მისი ცხოვრება იმაზე მეტ დროს მოიცავს, ვიდრე ერთი მეათედდაკლებული სრული საუკუნეა... 18 ნოემბერს ბერი დავითი (ჭაბუა ამირეჯიბი) ოთხმოცდაათი წლის გახდა.
სამართლიანობისთვის ბრძოლა გენეტიკურად მოსდგამს. რეპრესირებული ოჯახის შვილს, მეამბოხე სულისკვეთების ჭაბუა ამირეჯიბს თავადაც რთული, ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა.
მთელი სიცოცხლე და პიროვნული შესაძლებლობები ადრეული ასაკიდანვე ქართველი ერის თავისუფლებას, მომავალში მის განვითარებასა და წინსვლას უძღვნა, რაც სამჯერ დახვრეტის განაჩენითა და საერთო ჯამში ოთხმოცდაერთი წლით რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში ტუსაღობით უნდა აღნიშნულიყო. თექვსმეტწლიანი პატიმრობის, ექვსჯერ გაქცევის მცდელობისა და საბოლოო, წარმატებული გაქცევის შედეგად თავისუფლება მოიპოვა...
მას ჰქონდა პერიოდები, როდესაც ცხოვრებისეული მოვლენებით კმაყოფილი ყოფილა. მტკივნეული ეტაპები კი მრავლად არგუნა ღმერთმა. მშობლების, მეგობრების დაკარგვა, მარადი მტკივნეულობა სამშობლოს უხეირო, დამამცირებელი დღეების, წლებისა და ისტორიის გამო... ამ უმსგავსობას შეეწირა ჭაბუა ამირეჯიბის ირაკლიც - მწერლის ექვსი შვილისგან ერთ-ერთი, ის აფხაზეთის ომში დაიღუპა. ახლა მწერალი მორიგ ნაწარმოებზე მუშაობს - ბიოგრაფიას, რომელზეც პირდაპირპროპორციულად აისახა ეპოქის ყოველი დარტყმა და ცვლილება, მოგონებებად შეკრავს.
ორი წლის წინ ჭაბუა ამირეჯიბი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ბერად აღიკვეცა და წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. პატრიარქისვე კურთხევით ბერ დავითს უფლება აქვს, იცხოვროს შინ, ილოცოს ერზე და განაგრძოს წერა.
ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მეტყველებს - მზერით, ქცევით, მელნით... დუმილით, უბგეროდ ხმაურობს... ცხოვრებამ კიდევ უფრო რთული ხვედრი არგუნა - მძიმე ოპერაციის შედეგად ჭაბუა ამირეჯიბმა მეტყველების უნარი დაკარგა. ახლა კალმით გადმოსცემს ყველა საყოფაცხოვრებო წვრილმანს, ელემენტარულ სურვილსაც კი... კალამი მხოლოდღა ხელსაწყოა, რომელიც გულისა და ჭკუის ნადებს, საკუთარ განწყობასა და წარსულთან თუ აწმყო-მომავალთან სულიერი ურთიერთობების მკითხველთან გაზიარების საშუალებას უქმნის. ამასთან, სიმძიმისგან ათავისუფლებს - ნაფიქრის სიმძიმისგან.
- მრავალნაირი სიძნელითა და განცდებით აღსავსე იყო გზა ერისკაცობიდან ბერობამდე. თექვსმეტი წელი რუსი ბოლშევიკების ბანაკებში... პატიმრობიდან ექვსი გაქცევა - სამი წარმატებული. ერთი სიტყვით, რთული ბიოგრაფიის კაცი ვარ. რაც შეეხება ბერად აღკვეცას, მორწმუნე წინაპრების შთამომავალი და თავადაც ბავშვობიდანვე მართლმადიდებელი რწმენის მქონე ადამიანი გახლდით. განსაცდელებიდან ცოცხლად თავის დაღწევა მხოლოდ ღვთის წყალობით იყო შესაძლებელი. ხომ უნდა მიმეზღა მადლიერება! ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. ჩემი ბერობა ერთობ თავისებურიცაა, ვზივარ ჩემს ოთახში და ვაგრძელებ ღვთისავე ბოძებულ ხელობას - ვწერ და ვეწევი ე.წ. ინტელექტუალურ ცხოვრებას.
რა გენატრებათ?
- თავისუფალ, კმაყოფილ საქართველოში ცხოვრება მენატრება ერთ წლის მანძილზე მაინც...
რა აზრის ხართ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე?
- მგონი, ისეთი არაფერი ხდება, რაც არ განგვიცდია და გადაგვიტანია წარსულში.
ვართ ხარბი, მომხვეჭელი, ტრაბახა ხელმძღვანელობის მონები და ველოდებით ცვლილებებს.
მართლაც, არის თუ არა შანსი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსი გააუმჯობესებს ქვეყნის მდგომარეობას?
- ამ კითხვაზე პასუხი ნათქვამიც მაქვს და გამოქვეყნებულიც, მაგრამ პრობლემა იმდენად ღირსეულად მიმაჩნია, რომ ახლა სხვა ფორმით გამოვთქვამ ჩემს შეხედულებას. რამდენადაც ქართველი ერისა და მთელი მსოფლიოს ისტორიას ვიცნობ, ამა თუ იმ ქვეყანას გასაჭირისას მხსნელი ევლინება ხოლმე, პიროვნება, რომელიც თავისი ერის უკუღმა წარმართულ ბედ-იღბალს წაღმა, სასურველ არხში ჩააბრუნებს. ასეთები, მოგეხსენებათ, გვყავდა და ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი მათგანია. ასე მწამს და აქედან ფეხს არ მოვიცვლი!
ბოლო დროს ზოგიერთი ხელოვანი პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცა. რამდენად თავისუფალია დღეს შემოქმედებითი პერსონა საქართველოში? რა კომენტარს გაუკეთებდით თუნდაც რობერტ სტურუას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
- ესეც, რაც ხდება და მოხდა, საკითხისადმი ავადმყოფური მიდგომის შედეგია. ჭკუათამყოფელი კაცი საკუთარი პერსონისადმი ვისამე უარყოფით აზრს, მით უმეტეს ხელოვანისას, ასე სულელურად არ გასცემდა პასუხს, ყოველ შემთხვევაში, სხვა ამგვარი მიდგომა პირადად მე არ მაგონდება.
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ხელოვანთა სიაში აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც საზოგადოების ნაწილი ხელისუფალთა მეხოტბეებად მოიხსენიებს. როგორ შეაფასებთ კონკრეტულ სიტუაციაში მათ დამოკიდებულებას?
- თუ არ ვცდები, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულთა რიცხვში იმხანად მოხვდნენ, სანამ ხელისუფალთა ლაქიებად იქცეოდნენ. ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ამ ცოდვილთა ცხოვრება უკეთესობისკენ შემოტრიალდა ხელისუფალთა მზრუნველობის შედეგად, მაგრამ არა მგონია, დაფინანსება მოუსპოს - ალბათ, დაელოდება, რომ მათ თავად განაცხადონ უარი ამ დახმარებაზე.
ხშირად მოძალებული ფიქრი...
- სამშობლოს მომავალი მეფიქრება. ვფიქრობ იმაზე, თუ როდის და რა ხერხებით მოხდება სააკაშვილის წაბრძანება.
რა აზრის ხართ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გატარებულ პოლიტიკურ კურსზე?
- რა აზრის შეიძლება ვიყო კაცზე, ვინც მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლს თბილისიდან აძევებს და მერე მას ველოსიპედით შეცვლის?! ავადმყოფი ადამიანია. სხვას ვერაფერს გეტყვით.
"ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა" - დღესაც აქტუალურია დათა თუთაშხიას ეს ფრაზა. გქონიათ თუ არა თქვენც იგივე შეგრძნება?
- არასოდეს ვყოფილვარ წარსულში იმდენად მდიდარი, რომ ვინმესთვის "ჩამეცვა". მე, ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ყოველთვის ვასრულებდი წინაპართაგან მონიჭებულ და მათ მიერვე დავალებულ "ჩაცმას"- ჩემი ღმრთისავე ბოძებული შესაძლებლობების ფარგლებში. გაღებული სიკეთე ყოველთვის ანაზღაურებადი მქონდა. მართალია, ჩვენი უწიგნური თამადა კარგს არაფერს მიკეთებს, მაგრამ მიპატიებია, რადგან მისთანათაგან სხვას არაფერს უნდა მოელოდოს კაცი.
ვინ არის დღეს დათა თუთაშხია?
- მაგის პასუხი ხალხმა უნდა იპოვოს, მით უმეტეს, რომ ჩვენს სინამდვილეში მოვიდა კაცი, რომლის ისტორიული ამოცანაა სამშობლოს მომავალი.
რისი იმედი გაქვთ?
- როგორც ყოველთვის, ჩვენი ერის ისტორიაში კაცის მოსვლის იმედი მაქვს. კაცისა, რომელიც ჩემს იმედს განახორციელებს.
გზა ხსნის...
- ჭკუით, ქართველებო! - ეს ჩემი შეძახილია და ვიმედოვნებ, რომ ქართველი ერი ჭკუას მოიკრებს და ისე შეხედავს მომავალ გამოწვევებს.
თქვენი პროგნოზით, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში?
- დადებითად, ანუ ისე, რისი ღირსიც ვართ ჩვენ - ქართველები.
90 წელი... რამდენია?
- 90 წლის ასაკი არც ბევრია და არც ცოტა. იმდენია, რამდენის გაკეთებაც შეძელი სამშობლოსთვის. ამ ხნის კაცს სხვა საფიქრალი არა აქვს.