ბოლშევიკური სომხეთის თავდასხმა

ბოლშევიკური სომხეთის თავდასხმა

სომხეთის საზღვრებიდან, ბორჩალოს ხაზით, შეიარაღებული მტერი საქართველოს ხელმეორედ თავს დაესხა.

პირველს ადგილი ჰქონდა 1918-ის დეკემბერში და მას დამოუკიდებელი სომხეთის ნაციონალური მთავრობა მეთაურობდა. მეორე თავდასხმა, როგორც ამას გენერალური შტაბის ცნობა გადმოგვცემს, დაიწყო ამა წლის თებერვლის 11-ის ღამეს და მას აწარმოებს უკვე დამოუკიდებლობა დაკარგული სომხეთის საბჭოთა მთავრობა.

1918 წლის დეკემბერში სომხეთის ფარული მოკავშირე იყო რუსეთის გენერალი დენიკინი, რომელმაც სომხეთთან ერთად საქართველოს ჩრდილო საზღვარს შეიარაღებული ძალებით ვერ შეუტია, იმიტომ რომ ერთის მხრით - დროზედ ვერ დაასრულა და მეორეს მხრით საქართველოს ჯარის სიმტკიცემ უცბად შემუსრა შემოსეული მტერი და შეუძლებელი გახადა საქართველოში რაიმე ანარქიის და დაბნეულობის განვითარება.

დღეს სომხეთის ეროვნული სხეული ფაქტიურად საბჭოთა რუსეთის სახელმწიფოებრივ ორგანიზმშია შესული და ამიტომაც ამ თავდასხმაში სომხეთ-რუსეთის ჯარები კარგად შეიარაღებულია, რაც 1918 წლის დეკემბერში მიუღწეველი დარჩა დაშნაკელთა მთავრობისა და გენერალ დენიკინისთვის.

არის კიდევ ერთი განსხვავების მომენტი: მაშინ დამოუკიდებელი აზერბაიჯანი, ჩვენი უშუალო მესაზღვრე, სომხეთ-საქართველოს ომში ფაქტიურად ნეიტრალურ პოზიციაზე იდგა, ხოლო მისი სუბიექტური მიზნები არ შეიძლებოდა სომხეთისკენ გადახრილი ყოფილიყო.

დღეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანი აღარ არის. ისიც რუსეთის ქვეშევრდომი ქვეყანაა, რომლის ბედს და პოლიტიკას მიმართავს და განაგებს მოსკოვის მთავრობა. ამგვარად დღეს, ამ ახალი თავდასხმის დროს, სამხრეთით და აღმოსავლეთ სამხრეთით ტანზე უშუალოდ საბჭოთა რუსეთი შემოგვერტყა. ცვლილება არ მომხდარა, მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მდგომარეობა. დაღესტანი, როგორც მაშინ, ისე დღესაც იარაღით ხელში იბრძვის რუსების წინასაღმდეგ. ასე რომ ამ მხრიდან საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმა თუ შეუძლებელი არა, მეტად გაძნელებული მაინც იქნება.

სამაგიეროთ, ბევრი რამ შეიცვალა თვით საქართველოს მდგომარეობაში, ამ ორი წლის მანძილზე. მაშინ საქართველო ჯერ კიდევ დაუწყობელი სახელმწიფო იყო. დღეს საქართველო სახელმწიფოებრივად გამართული ქვეყანაა. საქართველოს სამხედრო ძალა დღეს ნამდვილი ევროპული ჯარია, რომელიც ორი წლის განმავლობაში შეუწყვეტელ ბრძოლაში იწრთობოდა და რომელსაც აფრთოვანებს მაღალი და თავდადებული პატრიოტიზმი.

მაშინ საქართველო უცნობი იყო, როგორც „დე ფაქტო“, ისე „დეიურე“. მეტიც, მაშინ ანტანტის სახელმწიფონი უნდობლობით და უარყოფითად უყურებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღესვე კი ანტანტამ იურიდიულად იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და მასთან უკვე გააბა სავაჭრო და ეკონომიურ-ფინანსური კავშირი.

საერთაშორისო თვალსაზრისით, ამ წლის 27 იანვრამდე, რუსეთისაგან განშორებული საქართველო თითქმის იგივე იყო, რაც იყო რუსეთის უღელ ქვეშ. მას თითქმის არაფერი ჰქონდა. 27 იანვრის აქეთ მან ყველაფერი ერთბაშად დაიბრუნა.

მას ყველაფერი აქვს!

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი ომი გადაიხადა, მაგრამ არც ერთ ომში იგი არ გამოსულა თავდამსხმელ მხარედ.

ასე იქნება ამ მეორე თავდასხმის დროსაც. ამაოდ ცდის თავის ბედს გაკოტრებული საბჭოთა სომხეთ-რუსეთი. საქართველოს შინაურ სიმტკიცეს ისინი ვერ გასტეხენ.

არის ერთი გარემოება, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება ამ ახალი თავდასხმით და, მაშასადამე, საქართველოს ამ ახალ მომავალი გამარჯვების დროს. ჩვენმა ჯარმა ხმლით და სისხლით საბოლოოდ უნდა გაავლოს საქართველოს საზღვარი.

უბორჩალოთ და ბორჩალოს მხრით საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის უზრუნველყოფილი. ეს ვერ გაიგო ჩვენმა მთავრობამ და მრავალი ქართველის სიცოცხლე და სისხლი, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში ბორჩალოს მიწა-წყალზე დაიღვარა, მან ვერ დააფასა სახელმწიფოებრივად და ისინი საქართველოს ვერ გაუნაღდა.

ამ დიდი შეცდომის შედეგია ის რომ, აგერ ხუთი თვეა, რაც მობილიზაციით გაწვეული დიდძალი შეიარაღებული ძალა სადარაჯოზე დგას და მისი შენახვით წელში წყდება საქართველოს ღარიბი ხაზინა. მაგრამ ამ შეუწყნარებელი შეცდომის უფრო სამწუხარო შედეგი კიდევ ის არის, რომ საქართველოზე ახალი თავდასხმა გაბედეს რა ჩვენგან ზომების მიუღებლობის გამო. ჩვენს ჯარს ზურგიდან მახვილი ჩასცეს ბორჩალოს ბოლშევიკ-რუსებმა და სომხებმა. ყველა ამის გამო ჩვენ გვიხდება კიდევ ახალ-ახალი და სრულიად ზედმეტი მსხვერპლის გაღება.

ასეთ სიბეცეს უნდა ბოლო მოეღოს!

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას