ოპოზიციური პარტიებიდან ვიღაც ვიღაცასთან გაერთიანებას მოახერხებს, მაგრამ ყველა გაერთიანება ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის გარანტიისთვის იქნება შექმნილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, რთული პროგნოზირებადია, ვინ ვისთან ერთად მოახერხებს გაერთიანებას
„სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებამ ჯერჯერობით უფრო მეტი და ხმაურიანი დაშალა გამოიწვია, ვიდრე რაიმე გაერთიანების ეფექტი მისცა ქვეყანას, პარტიას ან მათ ამომრჩეველს. სხვა პოლიტიკურ აქტორებს რაც შეეხება, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და იდგება. რთული პროგნოზირებადია, რეალურად, ვინ ვისთან ერთად მოახერხებს გაერთიანებას. პირდაპირი და მექანიკური გაერთიანება, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო არითმეტიკას ეწინააღმდეგება.
რომელიღაც პარტია მიიჩნევს, რომ გაცილებით მეტი ადგილი ეკუთვნის გამსვლელ სიაში, ვიდრე მასთან გაერთიანების პოტენციურ მსურველ სხვა პარტიას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი წინააღმდეგობა. ასევე, არის მეორე წინააღმდეგობა, როდესაც საუბარი იქნება, რამდენად თავსებადი არიან ერთმანეთთან ამ პარტიის ლიდერები. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ საქართველოში ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ პოზიტიურო დღის წესრიგი ვერ შექმნა. ყველას დღის წესრიგი აწყობილი იყო ერთ რამეზე – მოდით, ქვეყანა მაქსიმალურად დავაზიანოთ და იქნებ, შემდეგ ამით მოვახერხოთ მმართველი პარტიის ჩანაცვლება და ხელისუფლებაში მოსვლა. ოპოზიციური პარტიების ძირითად ნაწილს ასეთი შინაგანი პოლიტიკური განწყობა და დღის წესრიგი როცა აქვთ, 21-ე საუკუნეში ეს მათი გამაერთიანებელი ფაქტორი ვერ იქნება. ვიღაც ვიღაცასთან გაერთიანებას მოახერხებს, მაგრამ არ მგონია, რომ რომელიმე გაერთიანება შედგეს, რომელსაც დიდი პოტენციალი ექნება. ყველა გაერთიანება ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის გარანტიისთვის იქნება შექმნილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.