ქართველი ხალხის მრავალ საუკუნოვანმა ისტორიამ მძიმე გასაჭირსა და უბედურებასთან ერთად, როდესაც საქართველო ხანძრის ალში იყო გახვეული, განადგურებული და დამონავებული მრავალრიცხოვან მტერთა უამრავი ურდოების მიერ, - იცის აგრეთვე საკმაოდ ბევრი ბედნიერი და სასიხარულო დღე, როდესაც ხალხი განდევნიდა ხოლმე თავის მტრებს, როდესაც ძველი ქალაქი ტფილისი - საქართველოს დედაქალაქი და გული - კვლავ აღორძინდებოდა ფერფლიდან და საყოველთაო სახალხო ზეიმი მჩქეფარედ მოედებოდა საქართველოს მიწა-წყლის ხეობებსა და ჭალებს.
„მაგრამ ჩვენი ქვეყნის წარსულის რომელი სასიხარულო დღე შეიძლება ოდნავ მაინც შეედაროს დღევანდელ დღეს? არა, არ ყოფილა ასეთი დღეები“.
ასე ამბობდა ქართველი ხალხის გამობრძმედილი ხელმძღვანელი ამხანაგი ლავრენტი ბერია თბილისის მშრომელთა სამიათასიან მიტინგზე.
უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე სასიხარულო და ბრწყინვალე ფურცელი ქართველი ხალხის ცხოვრებაში.
მთელი მშრომელი და პროგრესიული კაცობრიობის სიამაყე, სოციალიზმის ქვეყნის ბრძენი მესაჭე დიდი სტალინი დასთანხმდა კენჭი იყაროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობაზე ქალაქ თბილისის ლენინის საარჩევნო ოლქში.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ სტალინის დროშით, მისი გენიალური ხელმძღვანელობით მან, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებმა, ბრწყინვალე, ბედნიერ, სასიხარულო და საამურ ცხოვრებას მიაღწია.
უსაზღვროდ ბედნიერი ქართველი ხალხი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პირველ დეპუტატად ერთსულოვნად და აღფრთოვანებით აირჩევს დიდ სტალინს, რომელმაც პირველად აღმართა საქართველოში თავისუფალი და საამური ცხოვრებისათვის ბრძოლის დროშა.
ქართველი ხალხი დიდი სიხარულის გრძნობით შეხვდა ცნობას იმის შესახებ, რომ დიდი რუსი ხალხის საამაყო შვილი, დიდი სტალინის უახლოესი თანამებრძოლი, მძლავრი საბწოთა სახელმწიფოს მეთაური ამხანაგი მოლოტოვი დასთანხმდა კენჭი იყაროს საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობაზე ქალაქ ტფილისის სტალინის საარჩევნო ოლქში.
საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად მთელმა ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად დაასახელა გამობრძმედილი სტალინელი, ქართველი ხალხის სახელოვანი ხელმძღვანელი ამხანაგი ლავრენტი ბერია, რომელმაც თანხმობა მისცა კენჭი იყაროს ტფილისის „პრავდის“ სახელობის 44-ე ოლქში. ამხანაგ ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა საქართველომ უდიდეს წარმატებებს მიაღწია სოციალისტური მშენებლობის ყველა ფრონტზე.
ჩვენი ხალხი ერთნაირი გულისხმიერებით აფასებს სოციალისტური მშენებლობის ყველა ფრონტის მუშაკს. ხალხი თავის უმაღლეს ორგანოს დეპუტატობის კანდიდატებად ასახელებს სამეურნეო მშენებლობის, კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების მუშაკებს, რომელთაც თავი გამოიჩინეს სოციალისტური მშენებლობის სხვადასხვა უბანზე და დაიმსახურეს პარტიისა და ხალხის ნდობა.
ქართველი ხალხი დიდი სიყვარულის გრძნობით ასახელებდა წინასაარჩევნო კრებებზე მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლებს საქართველოს სსრ-ის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებად. ივანე ჯავახიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, ა. ჯანელიძე და სხვები, რომელთაც მრავალი ღვაწლი დასდეს ჩვენი მეცნიერების აყვავებისა და წინსვლის საქმეს, დასახელებულნი არიან უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებად.
წინასაარჩევნო კრებაზე დასახელებული იქნა უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მესამე მდივნის მოვალეობის აღმასრულებელი, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი ამხანაგი კანდიდ ჩარკვიანი. საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მოვალეობის აღმასრულებელი, მწერალი, ამხანაგი ეგნატაშვილი და პოეტი ილო მოსაშვილი.
დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული არიან სსრკ-ის სახალხო არტისტი აკაკი ვასაძე, სახალხო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, კინორეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ნიკოლოზ შენგელაია, დამსახურებული არტისტი შალვა ღამბაშიძე, კომპოზიტორი - დირიჟორი შალვა აზმაიფარაშვილი, სომხურ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აბარიანი.
ის განსაკუთრებული ერთსულოვნება, რომლითაც მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის კრებები ასახელებდნენ კანდიდატებს კომუნისტებიდან და უპარტიოებიდან, ცხადჰყოფს, თუ რამდენად ღრმად და მტკიცედ დამკვიდრდა ხალხის შეგნებაში კომუნისტებისა და უპარტიოების სტალინური იდეა.
ურღვევი და უძლეველია კომუნისტებისა და უპარტიოების კავშირი. მას ვერავითარი ძალა ვერ შეარყევს. ამას ცხადჰყოფს ყველა წინასაარჩევნო კრება.
ქართველი ხალხი, ლენინ-სტალინის დიადი დროშის ქვეშ დარაზმული, 12 ივნისს მივა საარჩევნო ყუთთან და თავის ხმას მისცემს კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ხალხის ბოლომდე ერთგულ ადამიანებს. კომუნისტებისა და უპარტიოების სტალინური ბლოკის კანდიდატებს.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას