"ხალხი იმიტომ კი არ არის მისული სასოწარკვეთამდე, რომ ვერ იტანს რაღაცას, არამედ იმიტომ, რომ დაინახა, რა ელის შვილებს, შვილიშვილებს და ხედავს უპერსპექტიობას. ამას ვერც მერაბიშვილის ჯავშანტრანსპორტიორები გააჩერებენ, ვერც აღლუმები", - აცხადებს "მრეწველების" თბილისის მერობის კანდიდატი გოგი თოფაძე, რომელსაც საარჩევნო პროგრამაზე ვესაუბრეთ.
გოგი თოფაძე: ჩვენი პროგრამის ძირითადი თეზისები ემთხვევა ყველა ოპოზიციური პარტიების პროგრამებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ვგულისხმობ პრობლემებს, ძალიან მოზღვავდა საქართველოში და ყველა სოციალურ ფენას ეხება. ძირითადში დასაქმება, სოციალური დაცვა, კომუნალური გადასახადები, დაყაჩაღებული მეანაბრეების დახმარება არის პროგრამის პრიორიტეტები.
ის რეფორმა, რომელიც ხელისუფლებას სატრაბახოდ აქვს და ჩაატარა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, მიგვაჩნია, რომ აბსურდულია და გავწირეთ ის ხალხი, ვინც შექმნა ეს სიმდიდრეები და წარმოება. ხალხი, რომელიც მთელი ცხოვრება იხდიდა გადასახადებს და იხდიდა იმიტომ, რომ 60 წელს რომ გადაცილდებოდა, ყოფილიყო დაზღვეული, სამწუხაროდ, განწირულია და დავცინით, როდესაც ვეუბნებით, რომ ჩარეცხილები არიან.
ხალხის დასაქმების საშუალებას ვხედავ საწარმოო ობიექტების ამოქმედების კუთხით. არსებული, რომელიც იყო, უნდა განახლდეს და ის, რომელიც არ გვაქვს, უნდა აშენდეს, რომ თანამედროვე მეგაპოლისს დავამსგავსოთ ქალაქი. არსებულზე როდესაც ვლაპარაკობთ, ესაა ჩვენი ხელისუფლების ბრალი და სიცრუეა ის პროგრამა, რომელიც დადეს და ამის მიხედვით თითქოს ჩვენი წარმოება ვერ შეძლებდა უცხოეთში წარმოებული პროდუქციისთვის კონკურენცია გაეწია.
ძირითადი აქტივები ანუ შენობის ტერიტორია, მისასვლელი გზები, სინათლე, წყალი და ა.შ. - ეს პონტეციალი აქვს ბევრ ქარხანას თბილისში და თუ ავამუშავებთ, სწორედ ეს მოგვცემს სამუშაო ადგილებს.
რა დაჯდება ამ ქარხნების მშენებლობა?
- პირველ რიგში, უნდა აშენდეს ორი ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უნდა გაკეთდეს გლდანსა და ფონიჭალაში. ეს ორივე ქარხანა იყიდის ნაგავს და გაათავისუფლებს მოსახლეობას გადასახადისგან. 40 მილიონი ლარი უჯდება მოსახლეობას წლიურად ნაგვის გადასახადი და პირველივე წელს ეს ეყოფა ორივე ნაგვის ქარხნის აშენებას და ეს ეკოლოგიური კუთხით იქნება ასევე აუცილებელი. ამის შესაქმნელად სქემები არსებობს და ჩვენ დეტალურადაც შევისწავლეთ. ასევე, თბილისში იყო საკმაოდ დიდი ხორცკომბინატი, იმდენია დღეს პროდუქტი ხორცისა და რძის, ეს უნდა იქნას გამოყენებული. უნდა აღვჭურვოთ თანამედროვე ტექნოლოოგით და ამ კომბინატის აღდგენა ჯდება 9 მილიონ ლარამდე. ხალხი უნდა დავამაგროთ რაიონებში, რომ მოხდეს ნახევრადფაბრიკატების პირველადი გადამუშავება რეგიონებში და შემდეგ საბოლოო სახეს მიიღებს აქ ამ ქარხნებში.
ასევე, თბილისში იყო ძალიან მძლავრი ჩაის ქარხანა, რომელიც დღეს გაჩერებულია. ან კორუფციული გარიგება იყო ან სხვა რამ, როდესაც მარტინ ბაუერს გადასცეს, მაგრამ რა კონტრაქტით მივეცით, არავინ იცის. მან გააჩერა ყველა ჩაის ქარხანა. ეს ქარხანა გააკეთებდა ყველა სახის ჩაის. საჭიროა მერმა უხარისხო ჩაის იმპორტი შეზღუდოს, რადგან არ არის იმ სტანდარტის, რომელიც შეიძლება ხალხს მივაწოდოთ. ჩაის მრეწველობის გაწირვა მოხდა საეჭვოდ და ეს ჩავაბარეთ თაღლითს, რომელმაც ყველაფერი მოსპო.
თბილისში ძალიან კარგად მუშაობდა საკონდიტრო ქარხანა, სადაც 1200 კაცი იყო დასაქმებული და ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებდნენ, რომელიც უცხოეთშიც გადიოდა და რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის იყო. ესეც ხელოვნურად მოიშლა, რომ იმპორტიორი შემოსულიყო. თუ ეს აღდგება, ძალიან დიდ კონკურენციას გაუწევს არსებულ პროდუქციას.
ძალიან მძლავრი კომბინატი იყო თბილისში ცხიმკომბინატის სახით, რომელიც კარაქს, მაიონეზს და ა.შ. ამზადებდა, ეს ქარხანა რომ ამუშავდეს, არავითარი პრობლემა არ არის. არსებობს ქარხანა, ინფრასტრუქტურა და არსებობს ნედლეული მზესუმზირის სახით. მთელი კახეთის გლეხობას რომ უთხრა - მოდით, მივიღებთ მზესუმზირას და მოვიყვანოთო, ყველა დათანხმდება. ამას გარკვეული ხარჯები სჭირდება, მაგრამ სჯობს გამოიყოს თანხები, დასაქმდეს ხალხი და ეს პრობლემას მოხსნის.
თუ ეს ქარხანა ამუშავდება, მისი ცხიმოვანი ნარჩენებით ამუშავდება საპნის ქარხანა, რომელიც შამპუნს, საპონს უშვებდა. ქვეყანას არ ჰქონდეს საპნის ქარხანა - ეს სირცხვილია. "იუნესკოს" მიერ კულტურის დონის განსაზღვრა იმითაც ხდება, თუ რამდენ საპონს აწარმოებს ქვეყანა.
ასევე ამ ქარხანას ნარჩენები რჩება პარაფინის სახით, რომელიც სუნამოებისა და პარფიუმერიისთვის არის ძალიან კარგი. ასეთი პრინციპით ვაპირებ ამუშავებას და 25-30 ქარხანა ამუშავდება. ქარხანაში როდესაც მუშაობს 500 ადამიანი, სხვადასხვა სპეციალობის 300 ადამიანი ემსახურება - დისტრიბუტორები, იურისტები, კომპიუტერის სპეციალისტები.
რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამას, მაგალითად, "ალიანსი" 120 მილიონამდე ლარის გამოყოფას აპირებს, ამ კუთხით თქვენი პროგრამა როგორია?
- მივესალმებით "ალიანსის" პროგრამას. გაუგებარი რეფორმის შედეგად ჩვენ გავწირეთ ხალხი, რომელიც აქ წლები მუშაობდა და საერთოდ დავტოვეთ ჯანდაცვის გარეშე მოსახლეობა. დევნილებს რომ დავანებოთ თავი, რომლებიც განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ, რა ვუყოთ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ ბაზრობაზე ვაჭრობის საშუალება დავუტოვეთ? ამ ადამიანებისთვის და კიდევ მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის ერთი მუნიციპალური საავადმყოფო უნდა აშენდეს ან რომელიმე გადაკეთდეს და გარემონტდეს, მომარაგდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით და გათვლილი იქნება 300-400 ადამიანზე.
ეს პირველ წელს, თუმცა საბოლოოდ საჭიროა რომ ასეთი იყოს რამდენიმე. ეს დაჯდება 12-13 მილიონი დოლარი. ჩვენ ველაპარაკეთ ექიმებს და თუ ეს საავადმყოფო ამუშავდა, მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ პაციენტები, მაგრამ ჩვენ რომ ვეძახით იმ "ჩარეცხილებს", მათთვის ეს უნდა იყოს უფასო. მერია ვალდებულია თავის თავზე აიღოს ასეთი საკითხები, როდესაც ხედავს, რა დღეშია ხალხი.
რაც შეეხება ქალაქის იერსახეს, იგივე პარკირების პრობლემას და აუარება სამარშრუტო ტაქსებს, როგორ აპირებთ ამის მოგვარებას?
- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი ხელისუფლებას, როდესაც ქალაქის ცენტრი ასე უგეგმოდ და უსისტემოდ ავაშენეთ და სოკოებივით ამოგვყავდა სახლები. არც მიწისქვეშა პარკინგები და კორპუსების ეზოებიც რომ არ დავტოვეთ - ეს მიუღებელია. არც ერთი ურბანული გათვლა არ ჩადებულა ამაში. ვუყურებთ შეხვედრების დროს რამდენად კარგად არის დაგეგმილი დიღმის მასივი და როგორ პრაგმატულად იყო აშენებული. სამაგიეროდ ვაკეში, ვერაზე, სოლოლაკში და საბურთალოზე ეს ახალი მშენებლობები არის ძალიან უსისტემო. იმიტომ არის საცობების პრობლემა. ესტაკადები, გადასასველელები და ა.შ. უნდა იყოს, მაგრამ ახლა ასეთი ისტერიული მშენებლობა დაგვიანებულია.
ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მიწისქვეშა გადასასვლელები ქალაქში, სადაც მოსაწესრიგებელია ყველაფერი. როდესაც ქალაქის მერი თავის წინასაარჩევნო პროგრამაში მომავალაზე ლაპარაკობს, 7 წელი საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ არა მარტო ხიდი, რომელიც ავადსახსენებელია, რკინიგზა ან აეროპორტი, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ გაეკეთებინა?
დარღვეულია ეკოსისიტემა. რა გააკეთა კარგი, აქ სალაპარაკო ბევრი არ აქვს და თუ ეს პოლიტიკა გააგრძელა ქალაქის თავმა, გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრი იქნება. პირველი მოვალეობა ქალაქის ხელმძღვანელის, ის იქნება პოლიტიკოსი, მეურნე თუ მეცნიერი, ხალხზე ზრუნვაა. ორი დღის წინ ვიყავით სოფელ გლდანში, კანალიზაცია მოშლილია, დახეთქილია მილები, ეს ხალხი უკვე რამდენი წელია ამას ამბობს და არავინ ყურადღებას არ აქვცევს. არ შეიძლება ასე და არ გაქვს მორალური უფლება, როდესაც საჩვენებელ პროექტებში მილიონებს დებ და იცი ამ დროს რამდენი ავარიული სახლია თბილისში და სადაც ტრაგედია ხდება.
ერთ-ერთ რაიონში ჩამოენგრა ჭერი ოჯახს და დედა-შვილი დაიღუპა, ამას არ ახმაურებენ. ამაზე უნდა იფიქროს ქალაქის მერმა.
რაც შეეხება გარევაჭრობას, საუბარია იმაზე, რომ 30 მაისის შემდეგ აიკრძალება. როგორი თქვენი პოზიცია?
-არ უხდება თბილისს, რომ მთელი ქალაქი სავაჭრო ობიექტებად გადაიქცა და პლუს ანტისანიტარიაა, ყველგან ბაზრობა წარმოუდგენელია, თუმცა ჯერ კი არ უნდა გაყარო ეს ხალხი, უნდა ააშენო, როგორც ბაქოში მოხდა. ავაშენოთ ცივილური ბაზრობა, სადაც მაღალ დონეზე იქნება მომსახურება, შეღავათები ექნება მცირე ბიზნესს. გეთანხმებით, რომ ეს ბაზრობები უნდა მოექცეს ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ის არა, რა ფორმითაც ხდება.
პოლიტიკური კუთხით რა ცვლილებებს ჰპირდებით ქალაქს?
- ქალაქის მერი პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს თავის მოსახლეობაზე. თავისი შესაძლებლობით მას შეუძლია შეაცვლევინოს ნებისმიერი კანონი. დღეს საქართველო არის ყველაზე სუსტი ქვეყანა რეგიონში როგორც პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ისე სოციალურად და თუნდაც ჯარის სიძლიერით. გამოჩნდა, ვინ ხელმძღვანელობს ქართულ ჯარს, მთავარსარდალს ვგულისხმობ და რა პოტენციალი აქვს. რა ფული ჩაიყარა, რა კორუფცია იყო და რა მივიღეთ.
პოლიტიკურად დამოუკიდებელი მერი აიძულებს ძალიან ბევრი ცვლილება მიაღებინოს ხელისუფლებას. იგივე საგადასახადო კუთხით საჭიროა ცვლილებები. თბილისშია თავმოყრილი 70 პროცენტი ჩვენი ეკონომიკის და იძულებული გახდებიან, თავს მოიკლავენ, გააყალბებენ და ქალაქის მერის პოსტს არ დათმობენ. ქალაქის დამოუკიდებელი მერი, რომელიც ამ ხელისუფლების გუნდის წევრი არაა, ამ ხელისუფლების დემონტაჟს ნიშნავს.
რა შანსები აქვს ოპოზიციას, რომ გაიმარჯვოს?
- დიდი შანსები აქვს. რაც უნდა დააშინონ ხალხი და გააყალბონ არჩევნები, მაინც ვერ მოიგებენ. მითხარით, ვინაა ეს 57 პროცენტი, რომელსაც ასე ახმაურებენ, რა კვლევა ჩაატარეს, რომ ეს შედეგი მიიღეს? ჯარი, პოლიცია, პროკურატურა, საბაჟო და სხვა ჩინოსნები თავის ირგვლივ ვინც ჰყავთ, 25 პროცენტს არ აღემატება. დანარჩენი ვინ არის? - ექიმი, მასწავლებელი, დევნილი, ყველა "ჩარეცხილი", რომელიც უმუშევრადაა დარჩენილი - ვინ აძლევს გიგი უგულავას ხმას? მე ვერ ვნახე ვერც ერთი სოციალური ფენა, რომელიც კმაყოფილი იქნება ხელისუფლებით.
გაყალბებით და დაშინებით ხდება ყველაფერი. ხალხი იმიტომ კი არ არის მისული სასოწარკვეთილებამდე, რომ ვერ იტანს რაღაცას, არამედ იმიტომ, რომ დაინახა რა ელის შვილებს, შვილიშვილებს და ხედავს უპერსპექტიობას. ამას ვერც მერაბიშვილის ჯავშანტრანსპორტიორები გააჩერებენ, ვერც აღლუმები. ხალხი მისულია იმ წერტილამდე, რომ ვერ აიტანს ამ უყურადღებობას და ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ყველაფერი შეიცვლება.