უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც დღემდე მიხეილ სააკაშვილისგან ლიბერალიზმითა და გაწონასწორებულობით გამოირჩეოდა, აიშვა და თანამემამულე ბიზნესმენების „გაპარსვას“ მიჰყო ხელი.
იუშენკოს განცხადებით, უკრაინაში მალე მოხდება რიგი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ხელახალი პრივატიზება, რაც, მარტივ ენაზე, ქონების ძველი პატრონისათვის წართმევას და ახლისათვის მიყიდვას ნიშნავს.
იუშენკოც, სააკაშვილის მსგავსად, „დარეკეტების“ მიზეზად წინა ხელისუფლების მიერ ამ ობიექტების პრივატიზაციისას დაშვებულ დარღვევებს ასახელებს.
ახალი პატრონები სავარაუდოდ, გამოუჩნდება უკრაინის ტელეკომს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, აგრეთვე ოდესის საპორტო ქარხანას და ლუგანსკის თბომავლების ქარხანას.
უკრაინაში ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რომ ჩამოთვლილი კომპანიების ამჟამინდელი მფლობელები იანუკოვიჩის მხარდამჭერები არიან და მათი ქონების რეპრივატიზაციაც ამ მოტივით გადაწყდა.