გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად და ლევან ხაბეიშვილი რჩება ნიკა მელიას გულისტკივილად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია.
„ეს არის მოკლედ „ნაციონალური მოძრაობის“ სტატუს-კვო, რომელიც დაშლის ბოლო ფაზაშია, რომელიც 2024 წლის არჩევნებს უკიდურესად მოუმზადებელი, დაშლილი და დასუსტებული ხვდება. ეს არის ლოგიკური შედეგი, რასაც იმსახურებს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც დათესეს, იმას იმკიან“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.
მოგვიანებით განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.