ბარნა პალ ჟიგმონდი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. მხარს ვუჭერთ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ბარნა პალ ჟიგმონდი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. მხარს ვუჭერთ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. მხარს ვუჭერთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, - ამის შესახებ უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბარნა პალ ჟიგმონდიმ ჟურნალისტებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს და ყოველთვის ასე იქნება. მიგვაჩნია, რომ გაფართოების პროცესი არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ასრულებს მოთხოვნებს, გვჯერა, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ზუსტად ერთ საათში ირაკლი კობახიძე უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბუდაპეშტში სწორედ მისი მიწვევით იმყოფებიან. ირაკლი კობახიძე უკვე ესაუბრა ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივანს, შეხვედრა შედგა პარლამენტში ვიცე-სპიკერთანაც. სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გარდა, შეხვედრების მთავარი თემა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მიმართ არსებული მოლოდინიც იყო. ერთ კვირაში ევროპამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა აცნობოს. უნგრეთის პოზიცია კი მკაფიო და უცვლელია - საქართველოს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს.