაქ თბილისში.

ფინანსური პოლიციის უფროსის სავარძელში მოკალათებამდე დავით კეზერაშვილის შრომითი ბიოგრაფია ასეთია: 2001 წლის აპრილიდან სექტემბრამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციარული რეფორმების მთავარი სამმართველოს მთავარი ინსპექტორი იყო. შემდგომი ერთი თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის უზრუნველყოფისა და ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

2002 წლის 6 დეკემბრიდან 2004 წლის 2 თებერვლამდე ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გახლდათ, 2004 წლის 16 მარტიდან კი ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას ხელმძღვანელობს.

სოფიო ჩიქოვანი 2000-2003 წლებში „AES თელასის“ გამრიცხველიანების პროექტის ოფისმენეჯერი გახლდათ. 2003-2004 წლებში შპს „კონექტეკის“ ფინანსური დირექტორის ასისტენტად მუშაობდა, 2004 წლიდან დღემდე კი შპს „ინტერმშენ კომპანის“ მარკეტინგის მენეჯერია. სოფიო ჩიქოვანის გასამრჯელო თვის განმავლობაში 1000 ლარს შეადგენს, დავით კეზერაშვილის ხელფასი კი თვის განმავლობაში მეუღლეზე ორჯერ მეტი - 2019 ლარია.

ახლა კეზერაშვილების ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას გადავხედოთ: საცხოვრებელი ბინა ი. ნიკოლაძის ქუჩაზე, რომლის საერთო ფართი 110 კვადრატული მეტრია, 2003 წელს შეუძენიათ 10 000 ლარად. იგი სოფიო ჩიქოვანის საკუთრებაა. მისივე საკუთრებაა ავტომანქანა „BMW-320“, 1992 წლის გამოშვება, რომელიც 2004 წელს შეუძენიათ 10 000 ლარად.

დავით კეზერაშვილის საკუთრებაა 1 600 ლარად ღირებული ტელევიზორი „სონი“, 550 ლარად ღირებული „ბეკოს“ ფირმის მაცივარი, 2 300 ლარად ღირებული საძინებელი, 4 000 ლარის ღირებულების სამეული და 3 800 ლარიანი სამზარეულო.

ეს ყველაფერი დავით კეზერაშვილს 2003 წელს შეუძენია, როგორც ჩანს, ახალ ბინაში გადასვლასთან დაკავშირებით. სხვათაშორის, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, საცხოვრებელი ბინაც, ავტომობილიცა და ავეჯიც ფინანსური პოლიციის უფროსს მამის მიერ მიცემული ფულით აქვს ნაყიდი.

დეკლარაციის თანახმად, დავით კეზერაშვილს არა აქვს ფასიანი ქაღალდები, არ ფლობს წილს საწარმოებში, საანგარიშო წლის განმავლობაში არ გაუფორმებია რაიმე სახის ხელშეკრულება.

დეკლარაციის შევსების დროისათვის ხელთ არ ჰქონდა ნაღდი ფული, ბანკში კი (ბანკის დასახელება მითითებული არ არის) ანგარიში 2004 წლის 13 აგვისტოს გაუხსნია და თავდაპირველად 13 433 ლარი ჰქონია.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეს თანხა მთლიანად გამოუტანია. დეკლარაციის შევსების დროისათვის კი ანგარიშზე მხოლოდ 1000 ლარი ერიცხებოდა.