ვინ ჯდება ოლიგარქის განსაზღვრებაში - ივანიშვილი, თუ კეზერაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი?

ვინ ჯდება ოლიგარქის განსაზღვრებაში - ივანიშვილი, თუ კეზერაშვილი, ხაზარაძე და წერეთელი?

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი მომზადებულია და ახლა განხილვის ბოლო ეტაპზეა. მის საფუძველზე, საბოლოო სახით დამტკიცდება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ გეგმა არსებობს, ცხადია, სამოქმედო გეგმა ვერ გადაწყვეტს საქართველოში ოლიგარქების პრობლემას, რადგან დღეს ოლიგარქები არიან პოლიტიკაში და, ალბათ, გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე.

რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ანუ იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას და თანმდევ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია, კობახიძე ურჩევს, რომ მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს, თუ მათ არ მოსწონთ ეს ცვლილებები, საქმე ექნებათ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან. მისი თქმით, მუშაობა გრძელდება სისტემური მიდგომის მიხედვით და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა.

რაც შეეხება სისტემურ მიდგომას, ეს გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კანონმდებლობის ცვლილებას, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის არის კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობა, სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა. ეს არის ე.წ. სისტემური მიდგომა, რომელიც ჯერ ვენეციის კომისიის, შემდეგ კი ევროკომისიის მიერ იყო შეთავაზებული. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუსტად ამ სისტემური მიდგომის მიხედვით გრძელდება მუშაობა და დამტკიცდება სამოქმედო გეგმა.

რაც შეეხება ზოგადად ოლიგარქებს, კობახიძე ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში ჩართული არიან ოლიგარქები და ესენი არიან დავით კეზერაშვილი, მამუკა ხაზარაძე და ჭუტა წერეთელი. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამოდის, რომ ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, რომელმაც გვითხრა, რომ არ უნდა მიგვეღო კანონი პერსონალიზებული მიდგომის შესაბამისად.

„თუ ეს უნდა ოპოზიციას, დაელაპარაკოს ვენეციის კომისიას და ევროკომისიას. რაც შეეხება ოლიგარქებს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვიცით, კონკრეტული ოლიგარქები ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამას არც მალავენ, კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული. თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, ასეთი მდიდარი ადამიანი ბევრია ქვეყანაში, მაგრამ თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ფულს იყენებენ პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად, ასეთი თვითგამოცხადებული ადამიანები გვყავს კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლებაზე, განსხვავებით კეზერაშვილის გავლენისგან ოპოზიციაზე, აქ არავითარი არც ფაქტი არსებობს, არც მტკიცებულება. კეზერაშვილმა თვითონ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს მედიას, ენჯეოებს, პარტიებს, ეს არის სწორედ ოლიგარქიული დამოკიდებულება. ჩვენ გამზადებული გვქონდა კონკრეტული კანონი სწორედ პერსონალიზებული მიდგომის მიხედვით, თუმცა, ჯერ ვენეციის კომისიამ და შემდეგ ევროკომისიამ თქვა, რომ მათ არ მოწონთ პერსონალიზებული მიდგომა და პირდაპირ მოითხოვეს ამ კანონის არმიღება. ახლა რა უნდა ოპოზიციას ნამდვილად არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის კოორდინირებით და საბოლოო ჯამში, ქვეყანა თავისი არსით მიიღებს უნიკალურ დოკუმენტს იმ მხრივ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება ნაკლებად არის მსოფლიოში. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ის საკმაოდ დეტალურია და 7 სხვადასხვა მიმართულებას ეხება.

„გეგმა სტრუქტურულად აწყობილია შემდეგ პრინციპზე, რომ ერთი მხრივ, არის აღწერილი ამ 7 მიმართულებებში სად ვიმყოფებით და არის ასევე შემდგომი ნაბიჯები აღწერილი. მათ შორის, დადგენილია ვადები. ეს გეგმა შემუშავდა საქართველოს მთავრობის კოორდინირებით და მინდა მთავრობას და მის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო. საბოლოო ჯამში, მივიღეთ თავისი არსით უნიკალური დოკუმენტი იმ მხრივ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება ნაკლებად არის მსოფლიოში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მიუხედავად სამოქმედო გეგმისა, ოპოზიციაში ტრადიციულად თვლიან, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში განხორციელდება, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება შეიცვლება პროევროპული, დემოკრატიული კოალიციით. „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ მოთხოვნა უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ქვეყანაში შეწყდეს ოლიგარქიული ზეგავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

„ერთადერთი ოლიგარქიული ზეგავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე რომ აქვს ბიძინა ივანიშვილს, ეს უკვე არის დადასტურებული, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე თვლის, რომ ვერანაირი დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ არაფორმალური მმართველობის პირობებში ვერ მოხდება.

„რეალური დეოლიგარქიზაცია მოხდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ. ეს გეგმა, რაც ვნახეთ, არის დეოლიგარქიზაციის იმიტაცია. ვერანაირი დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება სასამართლოში მოსამართლეთა ოპტიმიზაციით, ან იმით, რომ საქმეების განაწილებაზე არ იქნება რიგი“,- ამბობს პაატა მანჯგალაძე.

განსხვავებული პოზიცია აქვს კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს, რომლის თქმით, გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და არსებული ოპოზიციის მიზანია კანონი მიიღონ მხოლოდ ერთი პერსონის, ივანიშვილის წინააღმდეგ, ხოლო „ქართული ოცნება“ ცდილობს კანონი საერთოდ ააცილოს ივანიშვილს და სხვების წინააღმდეგ იქნას მიღებული. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად არც ერთი ძალა არ ფიქრობს დეოლიგაქრიზაციის აღმოფხვრაზე, რადგან ორივეს უნდა, რომ საკუთარი ოლიგარქები ჰყავდეს.

„სხვათა შორის, რაშიდაც ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“ არის ის, რომ არ შეიძლება მარტო ივანიშვილზე იყოს მორგებული კანონი. ერთ პარტიაზე და ერთ პიროვნებაზე მორგებული კანონის შემოღება დაუშვებელია. კარგით, გამოვაცხადოთ ივანიშვილი ოლიგარქად, მერე რა? რას მივიღებთ აქიდან? დაიწყება პარტიების დაფინანსების კომპლექსური გეგმა, ანუ რასაც ხელისუფლება აპირებს.

ამის იმპლიმენტაციას ვინ მოახდენს, ან როგორ? სად არის იმის გარანტია, რომ ხელისუფლება ამას თავის სასარგებლოდ არ  გამოიყენებს? - არა დეოლიგარქიზაციისთვის, არამედ მისთვის არასასურველი ბიზნესმენების ჩამოსაშორებლად, ან დასატერორებლად. ამიტომ, დეოლიგაქრიზაცია საჭიროა, მაგრამ მას წინ უნდა უძღოდეს მთელ რიგ კანონებში ცვლილებების მიღება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, მნიშვნელოვანია გააზრება იმისა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია და რეალურად, სად არის ძაღლის თავი დამარხული.

აქ ყველაზე მარტივ გამოსავალს ვხედავ. ეს არის კორუფცია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით მთელი ცხოვრება. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ტრაბახობს, რომ მან კორუფცია მოსპო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, იმიტომ, რომ მასობრივი კორუფციიდან გადავედით ელიტურ კორუფციაზე და გრძელდება დღესაც. თუ მოხდება ამის პრევენცია, რომ ელიტური კორუფცია მოისპოს ქვეყანაში, ან მინიმუმამდე დავიდეს, მაშინ ოლიგარქიზაციის თემა, ფაქტობრივად, ჩამოშორდება დღის წესრიგს.

ვინც ამ კორუფციულ სქემას შეცვლის, ასეთი არ მეგულება არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში და აქ „ნაცმოძრაობას“ არ ვგულისხმობ. ჩვენ ეს კორუფციული სისტემა გვაქვს ჯერ კიდევ 1972 წლიდან, როდესაც პირველად თქვა შევარდნაძემ, რომ კორუფციას დაამარცხდებდა. კი არ დაამარცხა, პირიქით - დღესაც, აგერ, რა დღეში ვართ და რაზე ვლაპარაკობთ. მთელი ამ ხნის განმავლოვაში ყველა ხელისუფლების პირობებში საზოგადოებაში კორუფციული ურთიერთობები იყო ერთ-ერთი წამყვანი. ამიტომ, ამას ჩამოყალიბებული დოქტრინა სჭირდება, როგორ შევძლებთ ამ კორუფციული წრიდან ამოვარდნას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

მიშა კორუფცია და ნეპოტიზმი არასდროს დამარცხდება საქართველოში. ეს ჩვენს ეროვნულ ხასიათშია. ჯიგრულ ქართულ პონტში.
იქნებ, ცოტა მასშტაბები შემცირდეს.
1 წლის უკან
ილია კორუმპირებულ ევროპარლამენტარებზე რას იტყვით, პატივცემულო? ადამიანი ყველგან ადამიანია.
11 თვის უკან
მიშა ევროპარლამენტარები ნაკლებად მაინტერესებს მეგობარო. მე საქართველოზე შემტკივა გული.
სკანდინავიის ქვეყნებშიც ადამიანები არ ცხოვრობენ? ანუ, ყველა ადამიანი ერთნაირი არ ყოფილა.
11 თვის უკან