თვით ევროკავშირის ქვეყნებში არ არსებობს ოქროს სტანდარტი. არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი ძალიან მაღალია - 5% და არის ქვეყნები, სადაც საარჩევნო ბარიერი არ არის საერთოდ. საქართველოში კი სპეკულაციები 5%-იანი ბარიერის საკითის გარშემო გრძელდება. ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ საკითხი დახურა. შესაბამისად, 2024 წელს პირველი სრულად პროპორციული არჩევნები 5%-იანი ბარიერის შესაბამისად ჩატარდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ 5%-თან, შესაბამისად, თემა დახურულია.
„ოპოზიცია აცხადებს, რომ ბარიერი პრობლემა არ არის, ევროკავშირი აცხადებს, რომ ხუთი პროცენტი არის ადეკვატური. ესეც გახლავთ ანტიევროპული დეზინფორმაცია, ხდება ისე წარმოჩენა, თითქოს ევროკავშირი ითხოვს საქართველოში ბარიერის დაწევას. ეს არის ანტიევროპული დეზინფორმაცია. ამიტომ, პირველი რეკომენდაციის ხათრით, ყველას მოგიწოდებთ, ანტიევროპულ დეზინფორმაციებს ბარიერთან დაკავშირებით, შევეშვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის არც ერთ რეკომენდაციაში არ არის საუბარი ბარიერის დაწევაზე, ან პირიქით აწევაზე. აქიდან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ ბარიერთან დაკავშირებით რა წესებიც არ უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე იქნება წარდგენილი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველასთვის თანაბარი პირობები. როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განსხვავებული წესები აქვთ.
„ევროკომისიის მიერ ახლად განსაზღვრული მეოთხე ნაბიჯი ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. რაც შეეხება ბარიერს, ეს იყო შარლ მიშელის შუამავლობით ორი წლის წინ მიღწეული შეთანხმების ნაწილი. გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველებმა. ჩვენი თვალსაზრისით, არჩევნებს აქვს აზრი მაშინ, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა გაგებულია.
ასე რომ, საარჩევნო ბარიერი მნიშვნელოვანია, რადგან სიტუაცია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ხმები არ არის ასახული მომავალ პარლამენტში, არის შეუსაბამო. თუმცა, მეორე მხრივ, სიტუაცია, როდესაც გყავს ბევრი პარტია წარმოდგენილი და ძალიან რთულია წინსვლა, რადგან ზედმეტად ბევრი მრავალფეროვნებაა, ასევე არ არის სათანადო“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დესტაბილიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მეტია დაბალი ბარიერიერის პირობებში, ვიდრე სიკეთე. მისი თქმით, საარჩევნო პერიოდი ახლოვდება და ერთ-ერთი მთავარი საკითხია ბარიერი. ვინც 5%-ს ვერ დააგროვებს, ეს არ ნიშნავს, რომ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან, იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რა მხარდამჭერებიც ეყოლებათ, გარკვეული დაფინანსება ექნებათ, რათა გაფართოვდნენ, გადარჩნენ, გაძლიერდნენ და შემდეგ არჩევნებში დაუბრუნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას.
„ევროკავშირის 23-მა ქვეყანამ დადო ბარიერი 5%, რომელიც უზრუნველყოფს პლურალიზმსაც პარლამენტში და გარდა ამისა, სტაბილურობის გარანტიაა, რომ ვინც რეალურად იგებს, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, იმას ჰქონდეს მეტი შანსი ჩამოაყალიბოს მთავრობა. კიდევ ერთი ფაქტორია - როდესაც მცირე პარტიები შემოდიან, უკვე დიდ პარტიებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ თუნდაც მთავრობის ჩამოყალიბების, პოლიტიკურ ზღვარს გაცდენილი არაჯანსაღი მოლაპარაკებების და გარიგებების წინაპირობების შექმნა შეუძლიათ. დესტაბილიზაციის ნიშნები გაცილებით უფრო მეტია ამ დაბალ ბარიერში, ვიდრე სიკეთის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბარიერის დაწევა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული. ოპოზოციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ 5%-იანი ბარიერის საკითხი არ გადაიხედება, ისეთია, როგორც ამბობდნენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი არ გადაიხედებოდა.
„ვნახოთ, რა გამოვა, ბევრჯერ დაუხევია უკან „ქართულ ოცნებას“. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები თვეების განმავლობაში ველოდოთ დაბალ ბარიერს და არ მოვემზადოთ. კანონის დარღვევით გადახედეს და გააუქმეს. კონსტიტუცია მიღებულია პირველი მოსმენით, პროცესი დაწყებულია პარლამენტში, დაპირება ხალხის წინაშე და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ამიტომ, დაბალ ბარიერთან დაკავშირებით ოპოზიცია იბრძოლებს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
„ლელოს“ დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ შეცვლიან ბარიერს, მხარს დაუჭერენ ცვლილებას, თუ არ შეცვლიან, ყველა შემთხვევაში შეცვლიან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას და „ქართული ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ამასთან, სამადაშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ საბოტაჟი და დაიწყონ „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა პარლამენტში.
„ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ცრუ მოლოდინი, რომ ბარიერს არ დაწევს და ამით გადაუნაწილებელ ხმებს თვითონ მიითვისებს. საზოგადოებას რომ ესმოდეს, „ქართული ოცნება“ ერთადერთი მიზეზით ამბობს უარს ბარიერის დაწევაზე, რომ მოიპაროს მორიგ ჯერზე ხმები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერი დარჩება 5%-ზე, თუ დაიწევა ან გაიზრდება, საზოგადოებას უკვე იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების თავიდან მოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რომ „ქართული ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დაბალპროცენტიანი ბარიერი ნიშნავს ჭრელ პარლამენტს და ჭრელი პარლამენტი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც მივიდა საარჩევნო უბანზე, ხმა მისცა რომელიმე წვრილ პარტიას და მისი მუშაობით არის უკმაყოფილო, საკუთარ თავს უფრო აბრალებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხმა დაიკარგა, ანუ ასახვა ვერ ჰპოვა პარლამენტში, მაშინ უჩნდება პროტესტი. შესაბამისად, ძაბირაძე თვლის, რომ ჭრელი პარლამენტი არ არის სტაბილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„ყველაზე ჭრელი პარლამენტი საქართველოს ისტორიაში იყო 1992-95 წლების პარლამენტი. გახსოვთ, მაშინ რა ვითარება იყო. მიუხედავად ამ სიჭრელისა, ეს იყო საეტაპო პარლამენტი, იმიტომ, რომ მიიღო კონსტიტუცია, ეროვნული ვალუტა და ფაქტობრივად დაასრულა სამოქალაქო ომი. დანარჩენი ყველა ასეთმა პარლამენტმა, რაც შემდეგ გვქონდა, მიგვიყვანა რევოლუციამდე.
ჯერ „მოქალაქეთა კავშირმა“ მიგვიყვანა რევოლუციამდე. მაშინ 7%-იანი ბარიერი იყო და მივედით ვარდების რევოლუციამდე. იგივე ვითარება შეიქმნა 2012 წელს. ასე რომ, თუ გინდა, რომ უმრავლესობა გქონდეს პარლამენტში და „ქართული ოცნება“ დღევანდელ ვითარებაში მხოლოდ ამაზე ფიქრობს, რომ შეინარჩუნოს ერთპარტიული მმართველობა, მაშინ 5%-იანი ბარიერი ჯობია“, - ამბობს ძაბირაძე.
კონსტიტუციონალისტი ვარაუდობს, რომ დღევანდელი მონაცემებით 5%-იან ბარიერს მაქსიმუმ სამი პარტია გადალახავს: გახარიას „საქართველოსთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. ასეთ ვითარებაში მისი თქმით, მანდატები პროპორციულად ნაწილდება ამ სამ პარტიაზე.
„კიდევ ერთ ისტორიულ მომენტს გაგახსენებთ - 1995 წელს ჯერ 4%-იანი ბარიერი იყო და შემდეგ ავიდა 7%-ზე. მიუხედავად ამისა, ორმა პარტიამ გადალახა მაშინ ეს ბარიერი - „მოქალაქეთა კავშირმა“ და „ეროვნულმა დემოკრატებმა“. ჯამურად, ორივეს პროპორციულ ნაწილში ჰქოდათ 38%. ანუ, 62% სხვა წვრილ პარტიებზე იყო გადანაწილებული. მიუხედვად ამისა, მანდატები განაწილდა ამ ორ პარტიაზე. ასეთ შემთხვევაში, დღევანდელ ვითარებაში თუ წარმოვიდგენთ, რომ ხვალ ან ზეგ არჩევნებია, ჩათვალეთ, რომ მთელი ეს 150 მანდატი შესაბამისი პროპორციით ნაწილდება ამ სამ პარტიაზე. „ედისონ რესერჩის“ კვლევას თუ ვნახავთ, რომ არაფერი ვთქვათ მათ სანდოობაზე, იქ არსებული 5%-იანი ბარიერით ხელისუფლებას აქვს 78 მანდატი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ბარიერის დაწევა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
1995 წლის მერე, ანუ 1999 წლის არჩევნებზე კი იყო 7 პროცენტიანი ბარიერი (ჟვანიამ გოიმებივით ააგდო ედპ და სხვა ოპოზიცია და საკონსტიტუტიო ცვლილებები შეიტანეს), მაგრამ მხოლოდ მოქალაქეთა კავშირი და კოალიციური აღორძინება შევიდნენ პარლამენტში.
თან, ორივემ ჯამურად, 67 პროცენტამდე აიღეს პროპორციულში და არა 38, როგორც ძაბირაძე დემაგოგობს (ან, მეხსიერება ღალატობს).