ჯორჯ მარტინმა აღიარა, რომ წელს „ზამთრის ქარებზე“ მუშაობაში წინ პრაქტიკულად არ წაწეულა

ჯორჯ მარტინმა აღიარა, რომ წელს „ზამთრის ქარებზე“ მუშაობაში წინ პრაქტიკულად არ წაწეულა

რომანების ციკლის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ავტორმა, ჯორჯ მარტინმა განაცხადა, რომ 2023 წელს წიგნზე „ზამთრის ქარები“ მუშაობაში წინ თითქმის არ წაწეულა. ამის შესახებ მან მწერალ ბერნარდ კორნუელის პოდკასტში Bangcast განაცხადა.

„მთავარია წერას ვაგრძელებ. მინდა თქვენსავით სწრაფად ვწერო, მაგრამ უკვე 12 წელია ვაგვიანებ ამ რომანის გამოცემას, ვებრძვი მას“, - განაცხადა მარტინმა. მისივე თქმით, მას რომანის 1100 გვერდი აქვს მზად, მაგრამ კიდევ ასობით გვერდი აქვს დასაწერი.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უზარმაზარი წიგნია. შესაძლოა თავიდანვე უფრო პატარა წიგნები უნდა დამეწერა, მაგრამ ეს რთული იქნებოდა“, - დასძინა მარტინმა.

იმის შესახებ, რომ „ზამთრის ქარების“ 1100-1200 გვერდი მზად არის, მწერალი ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში ამბობდა. მაშინ ის განმარტავდა, რომ კიდევ 400-500 გვერდი აქვს დასაწერი. „ზამთრის ქარებზე“ მუშაობა მარტინმა 2011 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ციკლის მეხუთე ნაწილი „დრაკონების ცეკვა“ გამოუშვა. თავდაპირველად ის პირობას დებდა, რომ წიგნს 2014 წელს დაასრულებდა. შემდეგ ეს ვადა 2015-მდე გადაწია, მერე 2017-მდე, 2020-მდე, ბოლო კი 2021-მდე. თუმცა მას შემდეგ, რაც ვერცერთი პირობა ვერ შეასრულა, მწერალმა პროგნოზების კეთებაზე უარი თქვა.