„სალომე ზურაბიშვილი უკვე გააქტიურებულია, მაგრამ მას არა აქვს ხალხში მხარდაჭერა, რომ რამე გააკეთოს. სადაც არ უნდა ჩაიყვანონ, ქვეყნის რომელ კუთხეშიც, სამ კაცს ვერ მოძებნიან, რომ მას მხარი დაუჭიროს“

„სალომე ზურაბიშვილი უკვე გააქტიურებულია, მაგრამ მას არა აქვს ხალხში მხარდაჭერა, რომ რამე გააკეთოს. სადაც არ უნდა ჩაიყვანონ, ქვეყნის რომელ კუთხეშიც, სამ კაცს ვერ მოძებნიან, რომ მას მხარი დაუჭიროს“

ემზადება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ფლანგზე გადასასვლელად და რომელ პოლიტიკურ ლიდერებთან ალიანსში შესაძლოა ვიხილოთ? ხელისუფლებაში კვლავ ფიქრობენ, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხდევითაც ზურაბიშვილი, გახარია და ლომჯარია ერთად მოიაზრებიან. ასევე ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილმა ოპოზიციურ ფლანგზე გადასასვლელად მიხეილ სააკაშვილიც კი შეიწყალოს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა, 20 ნოემბერს, კლინიკა „ვივამედიდან“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დისტანციურად, ვიდეოზარის მეშვეობით ჩართვისას მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. სააკაშვილი გამოეხმაურა გასულ კვირაში სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგული გამოცემა le monde-სთვის მიცემულ ინტერვიუს და განაცხადა, რომ მან სწორი აქცენტები დასვა.

მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალების საკითხზე გამოთქმული მოსაზრებებიც და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ერთი ხელმოწერით შეუძლია მისი გათავისუფლება.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილი გახდა.

„არასერიოზულია მისი (მიხეილ სააკაშვილის) ქმედებები, არასერიოზული იყო მისი სიმულანტობა, არასერიოზულია სიმულანტობიდან ისევ პოლიტიკაში დაბრუნება. რაც შეეხება მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ალიანსს, რომელიც არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და სალომე ზურაბიშვილს შორის. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი თავად გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ზურაბიშვილი რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში იხილოს საზოგადოებამ.

„ჩვენც გვქონდა ამაზე საუბარი, რომ არსებობს ასეთი გეგმა: სალომე ზურაბიშვილი, ნინო ლომჯარია, გიორგი გახარია. რაც უფრო მეტი 3%-იანი, 2%-იანი, 1%-იანი პარტია იქნება წარმოდგენილი შემდეგ არჩევნებზე, მით უკეთესი ჩვენთვის, მით მეტ ხმებს დაკარგავს ოპოზიცია მთლიანობაში და მით მეტი მანდატი წამოვა ჩვენკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ფლანგზე გადასვლა ბევრ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული. ანჯაფარიძის აზრით, უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია იმაზე, 15 დეკემბერს საბოლოოდ მოგვქცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ხოლო ამის შემდეგ როგორი პოლიტიკური რეალობა დადგება.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ექსცენტრული ქმედებები ახასიათებს, თავის მოქმედებებში ასე გაუთვლელ და ემოციურ ნაბიჯებს არ გადადგამს, რომელიც ცუდად მასვე შემოუბრუნდება. ამიტომ არ ვიცი ხელისუფლება ასეთ პროგნოზს საიდან აკეთებს და რა ინფორმაცია შესაძლოა ჰქონდეს. გასაგებია გახარიას პარტიაში ზურაბიშვილის მხარდამჭერ განცხადებებს ხშირად აკეთებენ ხოლმე, თუმცა ნინო ლომჯარიას და გიორგი გახარიას ალინსი ნაკლებად წარმომიდგენია. კი, ბატონო, პოლიტიკაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჯერჯერობით მათთან შეხების წერტილები არსად გადაკვეთილა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ღირებულებითი შეხების წერტილებიც არ გააჩნიათ. ამიტომ ლომჯარიას და გახარიას ერთად დგომა ძალიან არარეალური მეჩვენება. ლომჯარიას ჯერჯერობით არასამთავრობო ტიპის რაღაცა პლატფორმა აქვს შექმნილი, რომელიც პარტიადაც არ არის ჩამოყალიბებული. არის რაღაცა ენჯეოშნიკების და ექსპერტების კლუბი, რომლებიც რაღაცა შეხვედრებს მართავენ ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ მერე პარტიად გადაკეთდეს, თუმცა გააჩნია ლომჯარია რით შემოდის, მისი ულტრალიბერალური ღირებულებები გახარიასას რამდენად ემთხვევა, ესაა საკითხავი. ზურაბიშვილ-გახარიას ალიანსი კიდევ შეიძლება დავუშვათ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი აქვე სვამს კითხვას - ზურაბიშვილის და გახარიას ერთად ლიდერობა როგორ გამოვა, გახარია გვერდით ჩაიწევს და ლიდერი ზურაბიშვილი იქნება? ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ორივე ძალიან ამბიციური ფიგურაა, ამიტომ მათი ერთად ყოფნა ცოტა რთული წარმოსადგენია.

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ თუკი ეს სამეული გაერთიანებას გეგმავს, მაშინ მათი პოლიტიკური რეიტინგი ნულს მივუმატოთ ნული იქნება. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა ნულის ტოლია, რადგან მან თავის ქმედებებით ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რისთვისაც ის ქართველმა ხალხმა აირჩია.

„მინდა ვურჩიო ზურაბიშვილს, რომ თუ პრეზიდენტობის თანამდებობას ახლავე დატოვებს, ეს მისთვის ბევრად უკეთესი გამოსავალი იქნება. ზურაბიშვილის წასვლით ქვეყანას არაფერი დააკლდება და დიდად არც არავინ ინაღვლებს. ვფიქრობ, ამ სამეულის გაერთიანება იმ ძალების ინტერესებში შედის, რომლებსაც ე.წ. ომის გლობალური პარტია ჰქვია. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სამივე ადამიანი, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და მათგან გამორჩეულად ნინო ლომჯარია, თავიდანვე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა. გავიხსენოთ მისი სიტყვები - რად გვინდა ასეთი მშვიდობა, როცა თავზე ბომბები არ გვაცვივაო. ესენი ყველა ერთი ხელიდან იმართებიან. მათი ერთადერთი მიზანია, რომ რაიმენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ და საქართველო მართოს არა ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ, არამედ აი, ამ ვიღაცის დასმულმა ხალხმა. ასევე მოხდეს ქვეყნის იმ ომში ჩართვა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიდის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ ვაიპოლიტიკოსების რეალურ ზრახვებს კარგად ხვდება“, - ამბობს გვენეტაძე და იტოვებს იმედს, რომ გიორგი გახარია მაინც კოლხი კაცია და ის ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. გვენეტაძე ამბობს, რომ მიუხედავად გახარიას შეცდომისა, როცა ის თანამდებობიდან გადადგა, მისი გადაწყვეტილება მაინც მოზომილი და გააზრებული იქნება.

„სალომე ზურაბიშვილი უკვე გააქტიურებულია, მაგრამ მას არ აქვს ხალხში მხარდაჭერა, რომ რამე გააკეთოს. სადაც არ უნდა ჩაიყვანონ, ქვეყნის რომელ კუთხეშიც, სამ კაცს ვერ მოძებნიან, რომ მას მხარი დაუჭიროს. ბუნებში ასეთი რამ არ არსებობს, „ოცნებამ“ უბრალოდ, აიყვანა და დასვა პრეზიდენტად. ხელისუფლებას მე ამას უდიდეს შეცდომად ვუთვლი“, - ამბობს გვენეტაძე.

ლევკოთეა არ მჯერა, რომ გახარია ბოლომდე თავისუფალია ივანიშვილისგან. არც ზურაბიშვილს აქვს ყველა ხიდი დამწვარი ბიძინასთან. მათი გაერთიანება მართლა ნაკლებად რეალურია, მაგრამ თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება.
ისე, ფაქტიურად, ელექტორატი არც-ერთს არ ჰყავს.
ლომჯარია საერთოდ რა მოსატანია პოლიტიკურ სუფრასთან.
1 წლის უკან