უნგრეთი ზოგადად არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის უნგრეთის ძალიან მყარი პოზიცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უნგრეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის მათი პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს უნგრეთში ვიზიტის დროს. გარდა ამისა, უნგრეთის პოზიცია არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ერთ კალათში ყველა ქვეყნის განხილვა. მათ აქვთ განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ვერ აისახება მათ პოზიციაზე საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებით. მათ აქვთ განსხვავებული პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით და განსხვავებული პოზიცია ყველა სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ