დღეს კავკასიის მნიშვნელობა იზრდება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც, დიდწილად, საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული პარტნიორობის წყალობით, - ასე ეხმიანება შალვა პაპუაშვილი ილჰამ ალიევთან შეხვედრას. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„დღეს ბაქოში ჩემი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდი ჩვენი ერის დიდ მეგობარს, პრეზიდენტ ალიევს. ჩვენი საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ ასპექტს, რაც გვაქცევს შეუცვლელ სტრატეგიულ პარტნიორებად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობის გაღრმავება და, რაც მთავარია, ჩვენი საერთო კავშირი ევროპულ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან.
დღეს კავკასიის მნიშვნელობა იზრდება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც, დიდწილად, საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებული პარტნიორობის წყალობით. ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო გაგებას გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობის შესახებ. ამ კუთხით ჩვენ დეტალურად განვიხილეთ რეგიონული კონფლიქტები და უსაფრთხოების ვითარება. ჩვენი ეროვნული პარლამენტები მონაწილეობენ მშვიდობის მიღწევაში და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტის გაკეთებაზე. მოუთმენლად ველი კიდევ უფრო დიდ პარტნიორობას და ვუსურვებ პრეზიდენტ ალიევს და ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს მეტ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას“, - წერს პაპუაშვილი.