ცხელი კვირის ცხელი ამბები - ამ ხელისუფლების კრიტიკოსი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე როგორ დაიბარა პრემიერ-მინისტრმა მასთან ინტერვიუზე, რას ამბობენ ევროპაში ქალაქის ყოფილი მერის ხმაურიან დაპატიმრებაზე და როგორ აღმოჩნდა ევროპის სახალხო პარტიის მხარდასაჭერი განცხადება "ტრუხა". მაშ ასე, საფრანგეთიდან "ქრონიკის" კითხვებს უპასუხებს გიორგი ფოფხაძე.
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დღეს, 27 ივნისს, თქვენთვის მოულოდნელად პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ინტერვიუზე დაგიბარათ. რა ისაუბრეთ კადრს მიღმა?
- ეს იყო ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ჩემთვის უცნობია, ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო თუ მისმა პრესსამსახურმა, მაგრამ ფაქტს გიდასტურებთ, რომ ასე მოხდა. 27 ივნისს, როცა ასოცირების ხელშეკრულებაზე იყო საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ჩამოსული, ნამდვილად არ მოველოდი, თუ ინტერვიუს შესაძლებლობა მომეცემოდა პრემიერთან, რადგან ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, პოლიტიკური წარსულის გამო დაკომპლექსებული ვართ. სააკაშვილი თავისი მმართველობის დროს, როცა უცხოეთში ვიზიტად ჩამოდიოდა, ქართველ ჟურნალისტებს ინტერვიუს მიცემას ვინ აღირსებდა. გააკეთებდა განცხადებას, შემდეგ იმ კადრებს ნახულობდა, რაც ოპერატორებმა გადაიღეს, პრეზიდენტის პრესსამსახური მითითებებს აძლევდა მათ, რა უნდა დაემონტაჟებინათ და მხოლოდ ცენზურის შემდეგ ხვდებოდა ეკრანზე პრეზიდენტის გამოსვლა. ნამდვილად არ გამიკეთებია განაცხადი, რომ სურვილი მქონდა, პრემიერი ჩამეწერა. ეს ფაქტი მოხდა შემდეგნაირად: მივედი ასოცირების ხელშეკრულების ცერემონიაზე, ჩემთან მოდის პრემიერის პრესსამსახურიდან ანა გოჩაშვილი და მეუბნება, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემდეგ პრემიერს ინტერვიუ თქვენთან ექნებაო. ნამდვილად არ ვყოფილვარ მომზადებული, ვიფიქრე, რომ მაღადავებდა, მოულოდნელობისგან შოკი მივიღე, ნამდვილად მოუმზადებელი ვიყავი. როცა პრემიერ-მინისტრს შევხვდი, იცით, პირველი ფრაზა რა იყო?.. თქვენს აქტიურობასა და კრიტიკას ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს, ძალიან კარგი, რომ თქვენ აკრიტიკებთ ხელისუფლებას, ამას მხოლოდ მივესალმებიო. მე მაშინ მას ვკითხე, - მთავარია, თუ ითვალისწინებთ ამ კრიტიკას?.. მიპასუხა, - რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ და ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურიაო. მართალი გითხრათ, ეს არის ევროპული სტანდარტი, რაც მან ჩემთან მიმართებაში გააკეთა. ბრიუსელში აკრედიტებულ ჟურნალისტებს აქაურები იმიტომ გვაფასებენ, რომ ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ. ევროპაში პოლიტიკოსს რაც უფრო მეტად აკრიტიკებ, ჟურნალისტი უფრო საინტერესო ხდები. მაგალითად, მე ასეთი პატარა საინტერესო რამ შემემთხვა... ბაროზოს შეხვედრა იყო ჟურნალისტებთან და ამ შეხვედრაზე არ აღმოვჩნდი. იმ დროს ვმუშაობდი რადიო "ფრანსში", ავდექი და სოციალურ ქსელში "ტვიტერზე" გამოვაქვეყნე, რატომ არ აღმოჩნდა რადიო "ფრანსი" ბაროზოსთან შეხვედრაზე, როგორც ჩანს, კრიტიკოსი ჟურნალისტები არ უყვარს-მეთქი... ზუსტად ორ წუთში ბაროზოს პრესსამსახური დამიკავშირდა, ბოდიშები მომიხადეს და მას შემდეგ, არც ერთ შეხვედრაზე არ გამოვუტოვებივარ.
რა რეაქცია მოჰყვა ევროპაში გიგი უგულავას დაპატიმრებას. რას წერს პრესა?
- ევროპელმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რაც უფრო მაღალია თანამდებობა, უფრო მაღალია იმ პირის პასუხისმგებლობა. ეს ფრაზა ჯეიმს აპატურაიმ პირადად ჩემთან ინტერვიუში განაცხადა. გასულ წელს, როდესაც პირველად დაკითხვაზე დაიბარეს გიგი უგულავა, ზუსტად იმ დროს ნატო-ს მინისტერიალი იყო და ჯეიმს აპატურაისთან ჩავწერე ინტერვიუ. მან პირდაპირ მითხრა, - ჩვენ ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში, რომ არ იყოს პოლიტიკური ნიშნით დევნა, მაგრამ თუკი ადამიანმა დააშავა, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე და ზუსტად ეს ფრაზა თქვა, - რაც უფრო მაღალია თანამდებობა, მით მეტია იმ პირის პასუხისმგებლობაო.
ევროპის სახალხო პარტიის საგანგებო განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ისინი აღშფოთებას გამოთქვამენ უგულავას დაპატიმრების გამო. თქვენ გამოთქვით სოციალურ ქსელში ვარაუდი, რომ ეს მათი ხელწერა არ არის, ვინ დგას ამ განცხადების უკან?
- ეს განცხადება ერთ კაბინეტში დაწერილი მგონია. სოციალურ ქსელში დავწერე, - ნეტა, გიგა ბოკერია კარნახობს თავის ცოლს ამ განცხადების შინაარსს, თუ ცოლი კარნახობს და გიგა წერს-მეთქი, რადგან ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ევროკავშირში გიგი უგულავას დაჭერისთვის არავის არ სცხელა და არ სცალია. ამ მომენტისთვის ევროსტრუქტურებში მიდის ფორმირება ახალი ხელისუფლების. ევროპარლამენტში ხელახალი ფორმირების პროცესია, იქ მიმდინარეობს შიდაკულუარული მოლაპარაკებები ფრაქციების ჩამოყალიბებაზე, ევროპის სახალხო პარტიაში მიმდინარეობს დაჯგუფებების დაპირისპირება, მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიებისა და ლიბერალურ-ცენტრისტული მემარჯვენე დეპუტატებს შორის. ევროკომისარიატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინეს ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერი. ეს გახლავთ ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, თუმცა ის ვერ გავიდა. მას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი არ უჭერს მხარს და კიდევ სხვა კონკრეტული პოლიტიკური ძალები მის კანდიდატურას აპროტესტებენ. ასე რომ, ევროპის სტრუქტურებში ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და უგულავასთვის ნამდვილად არ სცხელათ.
თქვენ ამბობთ, რომ "ნაციონალებისთვის" არასახარბიელო პერიოდია ევროპაში?
- დიახ, "ნაციონალებისთვის" ნამდვილად არასახარბიელო პერიოდია, თავს ვერ გამოვიდებ, რომ ეს სიტუაციები ჩვენმა მთავრობამ ისე კარგად იცოდა, რომ ამ პერიოდს დაამთხვიეს უგულავას დაპატიმრება. ახლა რომელიმე ევროპელმა საქართველოს მთავრობას რომ რამე უთხრას, ნამდვილად ექნებათ არგუმენტები და სალაპარაკო, ისინი მოუბრუნდებიან და უპასუხებენ, - სარკოზის დაპატიმრებაზე ხმა არ ამოგიღიათ, განა იგივეს არ ედავებით სარკოზის?!.
არა, გიორგი, დიდი განსხვავებაა. უგულავამ 50 მილიონზე მეტი გაფლანგა, ასევე ათეთრებდა შავ ფულს. რაც შეეხება სარკოზის, მას არჩევნების წინ "ლორეალის" მეპატრონემ, ასაკოვანმა ქალბატონმა ათასი ევრო გადაურიცხა და პროკურატურა ედავება, რომ ამ ასაკოვანი ქალბატონის არაჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობა ცუდად გამოიყენა. ასევე, პროკურატურა ეჭვობს, რომ მას აფინანსებდა კადაფი.
- პრინციპში, რასაც სარკოზის ედავებიან, უგულავას გაფლანგული ფულის ფონზე, "სემიჩკის" ფასად მოჩანს... ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას მინდა დავუბრუნდე, იცით, რატომ მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას შეთხზულია?.. ეს განცხადება რომ ევროპის სახალხო პარტიას გაევრცელებინა, აუცილებლად მომივიდოდა ელექტრონულ ფოსტაზე, რადგან, როცა ევროპის "სახალხო პარტია" ოფიციალურ განცხადებას აკეთებს, ის ყველას უგზავნის განცხადების ტექსტს, პირველ რიგში ბრიუსელში აკრედიტებულ ჟურნალისტებს. მე ვიფიქრე, შესაძლოა მათ მე გამოვრჩი, ამიტომ გადავამოწმე კოლეგებთან და მსგავსი წერილი არც ერთ მათგანს არ მიუღია. შესაძლოა, ბოკერიას ევროპის სახალხო პარტიის რომელიმე წარმომადგენელმა დაურეკა და ნებართვა მისცა, დაეწერა განცხადება მათი სახელით, რადგან არ დაგავიწყდეთ, რომ თვითონ "ნაციონალური მოძრაობა" ევროპის სახალხო პარტიის წევრია. ასეთ განცხადებებს აკეთებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში დიმიტროვი, რომელიც გიგა ბოკერიას საუკეთესო მეგობარია. მე დიმიტროვის ძალიან გამკვირვებია. შე მამაცხონებულო, 9 წლის მანძილზე არც ერთი დარღვევა არ დაგინახავს საქართველოში?!. დიმიტროვი არის ევროკავშირის სირცხვილი. მასში გიგი უგულავას საქმე იწვევს შეშფოთებას, ხოლო გირგვლიანის მკვლელობა შეშფოთებას არ იწვევდა. მერე დააკავეს მერაბ რატიშვილი, მას დააბრალეს ბარიგობა, წარმოუდგენელი ჩირქი მოსცხეს, არაფრის გულისთვის 9 წელი ციხეში ჩასვეს. 200 პოლიტპატიმარი რომ ჰყავდა წინა მთავრობას, ეს დიმიტროვისთვის არ იყო შემაშფოთებელი. 40 ათასი პატიმარი რომ იჯდა სააკაშვილის ციხეში და 300 ათასი პრობაციონერი ჰყავდა ქვეყანას, არც მაგას შეუშფოთებია. ვაზაგაშვილი და რობაქიძე რომ ქუჩაში ჩაცხრილეს, არც ეს იყო დიმიტროვის შეშფოთების ღირსი... სააკაშვილის რეჟიმმა ქართველ ხალხს მოუწყო 26 მაისი, 7 ნოემბერი... ეს ნორმალური იყო დიმიტროვისთვის?!. დღეს ეს თავხედები გამოდიან და რეპრესიებზე ლაპარაკობენ. დიმიტროვს ურჩევნია, გაჩუმდეს და ხშირად ის გაიხსენოს, საკუთარი სამშობლოდან რატომ გამოაძევეს. "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ ასაკრძალია. მე არ მახსენდება, იგივე დიმიტროვს გაეპროტესტებინოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლა. დღემდე არ არსებობს პასუხი, რის გამო დააპატიმრეს ფოტოგრაფები, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ გვაქვს, 26 მაისს გადაღებული ფოტოები ბრიუსელში ბარამიძეს ცხვირწინ უფრიალეს. ამის გამო იძიეს შური ფოტოგრაფებზე და ისინი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს. სად იყვნენ მაშინ ეშტონი ან დიმიტროვი... "ნაციონალები" არიან შუბლგაწყვეტილი ადამიანები, რომლებიც აქეთ შემოგვიბრუნდნენ და გველაპარაკებიან, რომ თურმე ახალ მთავრობას ქურდებთან ჰქონია საქმე. უკაცრავად პასუხია და, გივი თარგამაძე ვის ელაპარაკებოდა უკრაინაში?.. როგორც მახსოვს, ქართველ "კანონიერ ქურდებს" ავალებდა დონეცკის კონტროლს ტიმოშენკოს არჩევნებზე... ვასილიჩი არ იყო ბელორუსის ოპოზიციის ლიდერის მკვლელობას რომ უკვეთდა?!. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს, ძალიან ცდება... ესენი ლაპარაკობენ, რომ მოსამართლემ უგულავას საქმესთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. თქვე მამაცხონებულებო, ეს მოსამართლე არ იყო, 14 წლის ბავშვს არასწორად რომ მიუსაჯა 10 წელი?.. ზირეკიძის საქმესთან დაკავშირებით ხმას რატომ არ იღებდით?!. მაშინ რატომ არ გააპროტესტეთ ამ მოსამართლის გადაწყვეტილება?!. ჩვენ რამდენი ასეთი ფაქტი კიდევ არ ვიცით... ესენი კი გამოდიან და აქეთ გვედავებიან. ამ მთავრობას იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ სწორედ მათ მისცეს უფლება "ნაციონალებს", რომ ამდენი ელაპარაკათ. გიგი უგულავა იყო მოსიარულე კორუფცია, გამაგებინეთ, არ უნდა დაეჭირათ?!. დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?!. კიდევ აღშფოთებულები არიან ბაჩო ახალაიას პატიმრობა რატომ შეუფარდესო, ეს ხომ არაფერში აღარ ჯდება?.. თეთრაძე წამებით მოკლეს, დავუშვათ, ის კაცი ჯაშუში იყო, დააპატიმრე, მაგრამ წამებით სულს რატომ ხდი, რატომ აუპატიურებ?!..
თქვენი აზრით, ვინ იქნება შემდეგი?..
- იმდენი ვინმეა რიგში, ვერ გეტყვით, ვინ იქნება შემდეგი... შეიძლება თბილისში დიდად არ ჩანდნენ, მაგრამ აქ რომ ჩამოდიოდნენ, ისე ცხოვრობდნენ, როგორც ბრუნეის პრინცები... ხალხისთვის მოპარული ფულის ხარჯზე "გულაობდნენ", ბიძინა ივანიშვილს არ მოელანდება იმდენი ფული, რაც "ნაციონალებს" აქვთ გაკეთებული და არც ის დაესიზმრება, როგორც ესენი გრიალებდნენ. გიგი უგულავას ღამის ბარში გადაღებული ცნობილი ფოტოები, განგრეულ კაიფში რომ არის, გგონიათ, დაუმონტაჟეს?!. ეს ხომ უახლოესი წარსულია. ფაქტია, რომელსაც ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავს. სულ ახლახან "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო იარაღის შესყიდვებზე. იცით, საქართველოზე სტატიის ავტორს რა უწერია?.. სქემაა, როგორ ათეთრებდნენ კეზერაშვილი და მისი დაჯგუფება ფულს. პოულობდნენ ფირმას, რომელსაც ამერიკიდან უკვეთდნენ იარაღს. იცით, რამ დააეჭვა ამერიკელები?.. თუ ერთ ავტომატში საქართველოს უნდა გადაეხადა პირობითად 100 დოლარი, საშუამავლო ფირმას ავტომატის შესყიდვისთვის უხდიდნენ 250 დოლარს. ახლა ხვდებით, ესენი რა "ატკატებს" აკეთებდნენ?.. ამერიკელები შოკში ჩავარდნენ, რადგან, როცა დაიანგარიშეს, საშუამავლო ფირმები 100 დოლარზე იღებდნენ 10 დოლარს, ესენი კი დამატებით უხდიდნენ 250 დოლარს. ასე ხდებოდა ყველაფერში. როგორ გგონიათ, ლობისტურ ფირმებს რომ ქირაობდნენ, 200-300 ათას დოლარს რომ უხდიდნენ, ეს იყო ხელოვნურად გაზრდილი თანხა და ამაში "ატკატებს" იღებდნენ... ჩვენ 25 წელია, ვცხოვრობთ დაუსჯელობის სინდრომით. კიტოვანი თავის დროზე რომ ვინმეს დაესაჯა, ვეღარ გაბედავდა იმას, რასაც დღეს ბედავს. მიმაჩნია, რომ 1992 წლიდან დაწყებული დღემდე, ვისაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველა უნდა გასამართლდეს. თუ არ შეიქმნა პრეცედენტი, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვინც არ უნდა იყოს ის, ქვეყანას არაფერი ეშველება, კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს. ხომ ხედავთ, რა მოხდა საფრანგეთში. საფრანგეთმა სარკოზის დაკავებით დაამტკიცა, რომ ყველა თანაბარია კანონთან. წარმოიდგინეთ, სარკოზიმ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი გააჩერა, მის პოლიტიკურ ისტორიაში ეს იყო მწვერვალი. ევროპელები მის მზეს ფიცულობდნენ, სწორედ ამ ადამიანს საფრანგეთმა ბრალი წაუყენა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ, რადგან დააშავა, დაისაჯა კიდეც. თუ საქართველოში პროცესები ამ გზით არ წარიმართა, მუდმივად ვიტრიალებთ ერთ წრეზე. ამიტომ, ეს ჯადოსნური წრე უნდა გაირღვეს და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
დაბოლოს, დამნაშავეს ყველგან ერთი ფსიქოლოგია აქვს. როგორც უგულავა, სარკოზიც აცხადებს, რომ ის არის საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი პატიმარი და მასზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა.
- მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ქართული მედიის დამახინჯებული თარგმანი. სარკოზიმ ილაპარაკა არა პოლიტიკურ დევნაზე, არამედ სიტყვასიტყვით ასე თქვა: შესაძლოა, ჩემმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ეს ყველაფერი გამოიყენონ ჩვენი პარტიის წინააღმდეგო. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საფრანგეთში იყოს პოლიტიკური დევნის ნიშნები და ფრანგები სახლში დასხდნენ. ვინმეს ეჭვი რომ შეჰპარვოდა, რომ სარკოზიზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა, ამას ფრანგი ხალხისგან რევოლუცია მოჰყვებოდა. 65 მილიონი ფრანგი ქუჩაში გამოვიდოდა, ხოლო გიგი უგულავას დაკავების დღე ხალხმა ზეიმად აქცია.