მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების თარიღი უცნობია. მისი პრეს-სამსახურის უფროსი ამბობს, რომ არ იცის. პრეზიდენტის დაბრუნების დრო უცნობია საგარეო უწყებისთვისაც.
ბოლო მონაცემებით მიხეილ სააკაშვილი 9 მაისს კოსტა-რიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. "რეზონანსის" კითხვაზე, თუ არის ცნობილი სად იმყოფება ახლა პრეზიდენტი, მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი ალანა გაგლოევა ასე პასუხობს: "არ ვიცი, არა". არაფერი იცის ამის შესახებ ადმინისტრაციის უფროსმა მანანა მანჯგალაძემაც. როგორც "რეზონანსს" განუცხადა, ეს მის კომპეტენციაში არ არის და ალანა გაგლოევასთან გადაგვამისამართა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მიხეილ სააკაშვილი თითქმის სამი კვირა აშშ-ში იმყოფებოდა. იქიდან რუმინეთში აპირებდა ჩასვლას, მაგრამ რუმინული მხარის თხოვნით ეს ვიზიტი გადაიდო - "ამ დღეს ეროვნულ დღესასწაულს აღვნიშნავთ და თუ შეიძლება ერთი თვის შემდეგ გვესტუმრეო." ასე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. თბილისში 3 მაისს დაბრუნდა. ბოლო ღონისძიება, რომელსაც სააკაშვილი თბილისში დაესწრო 6 მაისის პოლიციის აღლუმი იყო.
იმივე დღეს მან მეუღლესთან ერთად თბილისი დატოვა და ბათუმში გაემგზავრა, სადაც სამკერვალო ქარხანა, საავადმყოფო და შოთა რუსთაველის ძეგლი გახსნა. იმავე საღამოს მეუღლესთან ერთად ვატიკანში გაფრინდა. ადმინისტრაციის ცნობით, 7 მაისს რომის პაპს, ბენედიქტ მე-16-ს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სააკაშვილმა და რომის პაპმა, "რამდენიმე კონკრეტული და მნიშვნელოვანი თემა განიხილეს." კერძოდ, ლაპარაკი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს.
ვატიკანიდან საქართველოს პრეზიდენტი კოსტა-რიკაში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილა მირანდას ინაუგურაციას დაესწრო. ადმინისტრაციისვე ინფორმაციით, კოსტა-რიკაში საქართველოს პრეზიდენტი ლათინური და ცენტრალური ამერიკის ლიდერებს შეხვდა. ამ სტუმრობის შესახებ ბოლო ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 9 მაისს დაიდო, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, სამხრეთამერიკელი ლიდერების გარდა, ვინც ინაუგურაციაზე მიიწვიეს.
იმავე წყაროს ცნობით, სააკაშვილი კოსტა-რიკის, ჰონდურასისა და გვატემალას პრეზიდენტებთან და სხვა სახელმწიფო მეთაურებთან ერთად საქმიან ვახშამზეც იყო მიწვეული. ამ ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საელჩოები ბრაზილიასა და მექსიკაში გაიხსნება.
პრეზიდენტის გრძელვადიან ვიზიტებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ მმართველი გუნდის წევრები. უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ პრეზიდენტი სწორედ იქ ჩავიდა, სადაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალისხმევა არაღიარების თვალსაზრისით. თუმცა, წიკლაურისთვის უცნობია როდის დაბრუნდება და სად არის ამჟამად მიხეილ სააკაშვილი.
"უკანასკნელი ცნობა მაქვს, რომ გუშინწინ კოსტა-რიკაში დაესწრო პრეზიდენტის ინაუგურაციას. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტების გაღრმავება იმ ქვეყნებთან, სადაც იმყოფება. რაც შეეხება იმას, რომ ამდენი ხანი არაა ქვეყანაში, ეს წინასაარჩევნო კამპანიისთვის კარგიც არის. გაისმის ხოლმე ბრალდებები, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი პირები ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში და ა.შ.
"ის, რომ პრეზიდენტი აქ არაა, ეს კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის და დემოკრატიულობის შესაძლებლობას ტოვებს არჩევნებისათვის, რომ არჩევნების შედეგებში არავის შეეპაროს ეჭვი. თუმცა, ამის გამო არაა პრეზიდენტის ვიზიტები დაგეგმილი..."
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს ამბობს, რომ როდესაც ქვეყნის პირველი პირი თავს ბევრად უკეთესად გრძნობს საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ, ვიდრე საკუთარ დედაქალაქში, არ შეიძლება ამან არ გამოიწვიოს გარკვეული დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდში.
"გვარწმუნებენ, რა დიდი ზარალი განიცადა ქართულმა ეკონომიკამ 2009 წლის აპრილში, როცა საკნები გამოჩნდა რუსთაველზე. დაველოდოთ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას, რა ზარალი განიცადა ქვეყანამ, როცა ერთი თვე პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და მერე გავაკეთოთ დასკვნები."
რამაზ კლიმიაშვილს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილი აცნობიერებს, რომ ის არაა ქვეყნის რეალური მმართველი. "უკვე ერთი წელია არავინ არაფერს ეკითხება, ამიტომ რა უნდა აკეთოს აქ? ესაა უბედურება, რომ ლათინური ამერიკის ერთ პატარა ქვეყანაში რაღაცას მიაღწია. იტალიაში ადრე თვეობით იკარგებოდა ხოლმე და ახლა აღარ გაჩერდა. უკან ამერიკაში ვეღარ შევა და წავიდა სადღაც კოსტა-რიკაში.
"არსად არ იღებენ. მარტო არაბი შეიხები თუ მიიღებენ ხოლმე. როგორც იქნა ჩააღწია ამერიკაში და იქიდან წამოსვლა არ უნდოდა. ამერიკიდან მოსული ინფორმაციით, ის ავარიაში მოყვა, საკმაოდ ნასვამი იჯდა საჭესთან. ამერიკელებმა ეს სკანდალი მიჩქმალეს იმ პირობით, რომ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა და საქართველოში დაბრუნდებოდა. ასეთი ინფორმაცია მოდის და ასეც ჩანს. ის ჩამოვიდა ქუთაისში, გამოჩნდა შსს-ს წინ და ისევ გაიქცა საქართველოდან. ეს არის უნიკალური შემთხვევა. სააკაშვილს პრეზიდენტობა უნდოდა იმიტომ, რომ სულ საზღვარგარეთ ყოფილიყო."
"ძალიან ცუდია და სახიფათოა ქვეყნისთვის, ასევე მისთვისაც, როდესაც ამდენი ხანი ქვეყნის პირველი პირი გასულია ქვეყნიდან. მას უკვე უჭირს ვითარების კონტროლი და ამას გაურბის," - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი. " - პირველი პირის გადაადგილება თვეობით, საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და სერიოზულ თანხებს უკავშირდება. მითუმეტეს, რომ არანაირი ოფიციალური შეხვედრები არაა. ეს ძალიან უცნაურია, ზოგჯერ ფასიან ვახშმებს გვაჩვენებენ და ზოგჯერ კიდევ რაღაცა უცნაურ შეხვედრებს. საერთოდ არ გვეუბნებიან, სად არის წასული და რა ვადით. არ უნდა მას საქართველოში ყოფნა და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი.
"პირველი პირის გადაადგილება აუცილებლად რაღაცა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ქვეყანაში რომ ჩადიხარ, ელემენტალური პროტოკოლის მოთხოვნილებაა, რომ პირველი პირი თუ არა, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი პროტოკოლის შესაბამისად უნდა იღებდეს ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ხდება. როგორც ვიცი, ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ სიურპრიზად აღმოჩენილა საქართველოს პრეზიდენტი და ეს ძალიან შემაშფოთებელია," - ამბობს ხუხაშვილი.