რამდენიმე დღის წინ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის "ფეისბუკის" გვერდზე განცხადება გაჩნდა, სადაც ის პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართავს. ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, გია ხუხაშვილს მედიასთან ურთიერთობის სხვა ფორმები ურჩიოს.
"ბატონო ბიძინა, რადგან მას თქვენი მრჩეველი ჰქვია და თქვენთან ასოცირდება, გადავწყვიტე, ღიად მოგმართოთ. უკვე მერამდენედ ვკითხულობ პრესის ფურცლებზე, რომ ბატონი ხუხაშვილი მე და ჩემს კოლეგებს (მათ შორის, "იმედის" ცნობილ სახეებსაც) უკვე პირად შეურაცხყოფას გვაყენებს. აქამდე ვცდილობდი ამ ყველაფრისთვის კრიტიკა დამერქმია, მაგრამ რადგან ტრადიციული სახე მიიღო და უფრო რთულ ფორმებში გადავიდა ხუხაშვილის რიტორიკა, თავს უფლება მივეცი, ასე საჯაროდ მომემართა თქვენთვის"
"კვირის პალიტრა" ნანუკა ჟორჟოლიანს დაუკავშირდა: - პირად შეურაცხყოფაში ვგულისხმობ იმას, რომ ხუხაშვილი ჟურნალისტებზე ამბობს - კატასტროფაა, რომ ვიღაც არის პროვინციული განათლებისა და იუმორის მქონეო. როდესაც ადამიანი მაკრიტიკებს, უნდა გამაკრიტიკოს როგორც წამყვანი. მე დავწერე კიდეც, რომ აქ ლაპარაკი არ ყოფილა მარტო ჩემზე, აქ უკვე ლაპარაკია ჩემს მეგობარ კოლეგებზე - ოთარ ტატიშვილზე ამბობს, რომ კატასტროფაა, ვიღაცაზე ამბობს, ბოროტიაო, ჩემზე - ცინიკოსიაო.
ის არ არის მედიაექსპერტი, მაგრამ მას უფლება მისცეს და თვითონაც მისცა თავს უფლება, ნებისმიერი ადამიანი გააკრიტიკოს.
მე როგორც გასართობი შოუს წამყვანს, არასდროს დამისვამს კითხვა, როგორია გია ხუხაშვილი როგორც რკინიგზის არარსებული დირექტორის მრჩეველი. ასევე არა მგონია, რომ რკინიგზის არარსებული დირექტორის მრჩევლისა და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის საქმე იყოს გასართობი შოუების კრიტიკა. არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვის აზრსაც ვითვალისწინებ, მაგრამ ხუხაშვილიც ნუ გახდება ჩვენი კრიტიკოსი. ძალიან ბევრი საქმე აქვს და იქნებ თავისი საქმით დაკავდეს.