მართალია, ეკონომიკური მიღწევების გადასაღებად ჯერჯერობით ჩვენთან არავინ ჩამოსულა (უცხო თვალი ამ ეტაპზე მხოლოდ ქართული პოლიციის რეფორმისკენაა მომართული), მაგრამ, სამაგიეროდ, თავად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გვანებივრებს ნოვაციებით.
მათ შორის, ისეთებითაც, რომლებიც ახალგაზრდების ქვეყნის ეკონომიკურ მართვაში ჩართვაზეა ორიენტირებული. თავდაპირველად იყო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის (მათ მინისტრის კაბინეტშიც კი წაიმუშავეს), ხოლო სულ ახლახან ქ-ნ ქობალიას უწყებამ ქართული ეკონომიკის სამსახურში ქართველ სტუდენტთა რუხი ნივთიერების ჩაყენებაც მოიწადინა.
მოიწადინა და გაკეთებასაც შეუდგა. სახელდობრ, სამინისტრომ მქუხარე სახელწოდების – „ახალი ინიციატივა მომავალი ბიზნესმენებისთვის“ – კონკურსიც გამოაცხადა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში კონკურსანტები სტუდენტები იქნებიან. ერთი ისაა, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება ბიზნესგანათლებას დაწაფებულ, ოღონდ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეეძლებათ.
ჯერჯერობით პროცესში მხოლოდ ექვსი უნივერსიტეტი ჩაერთვება. რატომ მხოლოდ ექვსი, უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ბიზნესგეგმები, რომელთა შორის საუკეთესოებს სამინისტრო შეარჩევს, ხოლო მათგან საუკეთესოებს კი განსახორციელებლად ბიზნესსექტორს შესთავაზებს.