თბილისის ცენტრალურ უბნებში მეძავები აშკარა საქმიანობას ეწევიან.
ზოგიერთი ქუჩაში „მუშაობს“. უფრო პრესტიჟულები კაფე-რესტორნებში ეცნობიან კლიენტებს. მეძავობა დედაქალაქში სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ქუჩის მეძავები წერეთლის პროსპექტზე, დღისით-მზისით, პირდაპირ მანქანებში „უხტებიან“ კლიენტებს.
მათი „მომსახურეობა“ ხანმოკლეა და 3-დან 5 ლარამდე ღირს. როგორც „რეზონანსს“ უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა, ასეთი დღის „გრაფიკი“ უფრო შემოსავლიანი და უსაფრთხოა, ვიდრე ღამით „მუშაობა“.
შებინდებისას მეძავი იღლება და თუ ღამის გასათევი ადგილი არა აქვს, ან კიდევ უნდა რომ „წაიმუშაოს“, პოულობს კლიენტს და მიჰყვება ღამისთევით.
აქ უკვე ფასი იზრდება და ხშირად 10 ლარსაც აჭარბებს.
სხეულით მოვაჭრეები სასტუმრო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც სისტემატურად ეწევიან თავიანთ საქმიანობას.
აქ უფრო გამოცდილი, „სტაჟიანი“ მეძავები „მუშაობენ“. დაკვირვებული თვალი მათ ხშირად შენიშნავს ერთსა და იმავე ადგილას.
მეძავებს ძირითადად ერთი და იგივე „კლიენტურა“ აკითხავს. ისინი იმდენად თვითდაჯერებულად გრძნობენ თავს, რომ ხშირად „მოლაპარაკების ადგილზე“ უხეშობასაც არ თაკილობენ.
ერთ-ერთმა მეძავმა, რომელსაც მომავალმა კლიენტმა სიტყვიერი „შურაცხყოფა“ მიაყენა, კინაღამ სცემა „მანქანიანი ბიძა“. მან თავს გაქცევით უშველა.
შედარებით „მაღალი დონის“ მეძავები ქალაქის კაფე-რესტორნებსა თუ სხვადასხვა კლუბებში იყრიან თავს. აქ კლიენტისა და მეძავის გაცნობა სასიამოვნო გარემოში ხდება.
როგორც „რეზონანსმა“ შეიტყო, ამ კატეგორიის მეძავები საშუალოდ 20-დან 50 ლარამდე ითხოვენ.
ერთ-ერთი სხეულით მოვაჭრის თქმით, მას პურის ფული არ უჭირს, მაგრამ კარგი ცხოვრება უნდა.
„სხეული ჩემია და ვისთანაც მინდა, იმასთან დავწვები. მე ჩემს ბედს დამოუკიდებლად ვწყვეტ, განსხვავებით საროსკიპოებში „მომუშავე“ ქალებისაგან“, - განაცხადა მეორემ.
საროსკიპოების მეძავთა საკითხი ცალკე თემაა. რაც შეეხება ქუჩაში და თავშესაქცევ ადგილებში „მოღვაწე“ სხეულით მოვაჭრეებს, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ და მათ ზურგს უკან პრაქტიკულად არავინ არ დგას.
ზოგიერთ მათგანს პურის ფული უჭირს, ზოგს კი კარგი, უზრუნველი და უშრომელი ცხოვრება სურს.