ბევრ მწერალს უჭირს, საკუთარი შემოქმედების ადაპტაციის უფლება სხვას მისცეს. ეს გასაკვირი არცაა — ისტორიაში უამრავი ავტორი მოიძებნება, რომელმაც გადაწყვეტილება ინანა და თავისივე წიგნის ეკრანიზაცია მთელი გულით შეიძულა. ვერ ვიტყვით, შედის თუ არა მათ რიცხვში პოლონელი ფანტასტი ანჯეი საპკოვსკი, მაგრამ მხედვარის საგის ავტორი ამბობს, რომ ნეტფლიქსს მისთვის "საერთოდ არ მოუსმენია".
საპკოვსკის ფენტეზი სერიის მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი სეზონი მაყურებელმა ნეტფლიქსზე 2019 წლის მიწურულს იხილა. უახლეს ინტერვიუში პოლონელი მწერალი იმ დროს იხსენებს, როცა გადასაღებ მოედანს პირველად ეწვია. საპკოვსკის არ დაუკონკრეტებია, რა შესთავაზა სერიალზე მომუშავე გუნდს, მაგრამ აღნიშნავს, რომ მისი არცერთი რჩევა არ გაუთვალისწინებიათ.
"გადასაღები მოედანი შესანიშნავი იყო, საუცხოო", — ამბობს მწერალი, — "რაღაცები შევთავაზე, მაგრამ საერთოდ არ მისმენდნენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია: 'ვინაა ეს? მწერალია. არავინ'".
მსგავსი გამოცდილება საპკოვსკისთვის უცხო არ უნდა იყოს; მწერალმა ისიც აღნიშნა, რომ მხედვარის სხვა ადაპტაციები, მათ შორის, წიგნის მიხედვით შექმნილი ვიდეოთამაში, მისთვის "უცნაური" სანახავი აღმოჩნდა.
"ჩემი სამუშაო მასალა მხოლოდ ასოებია, მე ნახატებს არც ვხედავ და არც აღვწერ", — ჰყვება ავტორი, — "მხოლოდ ასოებს ვიყენებ, რადგან ვიცი, რომ მკითხველი მარტო ამას ხედავს. მერე კი [ადაპტაციებს] ვუყურებ და მიკვირს, საინტერესოა, რომ ეს ასე წარმოიდგინეს-მეთქი. ზოგჯერ ეს მომწონს, ზოგჯერ — არა. თუმცა, მეტს აღარ განვავრცობ".
საპკოვსკიმ მხედვარის პირველი წიგნი 1990 წელს გამოსცა. მას შემდეგ ავტორმა ეპიკურ საგას კიდევ რვა რომანი შემატა, ამჟამად კი უკვე მე-10 ნაწილზე მუშაობს. სერიის წიგნები მსოფლიოში 15 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული, თარგმნილია 37 ენაზე, მათ შორის, ქართულადაც.
ნეტფლიქსი კი უკვე სერიალის მე-4 სეზონზე მუშაობს. ამ სეზონში მთავარი როლის შემსრულებელი ჰენრი კავილი ლიამ ჰემსვორტმა ჩაანაცვლა. გადაწყვეტილებას ფანების მხრიდან ისეთი პროტესტი მოჰყვა, რომ კავილის სერიალში დასაბრუნებლად პეტიციაც კი შეიქმნა.