დღეს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ეჭვობს, ისრაელის ქმედება ხომ არ გასცდა იმ მიჯნას, როცა „ჰამასის“ დასჯა პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯას გაუტოლდა?! ლაპარაკობენ იმაზეც, რომ შესაძლოა, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
კოლუმბიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ალჟირის პრეზიდენტის ინიციატივას ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქმის აღძვრის შესახებ ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისთვის. ამისთვის კოლუმბიის პრეზუდენტი საკუთარ საგარეო საქმეთა მინისტრს აგზავნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორ კარიმ ხანთან შესახვედრად.
პარალელურად, მაკრონიც მოითხოვს, ისრაელმა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. გაერო კი ტრადიციულად ისრაელის გადაწყვეტილებას ოთხსაათიანი ჰუმანიტარული პაუზების შესახებ „ძალიან ცინიკურს და სასტიკს“ უწოდებს.
ნეთანიაჰუს დასასრულს უწინასწარმეტყველებს რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მიმართავს, რომ ისრაელს აქვს ატომური ბომბი, ბირთვული ბომბი, მაგრამ ამ იარაღის ფლობის მიუხედავად, მისი დასასრული ახლოსაა, რადგან ის ტერორისტული სახელმწიფოა და პალესტინის მოსახლეობის სრულ განადგურებას ახორციელებს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, თუკი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ვინმე სარჩელს შეიტანს, ეს მისი უფლებაა, სავარაუდოდ, საერთაშორისო სასამართლო ამ საკითხს განიხილავს და გარკვეულ შეფასებას მისცემს. პირადად პაატა ზაქარეიშვილის პოზიციით, ისრაელის ქმედება არ ემსახურება მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში.
„მე მგონი, რასაც ისრაელი აკეთებს, ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ მუშაობს. 1948 წლიდან მოყოლებული, პალესტინის მოძრაობის აგრესიულობა არ სუსტდება, პირიქით, იზრდება და იზრდება. ყოველ ათ წელიწადში უფრო აგრესიული ხდება. დღეს ისრაელი, ალბათ, გაიმარჯვებს და მიაღწევს, რომ „ჰამასი“ არ იარსებებს, მაგრამ ათი წლის შემდეგ ის პალესტინელი ბავშვები, რომლებიც ამ საშინელებას ხედავენ, იარაღს აიღებენ და კიდევ უფრო სასტიკები გახდებიან. ამიტომ ამ ფორმით, სისხლით, საბოლოო ჯამში, ვერ განხორციელდება სამართლიანობა. უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომლითაც გაერომ დააფუძნა ისრაელი. იმავე გადაწყვეტილებით, გაერომ დააფუძნა პალესტინის სახელმწიფოც, მაგრამ ისრაელი არსებობს, პალესტინა კი არა. ვინაიდან პალესტინა არ არსებობს, პალესტინის მოძრაობა უფრო და უფრო სასტიკი ხდება, ჩემთვის ყოვლად მიუღებელ, მაგრამ რეალურ სახეს ღებულობს პალესტინელთა დაუნდობლობა. ამ სისასტიკის გაჩერება მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნით შეიძლება. ისრაელს ვუსურვებ, დაამარცხოს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, მაგრამ ამით საქმე არ დასრულდება. როგორც კი „ჰამასი“ დასრულდება, ისრაელმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკება დანარჩენ პალესტინასთან, „ჰამასის“ გარეშე, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას, გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, პალესტინის ტერიტორიაზე პალესტინის არაბული სახელმწიფო“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, პალესტინელი ქალები და ბავშვები დღეს იღუპებიან, ეს ადამიანები მსხვერპლად ეწირებიან პალესტინის სახელმწიფოს მომავალს. მათ იციან, რის გამოც კვდებიან და ეს გაგრძელდება. პოლიტოლოგის თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, პალესტინას მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შეეშინდება, ძალიან ცდება.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ისრაელმა იცოდა „ჰამასის“ მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და ძალით მიუშვა „ჰამასი“, რომ შემდეგ დაერტყა, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ასეთი ხმები ბევრია, მაგრამ ამას მტკიცებულება სჭირდება. პოლიტოლოგს უკვირს, ნუთუ ისრაელმა დაუშვა ის, რომ ათასზე მეტი ებრაელი, ქალი და ბავშვი მომკვდარიყო და მერე ეს საბაბად გამოეყენებინა ღაზაში შესაჭრელად?! ეს იმდენად ამორალურია, წარმოუდგენელია, რომ ისრაელი ამის გამკეთებელია.
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ მჭიდრო კავშირები აქვს ისრაელის ინტელექტუალებთან, იცნობს მათ, თითქმის ყოველდღე ეცნობა, რა იწერება ისრაელის პრესაში და შემთხვევითი არაა, რომ ისრაელის ბრწყინვალე ანალიტიკოსები ჯერ კიდევ 7 ოქტომბრამდე წერდნენ, რომ ნეთანიაჰუს ადგილი ციხეშია მისი უამრავი დანაშაულის გამო. თუმცა იმისთვის, რომ ციხიდან დაიძვრინოს თავი, ნეთანიაჰუმ სასამართლოს რეფორმა წამოიწყო, რათა სასამართლოს უფლებები შეუკვეცოს, დაიქვემდებაროს, ამისთვის პოპულისტურად მიმართა ფანატიკოს, მესიანისტურად განწყობილ ებრაელებს და ასეთი პოლარიზაცია ისრაელში დაარსების დღიდან არ ყოფილა.
პეტრე მამრაძის განმარტებით, ნეთანიაჰუ „ჰამასთან“ ცდილობდა საერთო ენის გამონახვას და უპირისპირებდა „ფათხს“, მაჰმუდ აბასს. ნეთანიაჰუ აცხადებდა, ჩვენ შეგვიძლია „ჰამასთან“ ურთიერთობაო. როცა ეუბნებოდნენ, „ჰამასი“ შეტევას ამზადებს, წვრთვნები მიმდინარეობს, ნეთანიაჰუ პასუხობდა, მე კონტაქტი მაქვს „ჰამასთან“ და არანაირი შეტევა არ იქნება. თუმცა დღეს ნეთანიაჰუ თვითონვე ამბობს, მეც ვაგებ პასუხს 7 ოქტომბრის გამო, ოღონდ ჯერ უნდა გავიმარჯვოთო. არადა, დღესვე რომ წავიდეს ნეთანიაჰუ პოსტიდან, ისრაელისთვის უკეთესი იქნება.
„მსოფლიოს მემარცხენე ძალები გაერთიანდნენ, ახლა შეერთებულ შტატებში აბსოლუტური ისტერიკაა, ჰარვარდით დაწყებული, უნივერსიტეტებში ერთი ამბავია ატეხილი, რომ ისრაელი ბომბავს და აწიოკებს პალესტინელ ხალხს. ამ ისტერიის მიუხედავად, ბაიდენის პოზიციაა მართალი, რომ ისეთ ტერორისტებს, როგორიცაა „ჰამასი“, და ისეთ ტირანებს, როგორიცაა პუტინი, არსებობის უფლება არ აქვთ, ისინი უნდა განადგურდნენ. მოგეხსენებათ, როგორი დემონსტრაციები გაიმართა საფრანგეთში, სადაც უამრავი პალესტინელი და არაბი ცხოვობს. ამდენი ხნის განმავლობაში მცირდება ევროპელების რაოდენობა და მოსახლეობის რაოდენობა ივსება პალესტინელი და არაბი ემიგრანტების ნაკადით, ეს უკვალოდ არ ჩაივლის, ქუჩაში დგანან და ყვირიან, „თავისუფლება პალესტინას“. წარმოიდგინეთ, ერთ მხარეს იყოს განგსტერთა ჯგუფი, როგორც ალ კაპონე იყო ამერიკაში, მეორე მხარეს-პოლიცია და ამ ორი მხარის მოლაპარაკება მოითხოვონ. ეს ხომ მარაზმია“, - აცხადებს პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას და არ ელის, რომ ნეთანიაჰუზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება „ჰამასის“ წინააღმდეგ მიტანილი იერიშის გამო, რადგან ისრაელი მოქმედებს იდეალურად.
პეტრე მამრაძის თქმით, ისრაელი თავის ჯარისკაცებს წირავს იმისთვის, რაც შეიძლება ნაკლები მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპოს ღაზაში. ისრაელმა პირველ დღესვე შესთავაზა „ჰამასს“, დაყარეთ იარაღი, ჩაგვბარდით, გამოუშვით მძევლები და არაფერი არ მოხდება, თქვენ მოგექცევიან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არავითარი წამება, ლიკვიდაცია, „წითელი ჯვარი“ გააკონტროლებს ამას. დღესაც ეს შეთავაზება ძალაშია, „ჰამასი“ კი არ ნებდება, სასტიკად იბრძვის და ფარად იყენებს მშვიდობიან მოსახლეობას. იმის გამო, რომ ფარად მშვიდობიანი მოსახლეობაა, ისრაელი ვერ გაჩერდება და „ჰამასს“ ვერ დატოვებს ძალაუფლებაში.
„დრეზდენი რომ დაბომბა ამერიკის და ინგლისის ავიაციამ მეორე მსოფლიო ომის დროს, მიწასთან გაასწორა და უამრავი ხალხი დახოცა, ეს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა იყო, თუ ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლა?! იაპონიის ქალაქებს ზედიზედ, ყოველდღიურად ამერიკული და ბრიტანული ავიაცია რომ ბობმავდა და ყოველდღიურად თითო ქალაქი ისპობოდა, გაცილებით მეტი მსხვერპლი იყო, ვიდრე ხიროსიმასა და ნაგასაკში, ეს რას ემსახურებოდა? სხვანაირად შეუძლებელი იყო ფაშისტური გერმანიის და არანაკლებად იმპერიალისტური იაპონიის დამარცხება. ეს არის ომი, ყოველი ბავშვის და ქალის სიკვდილზე, დაჭრასა და უშუქოდ, უწყლოდ ყოფნაზე პასუხისმგებელნი არიან ტერორისტები „ჰამასიდან“. ხოლო ნეთანიაჰუს თავისი შეცდომებიც ეყოფა. ისრაელის გახლეჩისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა თავი გადაირჩინოს კორუფციაში ბრალდებების გამო და არ უნდა ციხეში. ხშირია მსოფლიოში პოპულისტები, თუნდაც ბორის ჯონსონი, ძლივს მოიშორეს ინგლისელებმა, კოვიდის დროს ღრეობებს აწყობდა, ამის გამო მაინც მოუწია წასვლა, გააგდეს“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.