დღეს გადავწყვიტეთ, გესაუბროთ დაავადებაზე, რომელიც, უკვე რამდენიმე ათეული წელია, აწუხებს ჩვენს მედიცინას. ესაა არაინფექციური, მაგრამ ძალიან საშიში დაავადება „გაბაშვილები“.
საქმე ისაა, რომ საზოგადოებისთვის არა თავად დაავადება, არამედ დაავადებული ადამიანი ხდება სახიფათო. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი ძირითადი სიმპტომები: „გაბაშვილები“-ს მთავარი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ეს სნეულება გენეტიკურია, ანუ მამიდან შვილს გადაეცემა. დაავადება მიმდინარეობს ორ ეტაპად. დასაწყისში მას „კოტე გაბაშვილი“ ეწოდება, ხოლო შემდეგ, თუ დროზე არ მოხდა განკურნება, უფრო მძიმე ფორმაში, „გოკა გაბაშვილში“ გადადის.
დაავადება ვლინდება შეტევებით, რის პროვოცირებასაც ავადმყოფის მოწინააღმდეგის არგუმენტირებული მსჯელობა ახდენს. შეტევის დროს „გაბაშვილი“ ხდება ცინიკური, უჩნდება დაუოკებელი სურვილი, რომ ყველა დასმულ შეკითხვას თავად უპასუხოს, მიუხედავად იმისა, პოლიტიკას ეხება ეს შეკითხვა, ეკონომიკას, ფეხბურთსა თუ გია სურამელაშვილის ბიოგრაფიას. შეკამათების შემთხვევაში პაციენტი იწყებს ოპონენტების დაცინვას, აპელირებს მათი წარსულით, რაც ავადმყოფური, დაბინდული გონებით სამარცხვინო ჰგონია.
„კოტე გაბაშვილის“ სტადიაში ავადმყოფს აღენიშნება საკუთარი წინაპრებისადმი უცნაური დამოკიდებულება. ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტს საკუთარი გარდაცვლილი მამის ოქროს კბილებისგან ბეჭედი გაუკეთებია საკუთარი ხელების შესამკობად.
„გოკა გაბაშვილის“ ეტაპზე ავადმყოფის მდგომარეობა მძიმდება. შესამჩნევია ინტელექტის ზრდა სინდისის ხარჯზე, აგრეთვე, წონის მერყეობა - სნეული ხან სუქდება, ხან წონაში იკლებს, შესამჩნევად იზრდება თვალების ზომა.
დაავადების ორივე ეტაპზე შეინიშნება „გაბაშვილებით“ დაავადებულის სწრაფვა ხელისუფლებისკენ, თანაც ნებისმიერი ხელისუფლებისკენ.
გამომწვევი მიზეზები: დამტკიცებულია, რომ „გაბაშვილებს“ იწვევს დაუსჯელობის სინდრომი, დიპლომატიური იმუნიტეტი და ავადმყოფობისთვის ხელსაყრელი გარემო, მაგალითად, პარლამენტის შენობა, მმართველი პარტია და ა. შ.
რისკ-ჯგუფი: „გაბაშვილები“ ძირითადად კომუნისტების დროის ელიტის წარმომადგენლებს ემართებათ, ანუ ადამიანებს, რომელთა გენეტიკაც დაბინძურებულია სხვადასხვა ხელისუფლების საქმიანობაში მონაწილეობით. ასევე საფრთხის ქვეშ არიან რევოლუციისკენ მიდრეკილი პირები. რევოლუცია საფრთხეს წარმოადგენს დაავადების განვითარების ორივე ეტაპზე - როგორც „კოტე გაბაშვილზე“, ასევე „გოკა გაბაშვილზეც“.
დაავადების პრევენცია: ცინიზმისა და დემაგოგიის პირველივე ნიშნების გამოვლენისას ავადმყოფი უნდა მოვარიდოთ მიკროფონსა და ხელისუფლებას. სასურველია 3-თვიანი კარანტინი წინასაარჩევნოდ, რათა თავიდან ავიცილოთ მდგომარეობის გართულება და პაციენტის ხელისუფლებაში მოხვედრა.
„კოტე გაბაშვილის“ პერიოდში დაუშვებელია პაციენტის მოგზაურობა საზღვარგარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების კონტროლი გაძნელდება.
საინკუბაციო პერიოდი: „კოტე გაბაშვილის“ სტადიაში დაავადება შეიძლება რამდენიმე ათეული წელიც გაგრძელდეს ისე, რომ ვერც მივხვდეთ, სჭირს თუ არა ადამიანს „კოტე გაბაშვილი“, მაგრამ საკმარისია, ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდეს ან ქვეყანაში რევოლუციის საფრთხე გაჩნდეს, რომ დაავადება მაშინვე იჩენს თავს და პრობლემებიც გარდაუვალია.
„გოკა გაბაშვილის“ სტადიაში დაავადება თავიდანვე სახიფათოა, იმიტომ, რომ ადრეულ სტადიაში ვლინდება და უფრო ძნელი მოსაშორებელია, ვიდრე „კოტე გაბაშვილი“.
მკურნალობა: „გაბაშვილების“ საბოლოო განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ჰომეოპათიური საშუალებებით, ანუ „მსგავსის მსგავსით მკურნალობით“. „გაბაშვილების“ ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი იუმორი, დემაგოგიას - სიმართლე, დაცინვას - ღიმილი და ა. შ. ეს ყველაფერი გამოიწვევს დაავადების ესკალაციას, რაც, თავის მხრივ, შოკში გადაიზრდება და საბოლოოდ დაავადება განიდევნება ორგანიზმიდან.
ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!