იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკომიტეტო განხილვისას გამოჩნდა, რომ რადიკალური ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას გაურბის, რასაც მთავრობის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაში მონაწილეობა ჰქვია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“„ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად, რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ხელისფლების მიერ შემუშავებული სამუშაო გეგმის პროცესში ჩაერთოს და წვლილი შეიტანოს. იონათამიშვილის განმარტებით, მთავრობის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე კი, თუ რა განცხადებები გააკეთეს ევროპელმა პარტნიორებმა, ეს საზოგადოებამ უკვე იხილა.
„უმაღლესი შეფასება მისცეს, გაკვირვებაც კი გამოთქვეს, ასეთი კარგი სამოქმედო გეგმა ასე მოკლე პერიოდში როგორ შეიქმნაო - დადებითი შეფასება ჰქონდა. ამ დროს რადიკალური ოპოზიცია სრულიად საპირისპირო რამეს ამბობდა. აქაც ისინი აბნეული არიან საკუთარ პასუხისმგებლობასა და მოვალეობებში და ალბათ, სწორედ იმიტომ და ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, მათ არ უხარიათ ის პროცესები, რაც დღეს საქართველოშია“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისივე განმარტებით, სამოქმედო გეგმის შემუშავება აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულება იყო. მეორე ეტაპზე მოხდა ამ გეგმის შეთანხმება ევროპელ პარტნიორებთან. ოპოზიციამ კი მხოლოდ გეგმის განმახორციელებელ პროცესში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„აღნიშნულის განხორციელებაში საკუთარი წვლილი რომ შეიტანოს, ოპოზიციას ეს პასუხისმგებლობა აკისრია და ამ მინიმალურ პასუხისმგებლობასაც რომ გაურბიან, ეს გამოჩნდა სწორედ დღეს საკომიტეტო განხილვის დროს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.